„ცენტრ პოინტის“ გაყიდვა მარტივი საქმე არ არის

„ცენტრ პოინტის“ გაყიდვა მარტივი საქმე არ არის

გაიყიდა თუ არა „ცენტრ პოინტი“ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთი კვირის წინანდელი ინფორმაცია, რომელიც დაზარალებულ ბინათმფლობელებისთვის ნუგეშის მომტანი იყო, არ დასტურდება. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეტალები 1 თვეში გახდება ცნობილი. სანამ კომპანია არ გასხვისდება, მანამდე მისი მფლობელები საპატიმროს თავს ვერ დააღწევენ.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო კომპანია „M2“-მა „ცენტრ პოინტი“ შეისყიდა, არ გამართლდა. ამ ფაქტს თავად „M2“ უარყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ცენტრ პოინტი“ არ უყიდიათ, თუმცა დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვას გეგმავენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დავით გორგილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ M2“-ს კომპანია „ცენტრ პოინტი“ არ უყიდია და არც არის დაინტერესებული მისი შესყიდვით.

„მიუხედავად ამისა, „ M2“-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. კომპანიამ საკუთარი ხედვა უკვე გააცნო, როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. თუმცა, ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ „M2“ არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პონტს“. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა გორგილაძემ.

„ცენტრ-პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი კი ამტკიცებს, რომ კომპანია ასხვისებს აქტივებს და მასთან ერთად ვალდებულებებს. კონკრეტული დეტალები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კომპანიის გაყიდვის შესახებ ინფომარცია დაახლოებით 1 კვირის წინ გავრცელდა, თუმცა, ჯერჯერობით არ დასტურდება.

„ჩვენ პირადად „ M2“-თან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თავად როგორც თქვეს, „ M2“ ამ პროექტში ერთვება სპეციფიური კუთხით, ანუ დაზარალებულების პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ ვასხვისებთ ჩვენს აქტივებს და მათთან ერთად ვალდებულებებს. გარიგების დეტალები ცოტა ხანში იქნება ცნობილი. ზუსტად „M2“ რა სახით იქნება მონაწილე და კიდევ რომელი კომპანიები იქნებიან მონაწილეები, ამას ძალიან მალე გაიგებთ. საშუამავლო კომპანიასთან გვაქვს ჩვენ კონტაქტი და ეს საშუამავლო კომპანია ელაპარაკება „ M2“-ს რეალურად.

ის კომპანია, რომელიც გადაიბარებს ჩვენს აქტივებს, გადაიბარებს ასევე ჩვენს ვალდებულებებს და იმ ვალდებულებების შესრულება ევალება სამ წელიწადში, რის გარანტიებსაც ეს კომპანია იძლევა.

ახლა მიმდინარეობს დაზარალებულებთან მოლაპარაკებები, რომ ეს სქემა გავაცნოთ, ვანახოთ, რა ვადებში რა დამთავრდება. ყველასთან უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება და ამას, ალბათ, ერთი თვე დასჭირდება“, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა, რომელმაც პარალელურად აღნიშნა, რომ „ M2“-ის შეთავაზება ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობაა.

„ჯერჯერობით არანაირ პოზიციაზე არ შევთანხმებულვართ. დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი. ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა. ასეთი ჩიხური მდგომარეობიდან ეს ერთადერთი გამოსავალია. ამ მომენტში უკეთესს ვერც ერთ მხარეს ვერ შევთავაზებთ.

კომპანია, რომელიც იყიდის „ცენტრ-პოინტს“, რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს, მაგრამ, პირველ რიგში, თავად დაზარალებულებმა უნდა გამოთქვან სურვილი მოლაპარაკებების გაგრძელებისა“, - განაცხადა რჩეულიშვილმა და დასძინა, რომ თუ ეს გარიგება დაიდება, შემდეგ, უკვე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები: მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.

შარშან თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ მფლობელები 2004-2009 წლებში 11 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში დამნაშავედ სცნო და ორივეს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომპანიის გაყიდვა და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გარიგების ერთ-ერთი პირობაა.