მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდება. დასკვნების მოსამზადებლად დეპუტატებს დრო 20 ოქტომბრამდე აქვთ, რის შემდეგაც პროექტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება პლენარულ სხდომაზე დეკემბერში იგეგმება.
„20 ოქტომბრამდე უნდა განიხილონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის კანონპროექტი. უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დასკვნები, ეს დასკვნები შემდგომ ისევ გადაეგზავნება მთავრობას, რათა უკვე გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი იქნეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2017 წელთან შედარებით იზრდება 840,8 მლნ ლარით და შეადგენს 12 298 მლნ ლარს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, აქ მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლებიდან იზრდება საგადასახადო შემოსავლები 650 მლნ ლარით და მიაღწევს 9 470.0 მლნ ლარს (მშპ-ს 23.4%) რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, ანუ ხარჯვითი ნაწილს. კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2017 წელთან შედარებით იზრდება 949 მლნ ლარით და შეადგენს 12 364,5 მლნ ლარს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პენსიების მატება გათვალისწინებული არ არის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ პენსიები 2018 წელს წარმოდგენილ მოცულობაში გაზრდილი არ არის. როგორც ირკვევა გაზრდილი თანხის დიდი ნაწილის დახარჯვას ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებში გეგმავს და დამატებით 2 მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ვალსაც იღებს. ვალის გასტუმრება ასევე სახელმწიფო ბუჯეტიდან უნდა მოხდეს.
„ვალის აღება ხდება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენი, როგორც ტურისტული პოტენციალი, ასევე სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
111 მილიონით არის გაზრდილი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, საიდანაც თანხის დიდ ნაწილი მომავალ წელსაც საყოველთაო ჯანდაცვაზე დაიხარჯება. 62 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ყველაზე მეტი 572 მილიონი კი რეგიონული განვითარების სამინისტროს დაემატება. სწორედ 2018 წელს იწყება ყველა დიდი პროექტის მშენებლობა.
მომავალ წელს მნიშვნელოვნად, 116 მილიონით არის შემცირებული ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, საერთო ჯამში 40-ზე მეტი მილიონი ლარით მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რასაც უწყებაში ფრანგული მხრიდან დაფინანსების შემცირებას უკავშირებენ. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-ს სტანდარტია, რომ თითოეულმა ქვეყანამ არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, არამედ შესყიდვებიც აწარმოოს გონივრულად, კერძოდ, შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით.
„თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს სტანდარტების შესაბამისად, შეიარაღების შესყიდვების ნაწილში დანახარჯების გაზრდას გეგმავს. კიდევ უფრო გავზრდით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც შეიარაღების შესყიდვებს უკავშირდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის თანახმად 10 მილიონით არის გაზრდილი მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება. რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 5 მილიონით დაფინანსდება.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მთავარი საფინანსო დოკუმენტი ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერც მომავალ წელს უზრუნველყოფს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის დატაცებას და საყოველთაო გაჭირვებაში ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას აგრძელებს.
„2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარმოადგინა, ავლენს 3 რამეს: ხელისუფლება ვერ გრძნობს ფასების ზრდას, ხალხის გაჭირვებას და არ ზრდის პენსიას და სოციალურ დახმარებებს; ხელისუფლება არ ამცირებს გადასახადებს, რათა კვლავ გააგრძელოს ხალხის ჯიბიდან მეტი ფულის ამოღება და პრემია-დანამატებით საკუთარი ცხოვრების მოწყობა; ხელისუფლება ბიუჯეტს ზრდის არა ეკონომიკის ზრდის ხარჯზე, არამედ ვალების აღებით, რაც ისევ ხალხის გადასახდელია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ფეხბურთზე უფრო მეტი ფული იხარჯება მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვიდრე პენსიების ზრდაზე.
„ერთი თეთრი ვერ მოიძებნა პენსიების გასაზრდელად, არ იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ბიუჯეტი, ეს არის გამოძახილი ამ ცუდი ეკონომიკური პროექტის და დაბალი ეკონომიკური ზრდის. აი, ამ ტემპით საქართველო ყოველთვის იქნება მაჩანჩალა ქვეყანა. სიღარიბე არათუ დაიძლევა, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას. მათივე შეფასებით, გაუგებარია რატომ ამბობს ხელისუფლება უარს პენსიების გაზრდაზე, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი მილიარდი ლარით იზრდება. ოპოზიციის ამ განცხადებას, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძე პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
„ჩემი აზრით, ეს წმინდა პოლიტიკურ და წინასაარჩევნო განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს. რელობა კი ის არის, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც 2017 წელს მისი წილი 24.8%-ს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ „მიმდინარე ხარჯები“ მოიცავს სამინისტროების და უწყებების ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, ე.წ. რბილ ავეჯს და ინვენტარს, სხვა საქონელს და მომსახურეობას, ანუ ე.წ. ადმინისტრაციულ ხარჯებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2018 წელს ეს ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 1.5%-ით მცირდება“, - აცხადებს კოვზანაძე.
გაზრდილი თანხის დიდი ნაწილის დახარჯვას ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებში გეგმავს და დამატებით 2 მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ვალსაც იღებს, რაც ასევე ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია. კოვზანაძე ამბობს, რომ 2018 წლისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია 1 830.0 მლნ ლარის ოდენობით, ანუ ეს სამინისტო მომავალ წელს 572.0 მლნ. ლარით მეტს დახარჯავს ვიდრე 2017 წელს.
„თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა თავისი სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მოიცავს ქვეყნის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურული განვითარების ამბიციურ პროექტებს. ეს არის მაგისტრალური გზები, შიდა-რეგიონალური საგზაო ინფრასტრუქტურა, აეროპორტების აშენება-გაფართოება და სხვა და სხვა.
ეს პროექტები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა რამოდენიმე მიზეზის გამო: ერთია ჩვენი ქვეყნის როგორც სატრანსპორტო დერეფნის და გზაჯვარედინის ფუნქციის უზრულველყოფა; მეორეა რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის ფუნქციის შესრულება; მესამეა ამ პროექტების საშუალებით რამოდენიმე ათეული ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. აქედან გამომდინარე, სოციალური ფონის გაუმჯობესება; მეოთხეა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშეწყობა და ა.შ. სწორედ ეს ამოძრავებს დღევანდელ ხელისუფლებას, როცა გამოდის ინიციატივით და მხარს უჭერს, რომ გაიზარდოს ინფრასტრუქტურული და სხვა ე.წ. მწარმოებლური ხარჯების დაფინანსება.
რაც შეეხება სახელმშიფო ვალს, ნუ დავხატავთ არასწორ და ფრაგმენტულ სურათს: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, მართალია, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იზრდება 42.9%-დან 44.8%-მდე, მაგრამ აქ შედის სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები, ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი ობლიგაციები, ევრობონდები, ე.წ. ისტორიული ვალი და ა.შ. აი, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით კი, 2018 წელს ხდება 245.3 მლნ. ლარის ოდენობის ვალის აღება და ამავდროულად 263.9 მლნ. ლარის ვალის დაფარვა. ანუ რეალურად ხდება 18.6 მლნ. ლარით ვალის შემცირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კოვზანაძემ.