უსუფაშვილის „გამოსავლის ფორმულას“ უმრავლესობა არ ეთანხმება

უსუფაშვილის „გამოსავლის ფორმულას“ უმრავლესობა არ ეთანხმება

პრეზიდენტმა 10 ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტოს, აწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არა - უმრავლესობის წინადადებით შეთავაზებული ცვლილებების ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება იგეგმება. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.

პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

ოპოზიცია დამატებით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელს ითხოვს და პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი.

როგორც ჩანს, სიტუაცია შეთანხმებისკენ ნამდვილად არ მიდის და არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ალაპარაკდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს გამოყენებაზე უარი განაცხადოს.

მისი შეფასებით, თუ პრეზიდენტის ვეტოში ასახული იქნება ოპოზიციის წინადადებები და ამას ხელისუფლება გაითვალისწინებს, ეს ქვეყანას კონსტიტუციური ჩიხიდან მეტ-ნაკლებად გამოიყვანს.

„აუცილებელია, პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საბოლოოდ შეჯერდეს, თუ რა ტიპის ვეტოთი უნდა შევიდეს პარლამენტში. სამარცხვინო და სასაცილოა, რომ გაჯიუტებული უმრავლესობა ჯერ იღებს კონსტიტუციას და შემდეგ, მეორე დღეს მიმართავს პრეზიდენტს მხოლოდ ორ საკითხზე ვეტოს დადების მოთხოვნით. ეს არის თამაში, ფარსი და ცირკი. დარწმუნებული ვარ, ამაზე პრეზიდენტი არ წავა. რამდენიმე საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, უშიშროების საბჭოს და მის კომპეტენციას, პრეზიდენტის არჩევის წესს“, - აცხადებს ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს კიდევ ერთი შანსი, დათმობით უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი ოდნავ მაინც შეამსუბუქოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე პროცესი აუცილებლად გამწვავდება და აუცილებლად გადაიყოლებს ხელისუფლებას“, - მიიჩნევს ბურჯანაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას გვთავაზობს, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის აზრით, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია.

„არსებობს ვერსია პრეზიდენტის ვეტოსი, რომლის გაზიარება უმრავლესობას შეუძლია“, - აცხადებს უსუფაშვილი და განმარტავს, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, ოპოზიციასთან, პრეზიდენტის და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა 5- პუნქტიანი პაკეტი, რომელიც, მისი განმარტებით, შეიძლება იყოს „გამოსავლის ფორმულა“.

ეს არის საარჩევნო ბლოკების დაშვება, რომელზეც უმრავლესობა თანხმობას აცხადებს და პრეზიდენტს სთავაზობს, გაიზიაროს თავის ვეტოში; ბონუსის გაუქმება პროპორციულ სისტემაში 2024 წლიდან - ამაზეც მზაობას გამოთქვამს უმრავლესობა; ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება, ოღონდ გარკვეული მოდიფიკაციით - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავდივართ. ანუ საბჭოს თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატის საქმიანობას გაუძღვება პრემიერ მინისტრი - აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მისი ადმინისტრაცია; არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებზე გადავიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს დღევანდელი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას; მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო სისტემის სხვადასხვა ვარიანტზე დიალოგის გაგრძელება საარჩევნო კოდექსის დონეზე.

დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ინიციატივა მიეწოდა ვენეციის კომისიას, რომელმაც მთლიანად გაიზიარა იგი და საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა.

„ვენეციის კომისიის აზრით, ეს არის კონსტიტუციურ პროცესში კონსენსუსის მიღწევის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა და იგი მხარეებს მოუწოდებს ამ საკითხზე შეთანხმებისკენ. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ამ პოზიციას არ ეთანხმება უმრავლესობა და როგორც უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელშიც ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მონაწილეობდა, ვერანაირი შედეგი ვერ დადო და ახლა, მათი მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის ნეგატიურად წარმოჩენა უხერხულია.

მათიკაშვილი დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციურ სპექტრს ურჩევს, საკონსტიტუციო რეფორმა სწორად შეაფასონ.

„საკონსტიტუციო პროცესი არათუ უფსკრულს აჩენს, არამედ პირიქით, ეს ის პროცესია, რომელიც იმ უფსკრულებს და დაშორებებს ავსებს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის არაფექტიური მუშაობის გამო გაჩნდა“, -  მიიჩნევს მათიკაშვილი.

მისივე შეფასებით, ეს საზოგადოების დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი პროცესია და არა, ამ პროცესის გამყოფი.

„პროექტი განხილული იყო ქვეყნის მასშტაბით და ვენეციის კომისიამ ცალსახად მოიწონა. ამ მოცემულობაში, ვინმეს მიმართ თითის გაშვერა უხერხულია, ახლა გვაქვს ასეთი ვითარება, მთელი ოპოზიციური ფლანგი არის კონსტიტუციურ ჩიხში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.