პრეზიდენტი ვენეციის კომისიას ელოდება, უმრავლესობა პრეზიდენტს

პრეზიდენტი ვენეციის კომისიას ელოდება, უმრავლესობა პრეზიდენტს

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას დღეს დაამტკიცებს. პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს. მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

სწორედ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ ისარგებლებს გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებით. იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო, პრეზიდენტს 10 სამუშაო დღე აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციები შედეგს გამოიღებს, თუმცა აცხადებენ, რომ მათი პრინციპული პოზიცია უცვლელია. მმართველი გუნდისთვის მისაღები კვლავ მხოლოდ ორი საარჩევნო საკითხის ცვლილებაა. საუბარია შეთავაზებაზე, რომელიც ბარიერის 3%-მდე დაწევას, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვებასა და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლას ეხება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ვეტოს მხოლოდ ამ მიმართულებით ელოდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვეტო იქნება მხოლოდ ორ რეგულაციაზე დადებული.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ის შეთავაზება, რაც იქნა გაკეთებული, ის შეთანხმება, რაც ვენეციის კომისიასთან და საზოგადოებასთან მოხდა, აუცილებლად იქნება შესრულებული ან ახლავე, ვეტოს მეშვეობით, ან მალე, როგორც ეს კანონით და პროცედურით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ჩვენ გაგვაჩნია პოზიტიური მოლოდინი ვენეციის კომისიისგან და ვთვლით, რომ კომისია უკვე დიდი ხანია აკვირდება საქართველოში კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.

კომისიამ იცის ის განწყობები, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლებებს გააჩნდა კონსტიტუციასთან მიმართებაში და ცალსახად ხედავს იმ განწყობას, იმ კონკრეტული ჩანაწერების სახით, რაც გაკეთდა კონსტიტუციურ პროექტში. კომისია ხედავს, რომ ამ გზით მიმავალი ხელისუფლება მეტი დემოკრატიის და განვითარების მომხრეა, ამიტომ ვთვლი, რომ დასკვნა იქნება პოზიტიური“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის დამტკიცებამდე საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა.

კერძოდ, უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს. პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს.

„ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება: ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან დამატებითი კონსულტაციისთვის მზად არის პრეზიდენტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის და პრეზიდენტის არჩევის საკითხი პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს ასახული.

„იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესის დემოკრატიულად წარმართვა, მთავარ საკითხებად რჩება პროპორციული სისტემის და პრეზიდენტის არჩევის საკითხები. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ეს ორი ფუნდამენტურად მნიშვნელივანი საკითხი ასახული უნდა იყოს პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევერი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პირველ პირთან შეაჯერეს ერთობლივი პოზიცია, რომლითაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიაზე წარსდგება. თუმცა რა პოზიციაა ეს, ოპოზიციური პარტიები არ აკონკრეტებენ.

„რა პოზიციაა, მოდით ხვალისთვის დაველოდოთ და შესაბამისად გაჟღერებული იქნება ვენეციის კომისიის სხდომაზე. თავის მხრივ ევროპული საქართველო რჩება თავის პოზიციაზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდა, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მთავარი პრინციპული საკითხი - 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, უცვლელი დარჩება.

„ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, მაგრამ არა პრინციპების ხარჯზე. ეს დაფიქსირდება სწორედ ვენეციის კომისიასთან. ამ ახალ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. მთავარია, ერთიანობა და პრინციპულობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.