„ე.წ. ალანიის ეპარქიისთვის ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ ავტონომიის სტატუსის მინიჭება არაფერს ნიშნავს“

„ე.წ. ალანიის ეპარქიისთვის ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ ავტონომიის სტატუსის მინიჭება არაფერს ნიშნავს“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიაში ზარზეიმით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნულმა მართლმადიდებელმა ანტიეკუმენისტურმა სინოდმა ე.წ. ალანიის ეპარქიას ავტონომიური სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრად ითვლება. თუმცა რუსული ოკუპაციის შემდეგ მასში საეკლესიო სამართლის დარღვევით, სქიზმატური ეკლესია მოქმედებს.

დე ფაქტო რეგიონში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. „ალანიის ეპისკოპოსმა“ ამბროსი მეთონელმა განაცხადა, რომ, თუ ადრე ეპარქია ევქარისტულად და ადმინისტრაციულად ბერძნული ანტიეკუმენისტური მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდს ემორჩილებოდა, ამიერიდან არც ერთ უცხოურ სტრუქტურას აღარ მიეკუთვნება და „სახელმწიფო ეკლესიამ“ ავტონომიურობისა და თვითმმართველის სტატუსი მოიპოვა. გარდა ამისა, მიღებულია დე ფაქტო ეპარქიის წესდება, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ თვითმარქვია ეპისკოპოსი ამბროსი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მფარგველობით სარგებლობს. რაც შეეხება ე.წ. ალანიის ეპარქიის მიერ ავტონომიურობის სტატუსის მინიჭებას, ქართული მხარე ამ ფაქტს პოლიტიკური სეპარატიზმიდან რელიგიურ მწვალებლობამდე გადასვლად აფასებს.

მართალია, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურად დე ფაქტო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ამ ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობს, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონში ხშირად ხდება ქართული ეკლესია-მონასტრების დაზიანება და ქართული კვალის წაშლა.

რას ნიშნავს ე.წ. ალანიის ეპარქიისთვის ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ ავტონომიის სტატუსის მინიჭება?!

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანტიეკუმენისტური ე.წ. სინოდები უამრავია და ოფიციალურ მართლმადიდებლურ სამყაროში არანაირი კანონიკური მნიშვნელობა, ძალა მათ არ აქვთ. ისინი არიან გარკვეულ განხეთქილებაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ მართლმადიდებლებს, ან ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს, მაგრამ ავტოკეფალური ეკლესიების ერთობას, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, მათთან კავშირი არ აქვს. მათ სინოდს არათუ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, არც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, არც ელადის, არც მსოფლიო საპატრიარქო სათვალავში არ იღებს.

„ე.წ. ალანიის ეპარქიისთვის ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ ავტონომიის სტატუსის მინიჭებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, შეიძლება, ამას ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდეს. სხვათა შორის, ასეთი ანტიეკუმენისტური ჯგუფები საქართველოშიც არიან, მაგრამ მათ თითქმის არავინ იცნობს. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ალანიის ეპარქიისთვის ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ ავტონომიის სტატუსის მინიჭება არაფერია. მთავარია, მათ რუსეთისა და საბერძნეთის საპატრიარქოებმა არ მიანიჭონ ავტონომია“,-აღნიშნა ლევან აბაშიძემ და ე.წ. „ალანიის ეპისკოპოს“ ამბროსი მეთონელის პერსონასაც გამოეხმაურა.

თეოლოგის თქმით, მეთონელსაც არავითარი წონა არ აქვს. ასე, დანარჩენ საქართველოსაც ჰყავს ეპისკოპოსები, ანტიეკუმენისტური სინოდიდან. უფრო მეტიც, ნებისმიერ პირს შეუძლია ჩამოაყალიბოს ეკლესია, თავი გამოაცხადოს პატრიარქად, დანიშნოს ეპისკოპოსები, გაიჩინოს რამდენიმე მიმდევარი და, ვისაც უნდა, ჩამოურიგოს ე.წ. ავტონომია.

ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის წაშლასთან დაკავშირებით კი, ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ ჩვენ ერთი ეკლესია გვქონდა, სადაც ქართველიც დადიოდა, ოსიც და ყველანი ქართულად ლოცულობდნენ. ეს ეკლესია არ ყოფილა მარტო ჩვენი, ანუ ეთნიკური ქართველების, ის ეთნიკური ოსების ეკლესიაც იყო.

„ახლა ოსები საკუთარ ისტორიასა და ტრადიციას ებრძვიან, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით ყოველთვის, ეკლესიურადაც და ხშირად პოლიტიკურადაც. მაგალითად, როდესაც ორბელიანი ამბობს, „თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი“, იმ ჩამონათვალში იმერელიც არის, ქართველიც და ოსიც, ანუ მათ არ ასხვავებს ერთმანეთისგან. ამდენად, ცხინვალის ეკლესიაში არსებული ქართული წარწერები ოსების წარწერებიცაა და ქართული სალოცავი ენა მათი ენა იყო ყოველთვის წარსულში. კი ბატონო, ახლა ოსურად ილოცონ, მაგრამ ყველანი უნდა მიხვდნენ, რომ მტრობას კარგი არაფერი მოაქვს“.

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ-საქართველოს“ ხელმძღვანელ ლევან გერაძეს არ უკვირს ე.წ. ალანიის ეპარქიისთვის ე.წ. ავტონომიის სტატუსის მინიჭება ანტიეკუმენისტური სინოდის მიერ. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას და ვერ ვახერხებთ, იქ წესრიგი დამყარდეს.

„საბერძნეთში ბევრი ეკლესიაა, რომელიც ოფიციალური ეკლესიისაგან განსხვავებით, თავს უფლებას აძლევს, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც საერთო კანონიკურ წესებს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, რომელიღაც ერთ-ერთი საეკლესიო დაჯგუფების მიერ ცხინვალის საეკლესიო წარმონაქმნის აღიარება დიდი საფრთხის მქონე არ შეიძლება იყოს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ისე ქართული ეკლესიის მმართველობისთვის. ყოველთვის შეიძლება, იპოვონ ისეთი რელიგიურ-ეკლესიური ძალები, რომელთა დახმარებითაც საკუთარი ინტერესების გატარებას შეძლებენ. თუმცა ეს ძალები არ არის აღიარებული საერთაშორისო სტრუქტურების მიერ“,-აცხადებს ლევან გერაძე.

მისივე განმარტებით, ქართული ეკლესიების კვალის მოსპობა ახალი თემა არ არის და ეს პრობლემაც დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. სამწუხაროდ, ახლო მომავალში ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა, თუკი გააქტიურდება ქმედებები, მათ შორის, რელიგიური მიმართულებითაც, გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება.