სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. სააგენტო „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილებოდა.
საქართველოს საგარეო უწყებამ ეს ქმედება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა.
„ჩვენი საგარეო კურსი არის მტკიცე და მიმართულია დასავლურ ოჯახში ინტეგრაციისკენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას.
„ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ საქართველოს განვითარების მომენტს იმ პროცესამდე, სანამ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, მართალია, სირიაში აფხაზები ცხოვრობენ, მაგრამ ეს ის მასა არ არის, რომელიც გავლენის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნებოდა, რათა სირიას აფხაზეთთან დასაახლოებლად პროცედურები დაეწყო.
„როგორ ჩანს, ეს რუსეთის მოთხოვნით მოხდა. იმის ალბათობა, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს არეშიძე.
რა გეგმები აქვს რუსეთს და რაში დასჭირდა აფხაზეთისა და სირიის დაახლოება, ამ თემის შეფასება ექსპერტ, ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ.
ვახტანგ მაისაია: აფხაზეთში არიან თავმოყრილი ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, თავის დროზე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სირიის მოვლენებში. მეტსაც გეტყვით, სირიის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა 30-კაციან სირიელი მეომრების ჯგუფს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და ფინანსურ დახმარებასა და შეიარაღებასაც ღებულობდნენ სირიიდან. ეს მოხდა ძირითადად დამასკოსა და მოსკოვის ურთიერთობების საფუძველზე - სირიელი მებრძოლები ეხმარებოდნენ აფხაზ სეპარატისტებს.
ომის შემდეგ აფხაზეთში სირიული, ჩერქეზული და საერთოდ, აღმოსავლეთ დიასპორების წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ეს ვიზიტიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ მათი განსახლება-განთავსება, კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი წარმომადგენლობა და გარკვეული ეთნიკური ბალანსი დამყარდეს.
მოგეხსენებათ, დღევანდელი აფხაზები განიცდიან შეშფოთებას, რომ მათი ეროვნული ბალანსი ირღვევა სხვა ეთნიკური ჯგუფების ხარჯზე.
როგორც ჩანს, მიზანია, სირიაში მცხოვრები ჩერქეზული წარმოშობის ადამიანები დაასახლონ აფხაზეთში, ანუ მშობლიურ მიწაზე. ეს არის რეიმიგრაციის მცდელობა, რომ მოხდეს ეთნიკური ბალანსის გაწონანწორება, დღეს არსებული დეფიციტის ამოვსება და პროფიციტის მიღწევა.
თუ აფხაზები ასეთ საფრთხეებს ხედავენ, არალოგიკურია, რომ აგვისტოში თავად იმყოფებოდნენ სირიაში ვიზიტით. თუმცა, ბუნებრივია, ესეც არ მოხდებოდა რუსეთის ჩარევის გარეშე...
- ეს ვიზიტები მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა, პოლიტიკა კი ასეთია - სირიიდან ადიღეური წარმომავლობის ადამიანების ჩამოსახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე - რა თქმა უნდა, კრემლი ამ გეგმას ახორციელებს და ბუნებრივია, რომ მოკავშირე ასადის რეჟიმიც ამაში ყველანაირად ხელს შეუწყობს.
ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საბოლოო მიზანია, სირიის მსგავსად, შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად აქციოს რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორია?
- აფხაზეთს ისედაც აკონტროლებს, მაგრამ კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ და სირიულ გავლენას, ამით კიდევ უფრო მეტად შეკრავს დამასკოსა და მოსკოვის კავშირს. მოგეხსენებათ, რომ დღეს ყირიმიდან ხდება სირიის სამხედრო კონტიგენტის დახმარება. იქიდან ჩადის იარაღი და აქ არის განთავსებული მთავარი სამხედრო ბაზა, საიდანაც მარაგდება სირიაში განთავსებული რუსული სამხედრო ძალები. როგორც ჩანს, ახლა აპირებენ აფხაზეთის ტერიტორიაზეც გაავრცელონ ეს „პრივილეგია“.
შესაძლებელია, ეს უკავშირდებოდეს საქართველოში ნატო-ს გაფართოებას? ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინ პუტინი აცხადებდა, რომ საქართველოში ნატო-ს ასე ფართოდ წარმოდგენა მის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს...
- ესეც ერთგვარი, ასიმეტრიული პასუხი შეიძლება იყოს პუტინის მხრიდან. სამაგიეროდ, ახლა აფხაზურ-რუსულ-სირიული ალიანსი იკვრება ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ - ასეც შეიძლება აღვიქვათ - ესეც გეოპოლიტიკური გათვლების გარკვეული შედეგია.
რუსეთის უშიშროების სამსახური საუბრობს ახალი ტერორისტული ქსელის შექმნაზე, რომელიც იქნება ისლამური სახელმწიფოს ალტერნატივა, რაკი ეს უკანასკნელი ვერ შედგა. შესაძლებელია, რომ აფხაზეთი რუსეთმა ანტიტერორისტულ ცენტრად გამოაცხადოს და კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სამხედრო აქტივობა ამ ტერიტორიაზე?
- რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი ისედაც აქტიურია აფხაზეთში და ეს გამყარებულია დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებების ხელშეკრულებით, ყოველგვარი გეოპოლიტიკური ინსინუაციების გარეშე. რუსეთის ინტერესებში ეს ისედაც შედის.
გარდა იმისა, რომ ეს არის აფხაზეთის საქართველოსგან საბოლოო ჩამოშორების მორიგი მცდელობა, სირიის კონფლიქტთან აფხაზეთის უშუალოდ მიბმა ხდება. რუსეთი გამოიყენებს აფხაზეთის ტერიტორიას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ლოჯისტიკურ ცენტრად. ანუ ყირიმის ფუნქციას გააფართოებს აფხაზეთის ჩათვლით.
როგორც ჩანს, ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა და სადამდე მივა, ჯერ რთულია ლაპარაკი, მაგრამ რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ სტრატეგიას?
- ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ნატო-ს რაც შეეხება და დასავლეთს, არის სანქციები და უფრო მეტის გაკეთება არ შეიძლება. რუსეთი თვითონ სირიაშიც კი არად დაგიდევთ დასავლეთის ქვეყნებს და ამერიკელების დაჯგუფებებს ისე ბომბავს, როგორც მოესურვება - იმდენად თავხედურად იქცევა, ძნელია ამას ცივილიზებული მეთოდები დაუპირისპირო.
ჩვენზე საუბარი საერთოდ არ არის, ერთადერთი, შეშფოთება შეგვიძლია გამოვხატოთ და ამასაც სათანადოდ არ ვაკეთებთ. სხვა რესურსი კი არც გაგვაჩნია.