ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაბარებული არიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები. ასევე, შესაძლოა, პროკურატურაში იმ მედია-საშუალების წარმომადგებლებიც დაკითხონ, რომლებმაც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის დახურული სასამართლო პროცესების დეტალები გაასაჯაროვეს. თუმცა, პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლები წყაროს დასახელებას არ აპირებენ.
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესსზე მიღებული ჩვენებები თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასაჯაროვდა. გასაჯაროვდა, როგორც პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები, ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. მათ შორის - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილის ჩვენება, რომელიც დახურულ სასამართლო პროცესზე მისცა. ჩვენებაში ოხანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სანამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დააკავებდნენ, მანამდე უთხრა, რომ მას ციანიდი აღმოუჩინეს.
„10 თებერვალი თენდებოდა, დაახლოებით 9 საათი იყო დაწყებული, იმიტომ, რომ როცა ანზორ ჩუბინიძე შემოვიდა ოთახში მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გარეთ გავსულიყავი. საათს დავხედე, სადღაც 9-ის წუთები იყო. მე გავედი გარეთ, მოვწესრიგდები და გამოვალ-მეთქი. გავედი გარეთ და დავინახე მასთან ერთად 5 დაცვის თანამშრომელი, ყველას ვიცნობდი, ერთ-ერთი იყო პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ჯაბა გამჯაშვილი.
ესენი ისე იდგნენ და განაწილებულები ისე იყვნენ, რომ მე წარმოვიდგინე აყვანის ოპერაციას ატარებდნენ. გერმანელი ექიმი მოვიდა და თქვა - ვინმეს იჭერთ? ხომ გთხოვეთ, რომ აქ არავინ იყოსო? მე ვუთხარი: დიდი ბოდიში, მივხედავ ყველაფერს. შემდეგ დავსხედით იქვე მაგიდაზე, ჩემს წინ იჯდა სოსო ელიზბარაშვილი, დიაგონალზე ანზორ ჩუბინიძე და ჩემ მარჯვნივ ჯაბა გამჯაშვილი.
მე ვიფიქრე პრემიერი ჩამოდის და წინასწარ იყვნენ ჩამოსულები. ვკითხე, რა ხდება ანზორ, მშვიდობაა? მითხრა, რომ საშინელება მოხდა. მღვდელი დავაკავეთ აეროპორტში. როდესაც ვკითხე, ვინ მღვდელი დააკავეთ, სახელი, გვარი? - მითხრა, რომ გვარს ვერ ვიხსენებ, მაგას გავიგებთ არ არის პრობლემაო“, - ამბობს სოსო ოხანაშვილი.
მოგვიანებით კი, „რუსთავი 2“- მა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენება გაავრცელა. შორენა თეთრუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. ილია მეორის სურვილი იყო ბათუმის ეპარქიიდან მღვდელი თბილისში გადმოეყვანა. თავიდან გიორგი მამალაძეს სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა. შორენა თეთრუაშვილი ყვება, რომ მამა გიორგი მამალაძის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ილია მეორეს შესთავაზა.
თეთრუაშვილმა სასამართლო დარბაზში აღიარა, რომ ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა და საპატრიარქოში აღარ მიდიოდა. ქორეპისკოპოსი პატრიარქის დაცვის სამსახურის მაშინდელ უფროსს, სოსო ოხანაშვილს, დაუპირისპირდა.
პროკურატურა ეჭვობს, რომ დახურულ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები მედიას მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მისცა, ის ერთ-ერთია მამალაძის ადვოკატებს შორის, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი არ აქვს მოწერილი. როგორც რამიშვილი აცხადებს, პროკურატურა დაინტერესდა ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო წყარო.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაიკითხება ყველა პირი, მათ შორის პროკურორები, ასევე ჟურნალისტები. ასევე, საქმის გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. მიხეილ რამიშვილმა დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებთ მოითხოვა და პროკურატურის შენობა დატოვა.
„კითხვები ეხებოდა, თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ჩვენებებთან, მე ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი ეხება - თუ ვის შეეძლო აღნიშნული ინფორმაციები მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლება ყოფილიყო წყარო. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში, უკეთესია. ამ მიზეზით მოვითხოვე გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდათ ხელი ამ ჩანაწერებზე. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები საპატრიარქომ გაავრცელა.
„ძალიან ბევრი შუამავალი იყო გამოყენებული. არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ჩანაწერებზე, ეს არ არის გამორიცხული, რადგან მოგეხსენებათ, ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ ბრალდების და გარკვეული პირები საპატრიარქოდან.
არიან აგრეთვე საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილის მეგობრები, რომლებიც წინასწარ ასაჯაროვებდნენ გარკვეულ მოვლენებს და ასევე ოქროს მოწმე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ძალოვან უწყებებთან. მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია ვინ გაავრცელა ეს მასალები“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
დაკითხვაზეა ასევე დაბარებული მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელსაც რამიშვილის მსგავსად ხელი მოწერილი აქვს საქმის გაუთქმელობაზე. იგი აცხადებს, რომ პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს დეკანოზის ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროების საქმეზე და ამ დროს, დაკითხვაზე არ არის დაბარებული არც ერთი პრკურორი. ფანცულაია ადვოკატების პროკურატურაში დაბარებას შორენა თეთრუაშვილს და მეუფე იაკობს უკავშირებს:
„დაკითხეს საქმის პროკურორები? იქნებ მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა გაასაჯაროვა, ან იქნებ მისმა თანაშემწემ? ან იქნებ ბადრაგმა? რატომ მაინცდამაინც ჩვენ? მაგრამ როგორც კი შორენა თეთრუაშვილი და რაც მთავარია, მეუფე იაკობი ამოტივტივდა, რომელიც პირდაპირ დაკავშრებული პირია სოსო გოგაშვილთან, ეტყობა, ერთი ზარი დასჭირდა მეუფე იაკობის სოსო გოგაშვილს, რომ დღეს ჩვენ დაბარებული ვყოფილიყავით პროკურატურაში“, - აცხადებს გიორგი ფანცუალაია.