საქართველო აქტიურად ემზადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა. სამიტზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები.
სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებული სამიტი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის საკითხი. ლიდერები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, რომელსაც პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოც ელოდება. სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან გამომდინარე, საქართველო ელოდება მკაფიო გზავნილებს ქვეყნის ევროპული მისწრაფების თაობაზე, რადგან ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს გერმანიას, როგორც თავმჯდომარე ქვეყნას. უკვე ცნობილია, რომ გერმანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს მხარს დაუჭერს.
თუმცა, „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ „ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი სამიტის შესახებ იმსჯელეს. მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში გაგრძელდება, თუმცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების საკითხში პრობლემები ისევ რჩება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში ვიქტორ დოლიძემ და პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის, ასევე, წესების დარღვევის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ საქართველო არის რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყანა.
„გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, როგორიც არის რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა“, - აღნიშნა ვიქტრო დოლიძემ.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, სამიტი არის შესაძლებლობა, რომ გავარკვიოთ ევროკავშირის ხედვა შემდეგი ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორების და მათ შორის საქართველოს მიმართ.
როგორც ხულორდავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტთან, რომელიც სამიტის წინ ასევე ამზადებს რეზოლუციას, რომლითაც მიმართავს ევროკავშირის საბჭოს და პარლამენტის პოზიციას გააცნობს.
როგორც ხულორდავა აცხადებს, საქართველოსთვის ამ სამიტის შედეგი იქნება ის, რომ ევროკავშირმა გამოთქვას მზადყოფნა, შექმნას ახალი ინსტრუმენტი - ფინანსური დახმარების მექანიზმი ასოცირირებული ქვეყნებისთვის და ეს მექანიზმი უფრო მეტად უნდა იყოს შესაბამისობაში იმ ამბიციურ გეგმებთან, რასაც ერთობლივად ვისახავთ ერთი მხრივ, ასოცირებული პარტნიორები და მეორე მხრივ - ევროკავშირი.
„ჩვენ, სამი პარალამენტის - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარებმა, ერთობლივად მივმართეთ ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე - წევრ სახელმწიფოებს, სადაც დაფიქსირდა ჩვენი გეგმები, ამბიცია, მოწოდება და სურვილი, რომ ევროკავშირი იყოს ღია, რომელიც მზად არის შემდგომი ნაბიჯები გადადგას ჩვენთან ურთიერთობაში. გერმანიის როლი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში. გერმანიას აქვს უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის და მათ შორის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. შესაბამისად, ამ გზაზე გერმანიის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ხულორდავამ.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირში 2019 წლის მარტამდე 27 ქვეყანა იქნება და მომდევნო 5 წელს 27-ზე მეტი. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, მაგრამ ამ დროისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატები არიან: ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.
მაშ ასე, 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება. შესაბამისად, ანალიტიკოსების განცხადებით მომდევნო 5 საქართველომ უნდა გამოიყენოს პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციებისთვის და მომავალი წევრობის მოსამზადებლად. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ეს პერიოდი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ევროკავშირის მომავალი წევრობისთვის განაცხადი გააკეთოს. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა გავითავისოთ ის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება კონსტიტუციური ლიბერალიზმი გვქონდეს ქვეყანაში.
„რაც შეეხება სამიტს, ევროპას არასოდეს არ განუცხადებია, რომ ახალ წევრებს არ მიიღებს. პრინციპი, ჩვენი კარი ღიაა - ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული, მთავარია მზად ვიყოთ და ეს 5 წელი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რეფორმები გავაგრძელოთ, რაც აუცილებელია, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი ამაში ძალიან დიდია.
ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ის, ვართ თუ არა ჩვენ მზად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოვა დრო, როდესაც გაგვიჩნდება ისტორიული ფანჯარა, ისევე როგორც თავის დროზე ბალტიისპირეთს, რომელმაც გამოიყენა რუსეთის სისუსტე, ჩაატარა რეფორმები და როგორც კი, გამოჩნდა ისტორიული ფანჯარა, გახდა დასავლეთის ოჯახის წევრი.
ამიტომ, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოქმედებთ. მომავალი პერიოდი აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთ დასავლეთში, ევროკავშირის ქვეყნებთან და მაქსიმალურად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც აქვს ამ ქვეყნებს. მთავარია რას მოვითხოვთ და ვიქნებით თუ არა ამბიციურები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის, თამარ კიკნაძის განცხადებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან მუშაობს.
„მაგრამ რაც შეეხება გაწვერიანებას, არ ველოდები. თვითონ ევროკავშირში არის სერიოზული ცვლილებების დრო. დეზინტეგრაციული პროცესები უფრო არის, ვიდრე ინტეგრაციული. ძალიან კარგია დასავლეთისკენ და ევროპისკენ სწრაფვა, ევროპული ინსტიტუტების მშენებლობა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს თვითმიზანი. შეგვიძლია ვაშენოთ ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც დასავლეთისთვის არის დამახასიათებელი.
მაგრამ საერთოდ კრიტიკულად ვუყურებ ამ აკვიატებულ თემას, რასაც ჰქვია ევროკვაშირში და ნატოში გაწევრიანება. უნდა გავითვალისწინოთ იქ რა პროცესებიც მიდის. ჩემთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ის პრეფერენციები გვაქვს, რაც ევროკავშირისთვის არის - უვიზო მიმოსვლა, პრეფერენცია ვაჭრობაში, ეს კარგია, მაგრამ მოდით კონცენტრაცია გავაკეთოთ შიდა მშენებლობაზე და ის პროცესები რაც წავა, თავისთავად წავიდეს.
რასაც ვხედავ, ევროკავშირის პოლიტიკა რეფორმირებას მოითხოვს. შეიძლება ამ სამიტზეც რაღაცა შეთავაზება იყოს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მკვეთრი პროდასავლური კურსი აქვს. სხვათა შორის გერმანიაც და ევროკავშირიც შეიძლება გამოგვადგეს რუსეთთან დიალოგის კუთხით. ამ ჭრილში ძალიან დადებითად ვუყურებ ევროკავშირის როლს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.