„აფხაზები ავრცელებენ, თითქოს ქართველები მათ ბუნებას შეესივნენ და ზარალი მიაყენეს“

„აფხაზები ავრცელებენ, თითქოს ქართველები მათ ბუნებას შეესივნენ და ზარალი მიაყენეს“

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა მიიჩნევს, რომ არის ისეთი ეკოლოგიური საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა. For.ge თემურ ვეკუას ესაუბრა.

პროფესორის განსაკუთრებულ წუხილს აფხაზების მიერ სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარმოადგენს, თითქოს აფხაზები დასაბამიდან გარემოს დამცველები არიან, ქართველები კი, ეს ველური ხალხი შეესია მათ ბუნებას და ეკოლოგიური სახის ზიანი მიაყენა. თემურ ვეკუას ინფორმაციით, ამ ტიპის გზავნილებს აფხაზები უკვე წლების განმავლობაში ავრცელებენ, მაგრამ ამის საპასუხოდ ქართული მხარე დუმს.

„გამუდმებით წერენ აფხაზეთის ომის ეკოლოგიურ შედეგებზე, ითვლიან ზარალს და ყველაფერ ამას აბრალებენ ქართველებს. თუკი მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა ჩვენ გვიჭერს მხარს, თუკი ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, მაშინ ასეთ მცდარ ინფორმაციაზე რეაგირება უნდა მოვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას. ეს საკითხი ჩვენი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. პირიქით, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მონიტორინგი, თუ რა მოხდა აფხაზეთის ომის შემდეგ, რა ხდება აფხაზეთში დღევანდელ პირობებში, რა რესურსები გადის ამ ტერიტორიიდან, მათ შორის, როგორი უნიკალური და ენდემური ჯიშის ხეები, ასევე, სხვა რესურსები. თუ ეს ჩვენი სიმდიდრეა, რატომ არ ხდება ამაზე რეაგირება, რომ აფხაზეთი საქართველოს შამადგენელი ნაწილია და იქიდან ხდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განადგურება?!“, - აცხადებს თემურ ვეკუა.

მისივე თქმით, თავის დროზე მას რამდენიმე კომპანიის მონაცემი გააჩნდა, რომლებიც აფხაზეთიდან ხეებს ყიდდნენ. ეს ინფორმაცია დამალული არც ყოფილა და გამოქვეყნებული გახლდათ ბიზნესსაიტებზე. თემურ ვეკუა იმასაც იხსენებს, რომ ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში დარეკა მითითებულ ტელეფონის ნომერზე და მის წარმომადგენელს ჰკითხა, რა უფლებით ყიდდა საქართველოს რესურსებს? პასუხად მიიღო, რა შუაშია საქართველო, ჩვენ გვაქვს აფხაზეთის, რუსეთის, უკრაინის ფირმებთან ხელშეკრულება დადებული, ჩვენ ვართ აფხაზური ფირმის პარტნიორი კომპანია და ყველანაირი უფლება გვაქვს, ეს რესურსები გავიტანოთო. მაშინ საუბარი შედგა 600 კუბი წიფელის გატანაზე. თუმცა ეკოლოგი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთიდან გაჰქონდეთ სხვა ჯიშის ხეებიც.

ამავე კონტექსტში ეკოლოგის უკმაყოფილებას იმსახურებს დე ფაქტო აფხაზეთის გარემოს დაცვის სპეციალისტის, თავის დროზე ამ ტერიტორიის ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარის მიერ დაწერილი სტატიები, პასკვილები, სადაც დბარი აფხაზეთის ომის შედეგებს და ეკოლოგიურ ნეგატიურ მოვლენებს მთლიანად ქართველებს აბრალებს. იგი წერს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული აფხაზები არიან ბუნების დამცველები, ხოლო ქართველები ეს არის ველური ხალხი, რომელმაც გაანადგურა აფხაზური ბუნება, გააფუჭა ყველაფერი. თემურ ვეკუას მიაჩნია, რომ რომან დბარის ნათქვამს სერიოზული ფასი არ აქვს, მაგრამ ამაზე მაინც უნდა რეაგირებდნენ არა მხოლოდ ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები, არამედ არასამთავრობოებიც. უფრო მეტიც, თავის დროზე უნდა გაეცათ პასუხი და, საერთოდაც, უნდა მომხდარიყო ასეთი პუბლიკაციების მონიტორინგი. მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვა და ეკოლოგია ყველა ქვეყნის საზრუნავია და მას საზღვრები არ აქვს.

„არავითარი ბიზნესინტერესი არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის მიმართ, გარდა ბუნებრივი რესურსებისა, როგორიცაა ხე-ტყე, ნახშირი ტყვარჩელიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე, თუთუნი. ვერ ვიტყვი, რომ აფხაზეთი ამით მაინცდამაინც მდიდარია. სხვათა შორის, აფხაზეთისა და მთელი საქართველოს ბუნებრივი რესურსების აღწერა კარგად აქვს გადმოცემული პროფესორ ავთო თვალჭრელიძეს თავის წიგნში. აფხაზეთში მოიპოვება მარმარილოც, შეიძლება, ძალზე მდიდარი ამ ბუნებრივი რესურსით არ იყოს, მაგრამ ეს რესურსიც მოთხოვნადია სხვადასხვა ბაზარზე, განსაკუთრებით, თურქეთის, სპარსეთის ბაზრებზე. აფხაზეთი არც არაფერს აწარმოებს და ეს ფარული ბიზნესკავშირები საქართველოს გზის ავლით ხორციელდება. საერთოდ, აღმოსავლეთის ქვეყნები ბიზნესსა და ყველა საქმიანობაში ძალზე ცბიერი მოქმედების არიან. აფხაზებს კი მხოლოდ რუსების დახმარება არ ჰყოფნით. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი მათი ხელფასებისთვის არასაკმარისია. იქ საბაჟო კონტროლი არ ხდება და ახლა არ ვიცი, რუსული ოკუპაციის შემდეგ შეამცირა თუ არა რუსეთმა აფხაზეთიდან ბუნებრივი რესურსების გატანა. თუმცა რუსებიც ბიზნესმენები არიან და, თუ თურქი იყიდის აფხაზეთიდან რესურსებს, რუსი რატომ შეუშლის ხელს, თუკი მოგებას ნახავს?!“ - აცხადებს თემურ ვეკუა.

გარდა ამისა, ეკოლოგი საქართველოს ღირსების საკითხს უკავშირებს სომხეთის ატომური სადგურის პროლემასაც. მისი თქმით, ამ სადგურის გაუქმება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედის და ჩვენი ქვეყნის უშიშროებას, რისკების აცილებას უკავშირდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ სომხები აღიარებენ, ამ სადგურის ექსპლუატაციის რესურსი დამთავრებულიაო, ცხადია, ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, პირველ რიგში, სომხეთისთვის, ხოლო შემდეგ-საქართველოსთვის. სულ რაღაც რამდენიმე საათში, თუ იქ დროული სალიკვიდაციო სამუშაოები არ ჩატარდა, თბილისი დაფარული იქნება ატომური ფერფლით და უბედურება მოხდება.

„არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ წმინდა ეკოლოგიური მიზნით უნდა გავერკვეთ ამ საკითხში, არის თუ არა ეს რეაქტორი ექსპლუატაციისთვის გამოსადეგი. ცხადია, ყველას გვესმის, თუ ის ჩააქრეს, სომხეთი შუქის გარეშე დარჩება. არის კიდევ სხვა თემებიც, რომლებიც სახელმწიფოს ღირსებას უკავშირდება. თავის დროზე ყურადღება არ მივაქციეთ ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. არადა, ჩვენ ვიყავით ისეთ ადგილას, სადაც შემოვიდა იზოტოპები-იოდი, სტრონციუმი. სწორედ ჩერნობილია ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სერიოზულად გაიზარდა ჩიყვის დაავადებები საქართველოში, რაც იოდის იზოტოპებითაა გამოწვეული. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს გაგზავნილი ჰყავდა იქ ე.წ. ლიკვიდატორები, რომლებმაც ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში მიიღეს მონაწილეობა და, შესაბამისად, დასხივდნენ კიდეც. ამიტომ ჩერნობილის ავარიის შემდეგ საქართველოსაც უნდა მოეთხოვა კომპენსაცია. არ ვიცი, ახლა დაგვიანებულია თუ არა ეს მოთხოვნა“.