ჯერ კიდევ 2016 წელს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები საქართველოს ესტუმრნენ და რომანტიკული ტრილერის „Machine“-ს გადაღებას შეუდგნენ. იმ პერიოდში ჩვენი მთავრობა ელოდა, რომ ინდური ფილმის გადაღებებს ამერიკული და ქართულ-გერმანული კინოპროდუქციაც მოჰყვებოდა და სიტყვა „ბოლივუდს“ „ჰოლივუდი“ ჩაანაცვლებდა.
მართლაც ასე მოხდა და მიმდინარე წლის 22-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ჰოლივუდის მენეჯერები და პროდიუსერები ეწვივნენ. მათი მიზანია კინოგადაღებების კუთხით საქართველოს პოტენციალის შესწავლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ამერიკელ მენეჯერებს ისეთ ფილმებზე უმუშავიათ, როგორიცაა „Pretty Women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, „Shutter Island“, „The Aviator“, „Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull“…
ერთი კვირის განმავლობაში ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლები ბათუმს, წყალტუბოს, თბილისს, ყაზბეგს, რუსთავს დაათვალიერებენ. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან და ქართული კინოს შესაძლებლობებთან ერთად ჩვენს ინფრასტრუქტურასაც გააცნობენ.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად გადაქცევას. მით უმეტეს, რომ „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც შემოსული 9 განაცხადი მოწმობს. ამ 9 განაცხადის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 15 182 მილიონი ლარია.
რეჟისორი გიორგი შენგელაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჰოლივუდის წარმომადგენლების მოზიდვის პერსპექტივა საქართველოს გააჩნია. თუმცა, მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუცხოო ლანდშაფტი, გადაღებისთვის საინტერესო ადგილები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჰოლივუდელებს კონკრეტული დაინტერესება ჰქონდეთ. საქმე ისაა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ დაბალ გადასახადებს, მათი მიზანია, მსახიობები, „მასოვკა“ იაფი დაუჯდეთ. ასე რომ, მათ იაფი მუშახელი სურთ. რაც შეეხება საქართველოს კონკრეტული ქალაქების დათვალიერებას, გიორგი შენგელაია მიიჩნევს, რომ გააჩნია, რისი გადაღება უნდათ ამერიკელებს, ყველაფერი მათ მიერ ჩაფიქრებული ფილმების სიუჟეტზეა დამოკიდებული.
კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ, რაც უფრო მეტი იქნება საქართველოთი ან სხვა ქვეყნის კულტურული პოტენციალით დაინტერესება, მით უკეთესია. უბრალოდ, საინტერესოა, კონკრეტულად რითი მოიხიბლნენ ამერიკელი პროდიუსერები საქართველოთი, ალბათ, ბუნებრივი რესურსებით.
„მართალი გითხრათ, მიუხედავად თავისი კომერციული წარმატებისა, ვერ ვიტყვი, რომ დასახელებული ფილმები ძალზე დიდი მხატვრული ღირებულების მქონეა. ამიტომ არაკომერციული კინოს განვითარებისთვის ეს რა სიკეთეს მოიტანს, ვერ გეტყვით. თუმცა სასიამოვნოა, რომ გვეწვივნენ. მხოლოდ საქართველოში არ ხდება ეს ამბავი, ჰოლივუდელები სხვა ქვეყნებსაც სწავლობენ და იმ ადგილებს, რომლებსაც საინტერესოდ მიიჩნევენ, კინოწარმოებისთვის იყენებენ. ქართული კინო უდიდესი ტრადიციის მქონეა. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემდგომი განვითარების პირობებში ეს ინფრასტრუტურაც შესაბამისია. ამ მხრივ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პრობლემებია, მათ შორის, ჩვენთანაც.
პატარა ქვეყნისთვის შესაფერისი ტექნიკური აღჭურვილობა გააჩნია საქართველოს და, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ გვივარგა, ნამდვილად საინტერესოა ქართული კინოს დღევანდელი მიღწევები“, - აცხადებს ქეთი ტრაპაიძე, რომლის აზრითაც, ყველა, პატარა თუ დიდი ქვეყანა ასეთი თანამშრომლობით ვითარდება.
კინომცოდნის თქმით, გააჩნია, ამ კონკრეტული ვიზიტის ფარგლებში ამერიკელებს რა აინტერესებთ, თორემ ასე შეიძლება, სტეპიც საინტერესო იყოს.