ფეხბურთი და არჩევნები

ფეხბურთი და არჩევნები

„დინამო არენაზე“ მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით საფეხბურთო მატჩი გაიმართა - ერთმანეთს GFF XI და „მსოფლიო XI“ შეხვდნენ. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

გუნდებს ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდნენ. შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

„GFF XI“- კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე, ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი.

„მსოფლიოს XI“: - სებასტიან ფრეი, დიდა, პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი, ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო. ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტო, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე, თავდამსხმელები, რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.

როგორც მატჩის წინ საქართველოს სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანმა, დავით მუჯირმა აღნიშნა, საორგანიზაციო ხარჯებს სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი სრულად ფარავს. ბილეთების გაყიდვა 19 სექტემბერს დაიწყო, რომლის ღირებულება 5-დან 25 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

„თუ ვარაუდი გამართლდა და ამ შემთხვევაში სრულად შეივსო დარბაზი, დამატებით 300 ათასი ლარის მოზიდვას შევძლებთ“, - არნიშნა მუჯირმა. მისივე ცნობით, საქართველო-ირანის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან 100 ათასი ლარი შევიდა, რაც ასევე იხარჯება ტყის საფარის აღსადგენად.

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მატჩში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მონაწილეობამ, თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ საქველმოქმედო საფხებურთო მატჩში მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ იქნება. კალაძე ამბობს, რომ ცნობილ ფეხბურთელებთან დაკავშირებაში და ჩამოყვანაში მონაწილეობა მიიღო, რადგან მას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სთხოვა.

„იურიდიულად იდგა ეს საკითხი, რადგან ვართ საარჩევნო კამპანიაში შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობის მიღება“ - აცხადებდა კალაზე, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შეეძლო ეთამაშა.

„ეს თამაში კამპანიის ნაწილი არ იქნება, რადგან ამის უფლება არ მაქვს“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა ოპოზიციისთვის ეს არგუმენტი არ არის მისაღები და აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრებით იმართება სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.

„არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება და კახი კალაძე ამ მატჩში მონაწილეობით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის გაკეთებას“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

„ბიუჯეტის თანხები, რომელიც ფედერაციას ერიცხება არ იხარჯება და ჩვენი კანდიდატი კახი კალაძე და ჩვენი პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას ან წინასაარჩევნო პროპაგანდას არ ეწევა. შესაბამისად, ერთადერთი კომენტარის გაკეთება შემიძლია - ეს უკმაყოფილება, რომელიც საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით გამოითქვა, არის ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და მათი დამოკიდებულება ჩვენი საარჩევნო კამპანიისადმი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ჩანს, იყო თუ არა ეს კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი კიდევ დიდი მსჯელობა მოჰყვება, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კახა კალაძის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზეც. ორგანიზაციის იურისტი, ნინო ნიჟარაძე იმ სავარაუდო დარღვევებს უსვამს ხაზს, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს ამ თამაშით შესაძლოა წარმოეშვას.

როგორც ჩანს, მოკვლევის საგანი გახდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება იყო თუ არა კახა კალაძის სასარგებლო შემოწირულობა, იმის მიუხედავად, რომ მათ არ დახარჯონ ფინანსები.

რაკი კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს, ალბათ, არასამთავრობოები მოიკვლევენ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იყვნენ თუ არა ჩართული კალაძის კამპანიაში.

როგორც არასამთავრობოები მიიჩნევენ, საქველმოქმედო ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, ხოლო კალაძის მონაწილეობით მატჩი იძენს პოლიტიკურ ელფერს და შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიება, რომელიც თან საქველმოქმედო აქციაა.

საკითხის შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტია „ევროპულმა საქართველომ“.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე წინასწარი მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოება საფეხბურთო მატჩის გამართვაა.

„მნიშვნელოვანია ამ მატჩის დროს რამდენიმე გარემოება: პარტიული სიმბოლიკა, აგიტაცია - ეს ღონისძიება თუ დაემსგავსება პარტიულ ღონისძიებას, მაშინ შესაძლებელია დადგეს დარღვევისა და პასუხისმგებლობის შესახებ საკითხი“, - განმარტავს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, ზურაბ აზნაურაშვილი.

საიასგან საკითხის შესწავლის მოთხოვნის წერილი მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და საარჩევნო კომისიისგან შესაბამისი პასუხიც მიიღო.

„ის ღონისძიება, რომელიც გაიმართება, საჯაროდ არის გამოცხადებული. მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ბილეთის შეძენის გზით. ეს არ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით, ან საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებას“, - ნათქვამია ცესკოს წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში ერთი თვის განმავლობაში ხანძარი ორჯერ გაჩნდა. 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი მერვე დღეს, 27 აგვისტოს ჩაქრა. ჩაქრობით სამუშაოებში როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნების მეხანძრე მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები იყვნენ ჩართული.

სხვათა შორის, ვარსკვლავების მატჩებს საქველმოქმედო მიზნებისთვის ხშირად მართავენ სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც. რამდენიმე წლის წინ პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ლისაბონში გამარტული მატჩის წყალობით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სოლიდური თანხა გადაურიცხა.