„ქართული გვარები ისევე ხელუხლებლად უნდა დარჩეს, როგორც დღეს არის, ყოველგვარი შერწყმის გარეშე“

„ქართული გვარები ისევე ხელუხლებლად უნდა დარჩეს, როგორც დღეს არის, ყოველგვარი შერწყმის გარეშე“

ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა, საკუთარი გვარის დედის, ბებიის, ბაბუის გვართან გაერთიანების უფლება მიეცეთ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ 26 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა. ახლა კი ცვლილებები პარლამენტმა უნდა განიხილოს.

თუკი ეს ცვლილებები განხორციელდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარების ტარება შეეძლებათ. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარის გაერთიანება იყო შესაძლებელი.

გვარების გაერთიანების წინააღმდეგია დემოგრაფი ანზორ თოთაძე. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს და ქართული გვარები ისევე ხელუხლებლად უნდა დარჩეს, როგორც დღეს არის, ყოველგვარი შერწყმის გარეშე. მისი აზრით, ყველაფერში სხვების მიბაძვა კარგი არ არის. ყველა ერს თავისი ტრადიცია აქვს. მაგალითად, ძველ საბერძნეთში პირდაპირ სახელით მოიხსენიებდნენ არისტოტელეს, პითაგორას, სოკრატეს. გვარები არ ჰქონდათ ამ ადამიანებს და ახლაც ასე ვიცნობთ მათ, მაგრამ, თუკი სხვა დიდი პითაგორა ან სხვა დიდი სოკრატე გამოჩნდებოდა, მაშინ მათ სახელებს აუცილებლად დაუმატებდნენ წარმოშობის ადგილებს. ვთქვათ, პლატონი ათენელი და სხვა. ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელებს ჰქონდათ „სამსართულიანი“ გვარები - მარკუს ტულიუს ციცერონი.

ქართველებთან კი სხვაგვარად იყო და ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს ყოველგვარი მიბაძვისა და ათი თუ ოცი გვარის შერწყმის, გვარების აღრევის გარეშე. უფრო მეტიც, მკაცრად უნდა აიკრძალოს ისეთი გვარების ხელაღებით მიცემა, როგორიცაა, ბაგრატიონი, გურამიშვილი, ამილახვარი. ეს გვარები საქართველოს ისტორიაა. მომავალი თაობისთვის მათი დამახინჯებულად გადაცემა არ შეიძლება. არც ის შეიძლება, უცხოელებზე იოლად გავცეთ გვარები. ჩამოდიან ჩინელები და ჭავჭავაძებად, წერეთლებად გადაიქცევიან. მაინცდამაინც ჭავჭავაძეს რას ჩააცივდნენ? ძალიან ბევრმა მიიღო ეს გვარი. არც უბრალო გვარების მიცემაა სწორი საქციელი. როგორ შეიძლება, ქართული გვარი ასე ხელაღებით მისცე უცხოტომელს? აზერბაიჯანელებს, სომხებს, რუსებს თავიანთი გვარები უნდა ჰქონდეთ. აქ სხვა ეროვნებები არ იდევნებიან. მაგალითად, გოგოლი ცხოვრობს სამეგრელოში და აქვს გვარი გოგოლი, ვერ იტყვი, რომ გოგოლი რუსია, ის ისეთივე ქართველია, როგორც სხვა დანარჩენი, რუსული არც იცის და, რომ უთხრა, შენ ქართველი არ ხარო, შეიძლება, თავი შეგაკლას“, - აღნიშნავს ანზორ თოთაძე.

გვარების გაერთიანებას კი არა, პასპორტიდან მამის სახელის ამოღებასაც დაუშვებლად მიიჩნევს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. For.ge-სთან საუბარში ისტორიკოსი განმარტავს, რომ თარხან-მოურავი, სიდამონ-ერისთავი და სხვა მსგავსი გვარები იშვიათი შემთხვევებია და ესენი ნაწარმოები გვარებია. თუმცა, მთლიანობაში, ორი და სამი გვარის შერწყმის ტრადიცია საქართველოში არ ყოფილა. თუ ვიღაცას მაინცდამაინც უნდა გვარების შერწყმა, მაშინ მას სრული უფლება აქვს, მამისა და დედის გვარები ერთდროულად ჰქონდეს. სამი და ოთხი გვარის შერწყმა კი დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ვიღაცას სურდეს თავისი რეალური წარმომავლობის დაფარვა, მას შეუძლია მიამატოს ე.წ. წინაპართა გვარები, შემდეგ მისთვის არასასურველი არაქართული გვარი ამოაგდოს და ქართულ გვარზე „დაჯდეს“, ვითომ ბებიის გვარიაო. მერე ვინ გაარკვიოს, მისი ბებია მართლაც ამილახვარის ნათესავი იყო თუ არა?!

„ჩვენში არის ისეთი ისტორიული გვარები, რომელთა ასე ხელაღებით ჩამორიგება არ უნდა ხდებოდეს. ზოგადად, სხვისი გვარის აღებაც არ არის კარგი საქციელი. ვიღაცას შეიძლება სულაც არ მოეწონოს, რომ მავანმა სწორედ მისი გვარი ამოირჩია „საკუთარ გვარად“. ყველა გვარს თავისი ისტორია, წარმომავლობა აქვს. ერთი შემთხვევა მახსენდება, ადამიანს ჩვეულებრივი ქართული გვარი ჰქონდა, თუ არ ვცდები, მეგრული გვარი და სურდა, ამ გვარზე კიდევ ბაგრატიონების დამატება, რადგან თურმე მისი დედა ბაგრატიონ-მუხრანელების შტოს წარმომადგენელი ყოფილა. უნივერსიტეტიდან მე მთხოვეს, სასამართლოზე მივსულიყავი და დასკვნა დამეწერა. თუმცა თვითონ ბაგრატიონების გვარის სპეციფიკიდან გამომდინარე, უარყოფითი დასკვნა დავწერე. ჩემი პრინციპი ის იყო, რომ სხვა გვარებთან შედარებით, ბაგრატიონის გვარი ქართველებისთვის კიდევ სხვა რამეს ნიშნავს და ამ გვარის გაუბრალოება არ უნდა მოგვეხდინა. ზოგადად, ამ ადამიანს იმ მოტივით ეთქვა უარი, რომ ბაგრატიონ-მუხრანელი ისედაც შედგენილი გვარია და მესამე გვარის დამატება აღარ შეიძლებოდა“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ქართველებს ორმაგი გვარები, როგორც წესი, არ ახასიათებთ. ცხადია, არსებობს გვარები ალექსი-მესხიშვილი, თარხან-მოურავი, რაც იშვიათობაა და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თარხან -მოურავის გვარი თანამდებობიდან გაჩნდა სააკაძეების ნაცვლად.

„გაერთიანებული გვარების არსებობას არ მივესალმები, რადგან ისინი სრულიად უცხო იქნება ქართული სინამდვილისთვის. ევროპაში მრავალი სახელების შერწყმის ტრადიცია არსებობდა. უფრო მეტიც, იქ მამის სახელის ნაცვლად, ზოგჯერ რამდენიმე სახელი გვხვდებოდა, მათ შორის, 5-6 სახელიც. თუკი ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი გვარის დედის, ბებიის, ბაბუის გვართან გაერთიანების უფლებას მივცემთ, მავანი გადაფარავს იმ რეალურ მისთვის არასასურველ გვარს, რომელიც დღეს აქვს. შესაბამისად, ვინ დაადგენს, მისი მეათე თაობა ბაგრატიონი იყო თუ არა?! ეს გაუგებრობას გამოიწვევს ქართულ სინამდვილეში და არც ისტორიულად იქნება გამართლებული“, - მიიჩნევს ვაჟა კიკნაძე.