„ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“, მათ „საქართველო“ უფრო მოსწონთ“

„ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“, მათ „საქართველო“ უფრო მოსწონთ“

2018 წელს ლიტველები საჩუქარს უმზადებენ ქართველ ხალხს და საქართველოს არა „გრუზიად“, არამედ „საქართველოდ“ მოიხსენიებენ. ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტისი საქართველოსთვის ამ ტიპის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით გამოდის.

„ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“, მათ „საქართველო“ უფრო მოსწონთ“, - მიაჩნია ლიტვის სეიმის სპიკერს, რომლის იდეასაც მხარს სეიმის რამდენიმე დეპუტატიც უჭერს.

ჯერ კიდევ 2013 წელს For.ge წერდა, რომ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე „გრუზიას“
„გეორგიათი“ შეცვლას ითხოვდა და ამ მოწოდებით მეგობარ ლიტვას მიმართავდა. თუმცა მაია ფანჯიკიძის მიმართვა მიზნად ისახავდა ტერმინ „გრუზიას“ ჩანაცვლებას არა ტერმინ „საქართველოთი“, არამედ „გეორგიათი“.

„სახელწოდება „გრუზია“ ლიტვურ ენაში რუსულიდან შევიდა, რაც, შესაძლოა, საბჭოთა კავშირში ჩვენი ერთობლივი ისტორიის შედეგი იყოს. სახელწოდება „გრუზია“- ეს მხოლოდ რუსეთის მემკვიდრეობაა და არაფრით არ არის დაკავშირებული განახლებულ ქართულ სახელმწიფოსთან. მიმაჩნია, რომ „გეორგია“ ჩვენთვის უფრო შესაბამისი სახელწოდებაა“, - ასეთი იყო მაია ფანჯიკიძის მოსაზრება.

იმ პერიოდში რუსული გამოცემა სიხარულით იუწყებოდა, რომ ოფიციალურ ვილნიუსში ქართველი მინისტრის ენობრივ ოპტიმიზმს არ იზიარებდნენ და რუსული „გრუზიას“ ქართული „გეორგიათი“ შეცვლა არავის სურდა.

სხვათა შორის, მაია ფანჯიკიძემდე ამ საბჭოური გადმონაშთის ტოპონიმიკიდან ამოძირკვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც ცდილობდა. ამ მიზნით მან სხვადასხვა ქვეყანასაც მიმართა, ძირითადად მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სოციალისტური გავლენა ძლიერი იყო. შესაბამისად, რუსეთის მიმბაძველობით ეს ქვეყნებიც „სცოდავდნენ“ საქართველოს დასახელებისას და მას „გრუზიად“ მოიხსენიებდნენ.

თუმცა იმ დროს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია „გრუზიას“ „გეორგიად“ შეცვლის იურიდიულ ან სამეცნიერო საფუძველს ვერ ხედავდა. უფრო მეტიც, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი რეგინა დობელენე მაშინ აცხადებდა, რომ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება საქართველო იყო, იქაური მცხოვრებლები კი თავს ქართველებად მოიხსენიებენ. ამდენად, თუკი ქართველები მათ მიმართავდნენ, რომ „გრუზიას“ ნაცვლად ამ ქვეყნისთვის „საქართველო“ ეწოდებინათ, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა.

როგორც ჩანს, იმ პერიოდში ლიტველებს არც დასახელება „გეორგია“ მოეწონათ, არც - „ჯორჯია“ და ისევ ავტოქტონური დასახელება - „საქართველო“ შემოგვთავაზეს.

რაც შეეხება დღევანდელობას, For.ge დაინტერესდა, რამდენად აუცილებელი იყო ტერმინ „გრუზიას“ ჩანაცვლება და ხომ არ გაუჭირდებოდათ უცხოელებს სიტყვა „საქართველოს“ წარმოთქმა?!

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს სხვადასხვა სახელწოდება - „გეორგია“, „ჯორჯია“, „ხეორხია“ თუ „გრუზია“, - ყველაფერი ეს ირანული „გურგ“, „გორგ“-იდან მოდის, რაც „მგელს“ ნიშნავს. ანუ „გურჯისტან“ არის მგლების ქვეყანა. მგელი ტოტემურ ცხოველად ითვლებოდა და სიბრძნის, შეუპოვრობის, ამტანობის განსახიერებას წარმოადგენდა.

„საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ამ ტერმინით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ მამაც და ბრძენ ხალხად აღიქვამდნენ ირანელები ქართველებს. აქედან გამომდინარე, ტერმინ „გრუზიას“ ძირი რუსეთთან სულაც არ არის დაკავშირებული. თუმცა დღეს ყველაფერი განიხილება სწორედ რუსეთის საწინააღმდეგო კონტექსტში. ირანელების შემდეგ ამ ტერმინს ყველგან, მთელ მსოფლიოში თავ-თავიანთი ენების შესაბამისი ინტერპრეტაცია მისცეს სხვადასხვა ხალხებმა. ვფიქრობ, ამ ტერმინის ცვლილება არ არის საჭირო და „გეორგია“, „ჯორჯია“ თუ „გრუზია“ გარესამყაროში ისევე დარჩეს, როგორც არის“,-აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

რაც შეეხება ტერმინ „საქართველოს“, ისტორიკოსის აზრით, ამ ძნელად გამოსათქმელ სიტყვაზე გადაწყობა უცხოელებში გაუგებრობასა და დისკომფორტს გამოიწვევს. თუმცა შეიძლება კომპრომისის გამონახვა და „ჯორჯიას“, ან კიდევ „გეორგიას“ გვერდით ფრჩხილებში „საქართველოს“ ჩაწერა.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ „საქართველოს“ გამოთქმა ძალზე რთულია უცხოელებისთვის და შესაძლოა, დაბნევაც გამოიწვიოს. თორემ, თავისთავად, ცუდი არ არის, ჩვენი ქვეყნის დასახელება უცხოურადაც იმ ტერმინოლოგიის ადეკვატური იყოს, როგორც ჩვენს ენაზე გამოითქმის.

„დაფიქრებაა საჭირო, რამდენად იქნება ეს ტერმინი გასაგები. „ჰაიასტანი“ რომ დაარქვან სომხეთს და „არმენია“ აღარ ერქვას, მე მგონი, გაუგებარი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. არადა, სომხები სწორედ „ჰაიასტანს“ უწოდებენ თავიანთ სამშობლოს. ისიც ფაქტია, რომ რუსული ვარიანტი „გრუზია“ არ არის მაინცდამაინც სასურველი. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, მარტო ლიტველებმა თუ გვიწოდეს „საქართველო“, მაშინ რა გამოვა? ზოგიერთი უცხოელი იტყვის „საქართველოს“, ზოგიერთი- „გრუზიას“ და ზოგი -„ჯორჯიას“? ინგლისურენოვანი სამყარო ხომ მაინც „ჯორჯიათი“ გვიცნობს? მაშინ ორმაგად უნდა იწერებოდეს ჩვენი ქვეყნის დასახელება - იყოს „საქართველო“ და იქვე დაუმატონ ინგლისურენოვანი დასახელება „ჯორჯია“ ფრჩხილებში. ალბათ, პარალელური ფორმები იქნება, როგორიცაა „ჯორჯია“ და „გეორგია“. „იბერია“ დღეს მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ისტორიული ძველი ტერმინია“, - აცხადებს ვაჟა კიკნაძე და ეჭვობს, ტერმინ „გრუზიას“ იგნორირებამ რუსეთი გააღიზიანოს, რადგან ტერმინი „გრუზია“ რუსული წარმომავლობის არ გახლავთ.