უმრავლესობა პრეზიდენტს ვეტოს სთხოვს, პრეზიდენტი კი ყოყმანობს და ფართე კონსულტაციების გარეშე არ სურს გადაწყვეტილების მიღება. საკონსტიტუციო პროცესი ნელ-ნელა აბსურდამდე მიდის და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მალე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გახდეს მორიგი აქტუალური თემა. რა ხდება და ვის აწყობს ქაოსი სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ვეტო იმ ორ საკითხზე, ბლოკების დაშვებასა და ბარიერის 3%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რომელიც ამ ეტაპზე როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის გარშემო აღმოჩნდა თავმოყრილი. თუმცა მივიღეთ საპირისპირო სურათი - უმრავლესობა პრეზიდენტს ლამის ევედერება ვეტოს - შორიდან საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი - რეალურად, რასთან გვავს საქმე?
- ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. გავლენები გადანაწილებულია ორ ძალას შორის - ეს არის სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა და მთავარი ოპოზიციური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც ჩანს, მომავალი არჩევნები ძალიან აშფოთებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რადგან თუ რამე ექსტრემალური არ მოხდა, ცხადია, რომ ამ არჩევნებსაც მოიგებს მმართველი პარტია და სტატუს-კვო იქნება შენარჩუნებული.
აქედან გამომდინარე, მთავარი საკითხი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვინ იქნება მთავარი ალტერნატივა მმართველი ძალის. ამისთვის მიმდინარეობს ბრძოლა - დარჩება „ნაციონალური მოძრაობა“, თუ ის ვეღარ შეასრულებს ამ როლს იმ ყბადარებული 9-წლიანი მმართველობის გამო.
ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს?
- „ევროპულ საქართველოს“ ელექტორატის სათანადო მხარდაჭერა არ ექნება; „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის პარტია დასავლეთისთვის მიუღებელია და ეჭვით უყურებენ მას. არის მცდელობა, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო, რომელიც ჯერ უპარტიო ლიდერი იყო, შემდეგ გახდა ზეპარტიული ლიდერი და დღეს, ფაქტობრივად, მოგვევლინა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის შემკრებად.
ეს გასაგებია, პოლიტიკური პროცესია, მაგრამ, ამავდროულად, ქვეყნის მთავარი დოკუმენტით მანიპულირებაზეა ლაპარაკი...
- მარტივ გამოსავალს შევთავაზებდი - ჩავატაროთ გამოკითხვა და აქ იმპროვიზაციები, იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ჩატარდება ეს გამოკითხვა და ეს ტერიტორიების დაკაგვის აღიარება იქნება, სრულიად უნიადაგოა - თუ არჩევნები ტარდება საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ ნაწილზე და არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიას, ამით ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ჯერ ჩრდილი არ მისდგომია.
თუ ხალხის ეშინიათ, რომ ის საკვანძო დებულებებს ვერ გაიგებს - ასე არ არის. თუ მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ხალხი აუცილებლად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მოინდომებს, ესეც არასწორია მმართველი ძალის მხრიდან.
თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ხალხმა მოითხოვოს დაფიქსირება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის ან ქორწინების შესაბამისი ფორმით დაკანონების ან სხვა თემების შესახებ, ვიცით, რომ ამაზე ოპოზიციის ნაწილი არ არის თანახმა.
აქედან გამონმდინარე, თამაშიდან გაყავთ ხალხი და პოლიტიკური, არც თუ მთლად კეთილსინდისიერი ვაჭრობით მიღებულ კონსტიტუციას სთავაზობენ ხალხს. მე მოვუწოდებდი, რომ ხალხი დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ჩაეტარებინათ გამოკითხვა, რომელზეც არ ვრცელდება ის შეზღუდვა, რაც რეფერენდუმზეა. შემდეგ უკვე, ამით პოლიტიკური ძალების ლიდერებს მიეცემოდათ საფუძველი, მოეთხოვათ კონსტიტუციაში ამა თუ იმ შესწორების დაკანონება.
ასეთი იმპროვიზაციები, რომ ვიღაცამ რაღაც დათმო - ბარიერი დასწია, ბლოკები დაუშვა, - აღარ იქნება საჭირო.
თუ საკითხს ასე საფუძვლიანად მივუდგებით, მაშინ, საერთოდ ახალი კონსტიტუციის მიღება იქნებოდა მიზანშეწონილი, სულ სხვა კონცეპტუალურ საუძვლებზე, რადგან შეუძლებელია საპარლამენტო მოდელზე გადასვლა ისეთ ქვეყანაში, სადაც პარტიები არიან უსუსტესი ფინანსურადაც, ორგანიზაციულადაც, ადამიანი რესურსებითაც და ელექტორატის თვალსაზრისითაც.
კარგია, რომ საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავდივართ, მაგრამ ის გულისხმობს ძლერი პარტიების, ბლოკების, კომპრომისების, დათმობების, კრიზისების არსებობას და რაღაცეების იმით გამართლება, რომ ორპალატიანი პარლამენტი არ გვაქვს და აუცილებლად უნდა იყოს არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი, რომელიც დამბალანსებელი იქნება პოლიტიკური სისტემის, ძალიან უსუსურია.
არც იმისი საფუძვლიანი დასაბუთება მომისმენია, რომ მაინც და მაინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პანაცეა ქართული დემოკრატიის გადარჩენის. ხოლო მაჟორიტარული არჩევნები არის ხელაღებით უარსაყოფი იმიტომ, რომ იქ ფულიანი და მდიდარი ადამიანები იგებენ არჩევნებს თავიანთი ფინანსური რესურსის წყალობით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ, რომელიც კონკურენტუუნაროს ხდის არამდიდარ ადამიანს მაჟორიტარულ არჩევნებში, და არა ავკრძალოთ ის და გადავიდეთ პროპორციულ, ანუ პარტიებით მართულ სისტემაზე. თანაც ეს მაშინ, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიაც კი არ არსებობს. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პარტიულობის არანაირი ნიშან-წყალი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა პარტიებზე. არის რამდენიმე ტრადიციული პარტია, მაგრამ ფინანსურად უაღრესად სუსტები არიან.
რომ ჩაიხედოთ დამფინანსებლის ნუსხას - სასაცილო სურათს დაინახავთ - ტენდერებში გამარჯვებული ბიზნესმენები აფინანსებენ მმართველ ძალას და ყველა დანარჩენ პარტიას ჰყავს ერთი-ორი, კინკილა დამფინანსებელი. ბიუჯეტიდან მიღებული ორი კაპიკით რომ არსებობენ, იმ პარტიებმა უნდა შექმნან საპარლამენტო მოდელი?! - სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ!..
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებიდან როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი დატრიალდა იმისათვის, რომ ორი კი არა, ხუთი ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში - ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობაა, მაგრამ დავუშვათ ხელისუფლება არაფერზე არ დათანხმდა და 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების დაშვების გარეშე დატოვა ოპოზიცია, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?
- მერე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში - თუ პოლიტიკური პარტიები არ ეთანხმებიან მოვლენათა ასეთ მინდინარეობას და საკუთარი ელექტორატის იმედი აქვთ, ხალხი გამოჰყავთ ქუჩაში და მიდის პოლიტიკური პროცესი ქუჩის ზეწოლით. თუ ამისი თავი აქვთ და მუხტი არის საპროტესტო, ხალხის მხარდაჭერას გვაჩვენებენ ქუჩაში, თუკი დარბაზებში ვერ თანხმდებიან კომპრომისებზე?!
ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან კომპრომისი შეიძლება მხოლოდ სრულფასოვან, დამოუკიდებელ მოთამაშეებს შორის, მაგრამ არანაირი კომპრომისი არ შეიძლება მოხდეს ხელისუფლებისგან დისტანცირებულ, მაგრამ მაინც მმართველ ძალასა და უკრაინაში მოხეტიალე რაინდის მიერ მართულ მარიონეტულ პარტიას შორის. მით უმეტეს, არაფრის გადამწყვეტები არ არიან ამ ორ ორბიტაზე აღმოცენებული სხვა პარტიები.
ხოლო ტრადიციულ პარტიებს, გარკვეული მიზეზების გამო და ამას აქვს თავისი საფუძველი, ვერ მოუძებნიათ გზა ამომრჩევლამდე - ზოგი ეკლესიას ებრძვის და ამით უნდა თავისი მისია შეასრულოს; ზოგი - პოპულისტურ ტალღაზეა გადასული, რომ იქნებ, აქედან რამე გამოვიდეს და ამომრჩეველი მიიმხროს.
ასე რომ, პოლიტიკური სისტემა არ არსებობს საქართველოში და ამას მთელი ეს საკონსტიტუციო მიეთ-მოეთიც ცხადყოფს.