6 ოქტომბერს თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მანამდე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომლის შემოსავლები ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. მოკლედ არჩევნების წინ საქართველოში საფეხბურთო ვარსკვლვთცვენა გველის.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში ხვალ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სასტუმრო „ბილტმორში“ დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.
არანაკლები მოლოდინია უელსელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ ამ საზეიმო განწყობას ცოტა არ იყოს, ჩრდილი მიაყენა. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას აპირებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს.
„კრიმინალი თბილისში დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ასევე სადარბაზოებთან. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სექსუალური ძალადობის შესახებ. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე - წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ძირითადად არასწორი მართვითა და მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ასე რომ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე/პაბებში მოგიწევთ“, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.
ველურ ქვეყნად აღიქვამს ბრიტანეთი საქართველოს თუ ეს სიფრთხილის სტანდარტული პროცედურაა, ძნელი სათქმელია, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე როგორც განმარტავს, ჩვენ ამას უფრო გაუგებრობას ან ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ბრიტანეთთან და იმედს გამოთქვამს, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად გამოსწორდება ის მიდგომა, რაც საელჩოს განცხადებაშია ასახული.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაფიქსირებულა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ და ჩვენ ამას უფრო გაუგებრობას ან ზედმეტს სიფრთხილეს დავაბრალებთ. ამ კომუნიკაციის შედეგად იმედია გამოსწორდება ის მიდგომა, რაც დღევანდელ განცხადებაშია ასახული ბრიტანეთის საელჩოს მიერ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
სოციოლოგი, ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ დასადგენია დოკუმენტის ავთენტურობა, ისიც გასარკვევია, რამდენად ადასტურებს ბრიტანეთის საელჩო, რომ ეს მისი ოფიციალური ინსტუქციაა მისი მოქალაქეებისადმი, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის შინაარზე საუბარი.
ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება იდეალურად მოწესრიგებულია, თუმცა ისიც არ იქნება მართალი, ვთქვათ,10 რომ გაცილებით უარესია, ვიდრე, თუნდაც - ევროპაში. ძარცვისა და დაყაჩაღების ერთეული შემთხვევები, ალბათ, თვით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებშიც აღინიშნება. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოში ტერორიზმის თემა ბევრად ნაკლებად დგას, ვიდრე ევროპულ დედაქალაქებში, ყოველ შემთხვევაში მეტროსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაღმების აფეთქების ფაქტები არ ფიქსირდება.
მოძრაობის წესები ჩენი დედაქალაქის „აქილევსის ქუსლია“ და ძნელია, არ დაეთანხმო ბრიტანელების მოსაზრებას, თუკი ამ განცხადების ავთენტურობა მართლაც დადასტურდება, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, ახალი მერის არჩევის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი იმდენად მოწესრიგებული გახდება, რომ მსგავსი შთაბეჭდილება, რაც ბრიტანეთის საელჩოს ინსტრუქციაშია გაჟღერებული, თბილისის შესახებ უცხოელებს გაუქარწყლდებათ.
როგორც იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, შესაძლოა, გაბუქებულია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რაზეც საუბარია, არარეალური და არასწორი ინფორმაციაა.
„გარდა ამისა, ბრიტანელი გულშემარკივრები გამოირჩევიან ხულიგნური საქციელითა და უკონტროლობით, როდესაც ჩადიან სხვა ქვეყნებში და ვფიქრობ, ზედმეტი გაფრთხილება ამ მხრივ ძალიან კარგია. იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებიც უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, თუ ისინი დათვრნენ და ქუჩებს მოედნენ და თვითონაც გაფრთხილებულები იქნებიან, რომ აქ თავაშვებულობა არ გამოვა.
შეიძლება, ცოტა გადაამლაშეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება ორივე მხარის მეტ უსაფრთხოებას. ევროპაში ბრიტანელი გულშემატკივრები საშინელებებს სჩადიან, მასობრივ ჩხუბსა და მუშტიკრივს მართავენ ქალაქების ცენტრში. ბრიტანელები, როგორც ჩანს, კარგად გვიცნობენ და ზრუნავენ, რომ არც ერთი მხარე არ აღმოჩნდეს სკანდალში ჩართული. მთლად ობიექტური სურათი არ არის, მაგრამ ემსახურება უფრო კეთილშობილურ მიზანს, ვიდრე ქვეყნის დამცირებაა“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
მოგვიანებით საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ თბილისში, საზოგადოების დიდი ინტერესის გამო განმარტება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად, თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.
თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას“, - აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.