დიპლომატიური შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ

დიპლომატიური შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ

რუსეთი საქართველოსგან ირიბად, მაგრამ, როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობას ითხოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს გააქტიურების საფრთხეზე მიანიშნებს.

მართალია, ეს საუბარი ჟენევის მორიგი მოლაპარაკების მოსამზადებელ შეხვედრაზე შედგა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ზრდის ეს რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში ნატოს გააქტიურებით არის შეშფოთებული და აცხადებს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას ემუქრება - აღნიშნულ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

რუსული მხარე საუბრობს რეგიონში ნატოს გააქტიურების საფრთხეზე, აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა ვითარდება; რეგულარულად ტარდება სამხედრო წვრთნები, რომელთა მასშტაბიც ყოველწლიურად იზრდება; ინერგება შეიარაღებული ძალების და მათი მართვის ნატოს სტანდარტები, ხოლო ეს ყველაფერი ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. რუსეთის პოზიციაა, ერთი მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს, ხოლო მეორე მხრივ - თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმება გაფორმდეს. რას ნიშნავს რუსეთის ეს განცხადება?

- ეს ხომ სიახლე არ არის. ამ დოკუმენტის გაფორმებას მოითხოვს სოხუმი და ცხინვალი უკვე ათი წელია. ქართული მხარის პოზიცია იყო და რჩება, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან. ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა, დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე - თბილისი აიძულოს მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაც უკვე დე-ფაქტო აღიარებაა.

ოფიციალურმა თბილისმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ძალას არ გამოიყენებს და ეს განცხადება იმ ხელშეკრულებების ტოლფასია, რასაც რუსეთი ითხოვს საქართველოს მხრიდან.

მე ამას აღვიქვამ, როგორც დიპლომატიურ ზეწოლას.

დიპლომატია ეს ერთდროულად მეცნიერებაც არის და ხელოვნებაც - ქართული დიპლომატია იმის ნაცვლად, რომ დიასპორაზე აკეთებდეს უზარმაზარ განცხადებებს, უმჯობესია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყოს დაკავებული.

დიასპორა გაქვს მაშინ, როდესაც შენს დიაპორას რაღაც გავლენის მოხდენა შეუძლია. დიასპორაა ებრაული ლობი ამერიკაში, რუსული ლობი - გერმანიაში, რომელმაც, მაგალითად, ამ არჩევნებზე ხელი შუწყო სასურველი ძალების პარლამენტში შესვლას - ისინი მოქალაქეები არიან, ხმის უფლება აქვთ და კონსტიტუცია იცავთ - ჩვენ სად გვყავს ასეთი დიასპორა?!

იმის ნაცვლად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს თემა საერთაშორისო არენაზე გამოიყენოს და კიდევ ერთხელ შეახსენოს მსოფლიოს, როგორ ემუქრება რუსეთი, ყოვლად უსარგებლო საქმეებით არის დაკავებული.

ცოტა სითამამეც არის საჭირო - ხომ შეიძლება მოვითხოვოთ ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც აქვს ამერიკას სამხეთ კორესთან და იაპონიასთან? არც ერთი არ არის ნატოს წევრი.

რატომღაც ჩავიციკლეთ ნატოზე, რომელიც შესაძლოა 10-20-30 წლის შემდეგ გახდეს რეალობა, ისიც, თუ კიდევ იარსებებს ამ დროისთვის ეს ორგანიზაცია. მანამდე კი, აბსოლუტურად დაუცველები ვართ ასეთი შანტაჟის წინაშე.

რუსეთის ეს განცხადება დიპლომატიური დემარშია, მაგრამ არ მგონია, არჩევნების წინ მოსკოვი წავიდეს ღია სამხედრო აგრესიაზე.

როდესაც რუსეთი ღიად საუბრობს საქართველოს ტერიტორიიდან მოსალოდნელ საფრთხეზე და ნატოს საწვრთნელ ცენტრებზე, ეს ხომ არ არის მინიშნება, რომ ამის საწინააღმდეგოდ ზომებს მიიღებს?

- უბედურება ის არის, რომ ეს მხოლოდ ლაპარაკია ნატო-საქართველოს ურთიერთობის გააქტიურებაზე. სად ნახეთ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა? - სამხედრო ბაზა რომ იყოს, მშვიდად ვიქნებოდი! რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ 5 ტანკი შემოიყვანეს, გაატარ-გამოატარეს და უკან წაიყვანეს ეს დაცვაა?!

ნეტავ იყოს სამხედრო ბაზა თუნდაც, 50 ჯარისკაცით - ეს უკვე სიმბოლური ძალა იქნებოდა. პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ამერიკამ მილიონიანი არმია შეიყვანა? - სამი ბატალიონი შევიდა სულ, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე დაცულები არიან - მათთან ომი ამერიკასა და ნატოსთან ომს ნიშნავს.

რაც გვესმის, მხოლოდ დემონსტრაციული და მყვირალა განცხადებებია. დღეს რომ რუსეთმა შემოგვიტიოს და ჯარი შემოიყვანოს, როგორ გგონიათ, ნატო ან ტრამპი სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევს მას? - რიგგარეშე უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევენ გაეროში, რომელსაც დაბლოკავს ჩინეთი და რუსეთი.

იზოლაციით შეაშინებენ პუტინს? – 15 წელია, უკვე იზოლაციაშია - ეს ყველაფერი უსუსური საგარეო პოლიტიკის შედეგია, მხოლოდ განცხადებები და არაფერი - რეალური.

დღეს საქართველო დაუცველია, ვინაიდან ქვეყნის დაცვა მხოლოდ უცხო ქვეყნის განცხადებებით არ ხდება. მეცხრამეტე საუკუნეში ჭრიდა ასეთი რამ - რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა იძაბებოდა, ინგლისს ბოსფორში ფლოტი შეჰყავდა და პეტერბურგი ჩუმდებოდა. ახლა 21-ე საუკუნეა და საქმე გვაქვს სულ სხვა რუსეთთან, რომელიც საბჭოთა კავშირზე უფრო ხისტია.

გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია - ცხინვალის პოლიციის უფროსად დაინიშნა რუსეთიდან ჩამოყვანილი, რუსი ეროვნების ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველა რაიონისა და ქვერაიონის პოლიციის უფროსი. იმავე წყაროს ცნობით - ნელ-ნელა ხდება ყველა ძალოვანი წერტილის ხელში აღება. ამის გარდა, მასწავლებლები ჩამოიყვანეს, რომლებმაც უნდა გაატარონ პრაქტიკა როგორც ცხინვალის, ასევე ახლაგორის პედაგოგებს. თუ ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, ნიშნავს, რომ რუსეთი გარკვეული აქციისთვის ემზადება?

- ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს ერთი მიმართულებით და ეს არის კორუფცია. მილიონები ირიცხება ცხინვალში, რომელიც შემდეგ ქრება. რუსეთი ხომ არის ყურებამდე ჩაფლული კორუფციაში, ცხინვალი - მისი შავი ხვრელია.

პოლიციელების შეცვლა არ ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას გეგმავს, ამის ახსნა სურკოვის პროექტშია - 2008 წლის შემდეგ ლამის მილიარდამდე რუბლი გაქრა ცხინვალში და მისი კვალიც არ ჩანს - როგორც ჩანს, ერთად ჭამდნენ ამ ფულს რუსი და ოსი ჩინოვნიკები - ეს არის რუსეთის პრობლემა.

არ სჭირდება რუსეთს უკანასკნელი პოლიციელის შეცვლა იმისათვის, რომ საქართველოს შეუტიოს. თუ რაღაც მოხდა, ოს სამხედროს კიდევ რუსი სამხედრო გვერჩიოს - ისეთი ველური მაინც არ არის, რომ ოსი სამხედროებივით მოიქცნენ. 21 წლის წინ ქართული გაზეთები წერდნენ, რომ ოსები ქართველების თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს. თუ პოლიტიკაა პოლიტიკა იყოს და შიდა მოხმარებისთვის მაინც ვთქვათ სიმართლე - რუსმა შეცვალა ოსი, იმიტომ, რომ მას არ ენდობა.

პუტინი რასაც აკეთებს, ყველაფერი ლოგიკურად არის გათვლილი შედეგზე - ეს იყო უკრაინა და სირია - ორივეგან მიიღო ის შედეგი, რაც მას უნდოდა. ეკონომიკური სირთულეები პუტინს და კრემლს არ ადარდებს. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პრობლემები, რომელიც ახლო მომავალში რუსეთს კატასტროფას უქადის.

მომავალ წელს არჩევნები აქვს რუსეთს და საქართველოსთან ომი რომ დაიწყოს, ეს რამეში ხომ უნდა სჭირდებოდეს? ყველამ იცის, რომ ოსეთისგან სახელმწიფო არასოდეს შედგება და რუსეთს სულაც არ აწყობს კიდევ ერთი „ნახლებნიკის“ წამოკიდება - ჩრდილოეთ ოსეთი არ ეყოფა? ჩრდილოეთ კავკასიის შვიდივე რეგიონი დოტაციურია. ჩეჩნეთიც კი, სადაც ნავთობია, კრემლის ბიუჯეტზე ზის.

ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, გაგრძელდება დიპლომატიური ზეწოლა, იარსებებს მავთულხლართების თემა, მრისხანე განცხადებები, მაგრამ საქართველოში ჯარის შემოყვანა ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ, რომ დღეს ეს არ სჭირდება კრემლს.