აშშ-ი და ნატო ავღანეთში კონტიგენტს ზრდის - რას იზამს საქართველო?

აშშ-ი და ნატო ავღანეთში კონტიგენტს ზრდის - რას იზამს საქართველო?

ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის შემდეგ, ნატო-მაც მიიღო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ავღანეთის ძალების საწრვთნელ მისიაში მონაწილე ნატო-ს სამხედროების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება. იენს სტოლტენებრგი აღნიშნავს, რომ ალიანსის რამდენიმე მოკავშირე და პარტნიორმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ ისინი მისიაში დამატებით სამხედროებს ჩართავენ.

„ამჟამად ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიმყოფებით. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ავღანეთი არასდროს გახდეს საერთაშორისო ტერორისტებისთვის თავშესაფარი. ამისთვის საუკეთესო გზაა, ავღანელებს მივცეთ საშუალება, ჰყავდეს ძლიერი უსაფრთხოების ძალები. არ ვფიქრობ, რომ ეს მარტივი ამოცანაა, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ავღანეთში საბრძოლველად ნატო-ს ძალების გაგზავნის ნაცვლად, საუკეთესო გზა, ავღანური ძალების წვრთნაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის ახალი სტრატეგია წარადგინა. განცხადების თანახმად, აშშ ავღანეთში დამატებით 3 500 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის.

ამდენად, ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ისლამურ რესპუბლიკაში 14.5 ათას ადამიანი იქნება. 31 აგვისტოს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა ხელი მოაწერა ბრძანებას ავღანეთში არმიის შენაერთების გაგზავნის თაობაზე.ეს ქმედებები სამხრეთ აზიის სამოქმედო სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.

როგორც ცნობილია, 2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გაიყვანა. 2014 წლამდე ავღანეთში 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 8,500 ამერიკელი მსახურობს. ნატოს საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში 13,000 ჯარისკაცია. აშშ-ი ავღანეთში 15 წელია იბრძვის. აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

„რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი - არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია. ავღანეთისათვის უმთავრესი გამოწვევა ირანისა და რუსეთის მცდელობებია, ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. ირანი თალიბანს ავღანეთის დასავლეთ, რუსეთი კი ჩრდილოეთ პროვინციებში ეხმარება. რუსეთისა და ირანის აქტიურობა ავღანეთში გავლენის სფეროების მოპოვებასა და ამერიკის როლის შესუსტებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა.

რაც შეეხება მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-მა და ნატო-მ უკვე მიიღეს, ჯერ-ჯერობით უცნობია გაზრდის თუ არა სამხედრო კონტიგენტს საქართველო. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ავღანეთში კონტინგენტის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, სამხედრო კოალიცია რამდენად და როგორ აფასებს იმ ამოცანებს, რაც ქართული მხარის წინაშეც დგას.

„რაოდენობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მინდა, ეს საკითხი წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან ჩვენ საგანგებო მისიას ვასრულებთ და ვიცავთ არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგს, არამედ ჩვენს ოჯახებს,  საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

სამხედრო ანალიტიკოსი, ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, ამ ეტაპისთვისთვის მაღალი პროცენტულობით არის წარმოდგენილი ავღანეთში საერთაშორისო მისიაში. შესაბამისად, კონტიგენტის გაზრდას, თუნდაც რამოდენიმე ასეული ჯარისკაცით, საქართველოს ამ ეტაპისთვის ვერ შეძლებს.

მისი თქმით, საქართველოში საერთაშორისო სწავლებები იწყება, შესაბამისად, ქვეყანა იმდენად ვერ გაზრდის კონტიგენტს, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციაში.

„კონტიგენტის მცირედით გაზრდას კი, არავითარ ეფექტი არ ექნება. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის შევძლებთ კონტიგენტის გაზრდას. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა დაიწყოს საერთაშორისო სწვალებები. კერძოდ, ამერიკელები საქართველოში ცხრა სამხედრო ბატალიონს მოამზადებენ.

ჩვენ არ გვყავს იმდენად დიდი არმია, რომ ამ სწავლელებშიც იყვნენ ჩაბმბული ჩვენი ქვედანაყოფები და პლუს კიდევ ავღანეთში კონტიგენტი გავზარდოთ. ამიტომ, ეს ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ ნოტოსთან კონსულტაციების შედეგად უნდა გაირკვეს, რა რაოდენობით აპირებენ კონტიგენტის გაზრდას, რა სახის მისიები იქნება, რომელ რეგიონში,რა საჭიროებებიწარმოიშვა ნატოს წინაშე და ამის დასაკმაყოფილებლად რამდენად მიზანშეწინილია ქართული კონტიგენტის რაოდენობის გაზრდა.

„რა თქმა უნდა, რამდენიმე ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. პირველ რიგში უნდა ითქვას,რომ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში ძალიან მნიშვნელოვან დივიდენტებს აძლევს ქვეყანას, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორს. იმიტომ, რომ ნატოს სკეპტიკური ქვეყნების მიერ ხშირად არის საუბარი იმაზე, საქართველოს წინსვლა ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რამდენად მომგებიანი იქნება ნატოსთვის, რამდენად იქნება საქართველო უსაფრთხოების მომხმარებელი და არა გამცემი.

ავღანეთში ჩვენი მონაწილეობა ძალიან სერიოზულ არგუმენტებს იძლევა ქართული მხარისთვის. ჩვენი ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მომგებიანია, როგორც გლობალური უსაფრთხოებისათვის, ასევე ზოგადად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ამდენად, ჩვენს მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

რაც შეეხება კონკრეტულად კონტიგენტის გაზრდას, მუჩაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჩვენი შესაძლებლობიდან და ნატოს საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული. მისი თქმით, არის რიგი ფაქტორებისა, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

„ამჟამად საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით ვართ წარმოდგენილი. შემდგომში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ნატოს საჭიროების, ჩვენი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გააჩნია ,რა მისიები და საჭიროებები იქნება განსაზღვრული ახალი ძალებისთვის და რამდენად შეიძლება ამას უპასუხოს ქართულმა მხარემ. ასევე, მნიშვნელოვანია, დღევანდელი შესაძლებლობის პირობებეში რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა ქართულ მხარეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოს ნატოს მინისტერიალის შეხვედრა და შემდეგ, უკვე, ნატოს 2018 წლის სამიტი იმართება. ქართულ მხარეს ორივე მიმართულებით დაწყებული აქვს მუშაობა. კერძოდ, ოფიციალურმა თბილისმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა მოითხოვა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს, შეხვედრაზე უნდა განიხილონ შავი ზღვის რეგიონის პრობლემატიკა და ნატო-საქართველოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

„მოთხოვნილი გვაქვს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ჩვენ ორივე მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა. შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ შავი ზღვის რეგიონის პრობლემატიკა და ნატო-საქართველოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი“, - განაცხადა დავით დონდუამ.

სამხედრო ანალიტიკოსი, ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე თვლის, რომ ნებისმეირი ასეთი ფორმატის შეხვედრა, კონტაქტი დასავლელ მეგობრებთან და განსაკუთრებით ნატოსთან, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„პირიქით, ხშირ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ამის ინიციატორები. რადგან ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს პოზიციების დაახლოებას, საერთო წერტილების მოძებნას. ეს შეხვედრები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აჩვენებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ ჩვენი პარტნიორებისთვის. მნიშვნელოვანია, ამავე დროს აუცილებელია ბევრი ინიციატივა წამოვიდეს ასეთი შეხვედრებიდან და რაც მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდება, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.