„ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო...“

„ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო...“

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი რუსეთში მოღვაწე ქართული ფესვების მქონე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი იქნება. ბატონი ოლეგი უცხო ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად სამშობლოს არ ივიწყებს და საქართველოში დროდადრო გვსტუმრობს. ალბათ იმასაც გაიხსენებდით, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ბასილაშვილმა რუსული მხარის მოქმედებები საჯაროდ დაგმო. სამწუხაროდ რუსს ხელოვანთა შორის ის უმცირესობაში გახლდათ.

დღევანდელ წერილში ოლეგ ბასილაშვილი საკუთარი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

„ახლა რომ მოდაშია შეყვარებულებისთვის გულის დანთება და ამგვარად გამოტყდომა სიყვარულში, ასეთი რამ მე, ჯერ კიდევ შორეულ 1955 წელს, ოცი წლის ასაკში გავაკეთე და ლამის გაციმბირებად დამიჯდა...

მე, ჩემი მომავალი მეუღლე – ტანია დორონინა და მიშა კოზაკოვი ერთად ვსწავლობდით „მხატის“ თეატრალურ სკოლა-სტუდიაში, პაველ მოსალსკის ჯგუფში. ტანია ახლა 80 წელს მიღწეულია ლამაზი და ხომ წარმოგიდგენიათ, 20 წლისა როგორი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი და ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ამის გაკეთება ორიგინალურად მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გონება გამინათდა და მოვიფიქრე...

იმ პერიოდში პაველ ვლადიმიროვიჩ მოსალსკი საკურსო სპექტაკლის, ჩეხოვის „ალუბლის ბაღს“ დგამდა, სადაც მთავარ როლებს ჩამი ტანია და მიშა კოზაკოვი ასრულებდნენ. მცირე როლი მეც შემხვდა. სპექტაკლში, ერთ მომენტში, სცენაზე შუქი ქრება რამდენიმე წამით და კვლავ ინთება. მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ამით მესარგებლა და ტანიასთვის ორიგინალურად ამეხსნა სიყვარული, თანაც გენერალური რეპეტიციის დროს, რომელიც სრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით ტარდებოდა. ამიტომ, რეპეტიციის დაწყებამდე, ფოლადის ერთ-ერთ დეკორაციას, რომელიც  შუა სცენაზე მთელი სპექტაკლის განმავლობაში იდგა, ბენზინიანი ჩვრით მივაწერე: „ტანია, მიყვარხარ! ოლეგი“. შუაში კი გული მივახატე. წარწერა, რა თქმა უნდა, არ ჩანდა. მთელი მარილი კი იმაში იყო, რომ როცა სცენა ჩაბნელდებოდა, მე ბენზინიანი წარწერისთვის ცეცხლი უნდა წამეკიდებინა და ეს ყველაფერი სცენაზე მყოფ ტანიას უნდა ენახა...

ბევრს არ გავაგრძელებ და შესაფერისი მომენტი რომ დადგა, ფოლადის დეკორაციაზე ცეცხლი ავაგიზგიზე. ამან კი ისე გაახურა ის, რომ მის ირგვლივ, აცეტონიანი საღებავებით მოხატულ სხვა დეკორაციებსაც ცეცხლი წაეკიდა, „მხატის“ მცირე სცენა ხანძარმა მოიცვა... ცეცხლი, მართალია, მალევე გაანეიტრალეს თეატრის მეხანძრეებმა, მაგრამ დეკორაციები ერთიანად დაიწვა. რა თქმა უნდა, რეპეტიცია ჩაიშალა. მე კი მავნებლობისთვის კომკავშირულ კრებაზე გამკიცხეს და სკოლა-სტუდიიდან გაგდებასაც მიპირებდნენ. თუმცა, გადავრჩი. საქმეში ჩემი მასწავლებელი, პაველ მოსალსკი ჩაერია. მან კრებაზე თქვა, რომ ეს იყო სიყვარულის ცეცხლი და თეატრი იმიტომ არ დაიწვა, ხოლო სპექტაკლს უდეკორაციოდ ვითამაშებთო. მართლაც, პრემიერა დეკორაციების გარეშე ვითამაშეთ. მისი დამთავრების მერე კი, ტანიას ხელი ვთხოვე და ის ცოლად გამომყვა.“

„ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „კავკასიელი ტყვე ქალის“, „ბრილიანტის ხელის“ და სხვა საბჭოთა კინოშედევრის ავტორის, ლეონიდ გაიდაის პირველი ნაბიჯები კინოში წარუმატებელი იყო და ამას, ლეონიდ იოვიჩი მე მაბრალებდა.

1959 წელია. 25 წლის სიმპათიური ბიჭი ვარ და ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში, ნელ-ნელა ვიკიდებ ფეხს. ერთ დღეს, რეპეტიციის შემდეგ, გამხდარი, მაღალი, ცოცხალთვალება, სათვალიანი მამაკაცი საგრიმიოროში შემომეჭრა და მეუბნება:

– მე ლეონიდ გაიდაი ვარ, კინორეჟისორი. ვიღებ ფილმს გაქნილ თაღლითზე, რომელშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოთ. ზეგ „მოსფილმში“ საცდელი გადაღებები იწყება და დილის ცხრა საათზე გელოდებით. აი, სცენარი და გაეცანითო...

გაიდაი ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სცენარი წავიკითხე და მომეწონა. მე ფილმში, რომელსაც სამუშაო სახელწოდება „არამზადა“ ერქვა, არამზადის მთავარი როლი უნდა მეთამაშა. ერთ ეპიზოდში, მთავარი გმირი ქალის სამოსშია გამოწყობილი და თავის მორიგ მსხვერპლს „კერავს“, რომ შემდეგ დააძინოს და გაძარცვოს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეატრის ხელმძღვანელობამ მოსკოვში ოთხი დღით გამიშვა საცდელ გადაღებებზე. „პრობები“ (საცდელი გადაღებები) წარმატებით მიმდინარეობდა. მესამე დღეს ქალად გადაცმული კაცის დუბლები უნდა გადაგვეღო და გაიდაიმ მითხრა:

– მნიშვნელოვანი სცენაა და აბა, შენ იცი, როგორ შეხვალ როლშიო.

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა. მე, ჩვენი გრიმიორის მეშვეობით, ქალის ისეთი მაკიაჟი გავიკეთე და ისე „ნაშურად“ „ჩავიშმოტკე“, რომ ვერავინ მცნობდა. როლში რომ უფრო ღრმად შევსულიყავი, ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო, თან უკანალს გამოცდილი ბოზივით მივიქნევდი. ძველებმა რომ ახალი დამინახეს, ამითვალწუნეს და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კლიენტი კაცები ბუზებივით დამესივნენ. „ყოჩაღ, ოლეგ, სანიმუშოდ შეხვედი როლში, რადგან ყველას ბოზი ქალი ჰგონიხარ“, – სიხარულით გავიფიქრე ჩემთვის და ის-ის იყო ბოზების ბირჟა უნდა დამეტოვებინა, რომ მილიციამ „აბლავა“ მოაწყო და დანარჩენებთან ერთად, „ვორონკით“ მეც ლენინის რაიონის მილიციაში მიმიყვანეს. იქ კი მილიციელებმა მხოლოდ მაშინ დაიჯერეს, რომ კაცი ვიყავი, ქვედა საცვლები რომ გავიძრე და ჩემი მამაკაცური ღირსება გამოვაჩინე. ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ გაიდაის უხამსი ფილმის გადაღების მცდელობაში დასდეს ბრალი და „არამზადას“ გადაღებები გააუქმეს. ლეონიდ გაიდაიმ კი მითხრა:

– ე, ოლეგ, ოლეგ, რომ არა შენი ბოზქალური მიდრეკილებები, გადაღებას არ ამიკრძალავდნენ. ყველაფერს ვფიცავ, შენ ჩემს ფილმში ბუჩქის როლსაც კი არასდროს გათამაშებო.

ასე დასრულდა ჩემი და ლეონიდ გაიდაის თანამშრომლობა. თუმცა, მეგობრებად მთელი ცხოვრება დავრჩით“.

„გასული საუკუნის სამოციან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი კინორეჟისორი, ედმონდ კეოსაიანი კარიბის ზღვაში, კუბის ნაპირებთან სათავგადასავლო ფილმის სინჯებს იღებდა. მე და იმ დროს უკვე ცნობილი საბჭოთა კინოვარსკვლავი, სერგეი ფილიპოვი ვიყავით მიწვეულები. სინჯებში იყო ასეთი სცენა: მე არყით სავსე ბოთლებს ერთ-ერთ მატროსს ვესროდი, რომელიც მათ იცილებდა, ბოთლები წყალში ცვიოდა და რა თქმა უნდა, იკარგებოდა. გადაღებისთვის სამი ყუთი არაყი (60 ბოთლი) გვქონდა მომარაგებული. ფილიპოვი, როგორც ცნობილია, არყის დიდი მოყვარული გახლდათ. ამიტომ, ის კეოსაიანთან მოვიდა და შესთავაზა, რომ არყით სავსე ბოთლები წყლით აევსოთ და ამის მერე გადაეღოთ ეს სცენა, ხოლო არაყი, დიდ ჭურჭელში გადაესხათ. კეოსაიანმა სასტიკი უარი სტკიცა და მაშინ, ფილიპოვი ჩემთან მოვიდა. მთხოვა:

– ოლეჟკა, ბოთლების სროლას რომ დაიწყებ, ეცადე, გემბანს არ მოარტყა და რომ არ გატყდეს, პირდაპირ წყალში გადაუძახეო.

მე გამეცინა და ვკითხე:

– რაში გჭირდებათ ეს? ბოთლები ხომ მაინც უნდა დაიკარგოს და არაყი ზღვაში ჩაიძირება თუ გემბანზე დაიღვრება, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

– გული მიკვდება, როცა ვხედავ, როგორ იღვრება ეს კეთილშობილი სითხე ტყუილად, – მიპასუხა სერგეი ნიკოლაევიჩმა და ასეთი არგუმენტებული პასუხის შემდეგ, უფლება არ მქონდა, რომ არაყი გემბანზე დამექცია...

სინჯები საკმაოდ წარმატებულად გადავიღეთ. სულ სამ დუბლში ჩავეტიე და მხოლოდ ორი ყუთი არაყი დავხარჯე. თუმცა, კინაღამ დიდი ტრაგედია დატრიალდა. მესამე დუბლი რომ დასრულდა, ჩვენმა ბოცმანმა ღრიალი ატეხა: კაცია ბორტს იქით, კაცია ბორტს იქითო... ის კაცი კი არყის დიდი ტრფიალი, კინოვარსკვლავი სერგეი ფილიპოვი აღმოჩნდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, უკვე მესამე გზას აკეთებდა და ზვიგენებით სავსე ზღვიდან წყალში გადაყრილ არყის ბოთლებს გემზე ეზიდებოდა. ზვიგენები კი მას წრეს უვლიდნენ და ალბათ, შოკირებულები იყვნენ სერგეი ნიკოლაევიჩის გაუგონარი თავხედობით... რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, კეოსაიანმა ფილიპოვს მესამე არყით სავსე ყუთიც უფეშქაშა და  ამით სერგეი ნიკოლაევიჩი უზომოდ გააბედნიერა“.