„პროპორციული არჩევნებით შეიძლება მივიღოთ ის, რომ გუგავა კი არა, ისევ მიშა მოვიდეს“

„პროპორციული არჩევნებით შეიძლება მივიღოთ ის, რომ გუგავა კი არა, ისევ მიშა მოვიდეს“

„ქართული ოცნების“ შეთავაზებას ბარიერის 3%-მდე დაწევა, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვება და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლა მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომელმაც ლიდერთა საბჭო შექმნა. სწორედ ეს გაერთიანება იმუშავებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტიც, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება რეალურ კომპრომისზე არ მიდის. მათივე შეფასებით, სისტემა, რომლითაც უმრავლესობა აპირებს 2020-ში ჩაატარონ არჩევნები, არ ვარგა. ოპოზიციის განმარტებით, კონსენსუსი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გადავა სამართლიან საარჩევნო სისტემაზე. ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობის შეთავაზებას არ ღებულობს და ლიდერთა საბჭოს ქმნის.

პოლიტიკური ერთობა „ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

„მთავარი საკითხი არის, რომ არის საკონსტიტუციო ცვლილებები და ის დაცინვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მთელი საზოგადოების წინაშე და მეორე არის გაყალბების მანქანა, რომელიც უკვე აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“, ე.წ. მწვანე უბნები, რომლებიც აქვს და ფაქტობრივად არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებლობა და მათი პოზიციის ბოლომდე გატანა.

„ჩვენი წინადადებები არ არის გაზიარებული ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავარქვა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც გაუთვალისწინებლობა ხელისუფლების მხრიდან და საკუთარი პოზიციის გატანა ბოლომდე და არ გაზიარება ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და პრეზიდენტის შეთავაზებისა. ხოლო რაც შეეხება, თუ რა მოხდება შემდეგ - სრული საფუძველი მაქვს იმისა, რომ ვიფიქრო, რომ არაფერიც არ მოხდება. იმიტომ, რომ 2020 წელსაც უნდა ყოფილიყო პროპორციული სისტემა“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

კონსენსუსის ერთადერთ გზად 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიიჩნევს „ევროპული საქართველო“. როგორც პარტიის წევრი, გიორგი ტუღუში აცხადებს, ეს არის სწორედ ამოსავალი წერტილი.

„მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის სწორედ ის, რომ არჩევნები 2020 წელს ჩატარდება პროპორციული სისტემით. ეს არის სწორედ ამოსავალი წერტილი და აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. იმიტომ, რომ ეს აზრს უკარგავს ყველაფერ დანარჩენს, რაც შეიძლება ჩაიდოს კონსტიტუციის ახალ პროექტში“, - ამბობსგიორგი ტუღუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არანაირი დათმობა არ არის. მისი თქმით, ვენეციის კომისიას წარედგინა კონსტიტუციის პროექტი, სადაც ნათქვამია იყო, რომ გამართულიყო პროპორციული არჩევნები 2020 წლიდან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლებამ შეცვალა, მოატყუეს ქართველი ხალხი, მოატყუეს ვენეციის კომისია, ახლა ერთ კონკრეტულ საკითხზე ვაჭრობით ცდილობს, რომ დაარღვიოს ოპოზიციური ერთიანობა“, - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

„ქართული ოცნების“ შეთავაზებას ბარიერის 3%-მდე დაწევა, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვება და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, ამაზე მეტი დათმობა წარმოუდგენელია.

„თუ ამ დათმობაზეც არ მოდის ოპოზიცია, მაშინ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ნაცვლად პირდაპირ უნდა ჩავწეროთ, რომ „ოცნება“ წავა და გუგავა მოვა. 2024 წლამდე არის მცირე შანსი, რისიც მე მაინცადამაინც არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“, გარდა ნაცმოძრაობისა, რეალური ოპოზიცია ჰყავდეს და რეალური ალტერნატივა გაჩნდეს პარლამენტში. 2020-ში ასეთი შანსი არ არის. თუ, რასაკვირველია, იმისი არ გჯერათ, რომ „გუგავა მოვა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმი, იმ შემთხვევაში თუ პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა, მაშინ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება საერთოდ დამღუპველი იქნება პოლიტიკური სტაბილობისათვის.

„მითხარით ერთი პარტია მაინც, გარდა „ოცნებისა“, ან ნაცებისა, რომელსაც საკუთარი მთავრობის ფორმირება შეუძლია და მაშინ მეც ვიტყვი, რომ 2020-ში სუფთა პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ არა და, პროპორციული არჩევნებით შეიძლება მივიღოთ ის, რომ გუგავა კი არა ისევ მიშა მოვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ როგორც მარგველაშვილი შეეკრა ნაციონალებს, იმასვე იზავს ყველა წვრილ-წვრილი პარტია.

ასე რომ, ამაზე მეტი დათმობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შესაძლებლობა იმისა, ვინც მოახერხებს 2020 წელში ძალიან დაბალი ბარიერის გადალახავს ბლოკების პირობებშიც კი, შესაძლებელია უკვე 2024 წლისთვის ჩამოყალიბდეს სერიოზულ პოლიტიკურ ძალად.

მაგრამ ოპოზიციას განვითარება არ აინტერესებს, მხოლოდ ადგილები უნდათ, სხვა არაფერი. მუშაობენ უკამყოფილო ხალხზე. ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ გამოხატავენ მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას, რაც არის ყალბი“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.