ბანკები ფულის შოვნის მარტივ გზას დაადგნენ

ბანკები ფულის შოვნის მარტივ გზას დაადგნენ

ვალუტის ყიდვა-გაყიდვით ბანკები კოლოსალურ მოგებას იღებენ. ასევე უზარმაზარი შემოსავალი აქვთ ჯარიმებიდან და საკომისიო მომსახურებიდან. გამოდის, რომ ადგილობრივი კომერციული ბანკები მისი პირდაპირი დანიშნულების ნაცვლად, სულ სხვა მიმართულებით აფართოებენ თავიანთ საქმიანობას.

ბანკებმა 2017 წლის 2 კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს. მხოლოდ პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა,  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

„სავალუტო ოპერაციებიდან მიღებულ თანხებთან დაკავშირებით გამოვყოფ ორ მხარეს. პირველი - ბიზნესის კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან კარგი შედეგი ბანკებისთვის და ბანკს ვერ დავუშლით, რომ არ მიიღონ შემოსავალი, თუ ამის საშუალება აქვთ. თუ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, აქ ასეთები და უარესებიც ხდება.

მეორე მხრივ, რამდენად ლოგიკურია 114 მილიონი ლარის მიღება ბოლო ორ კვარტალში სავალუტო ოპერაციებიდან - ეს კითხვა უნდა დაისვას ეროვნული ბანკის წინაშე, რომელიც არის რეგულატორი. ვფიქრობ, სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს ამას პასუხი - რამდენად ლოგიკურია, რამდენად სწორია და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს შეადაროს. როცა აღმოჩნდება, რომ შედარების თვალსაზრისით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა განვითარებად ქვეყნებს შორის -  აქ უკვე გაჩნდება კითხვა, ასე რატომ ხდება? ქართული ბანკები კი სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობით განვითარებად ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზე ნამდვილად არიან.

რეგულატორმა, ანუ ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვას, რატომ იღებენ ბანკები ასეთ მაღალ შემოსავალს სავალუტო ოპერაციებიდან და ამავე ოპერაციებიდან არასაბანკო სექტორი არ იღებს ასეთ მაღალ შემოსავალს. ჩვენ ბანკს შეგვიძლია დავუწესოთ შეზღუდვები, რის მიხედვითაც შევძლებთ ამ შემოსავლის შემცირებას. მაგალითად, სავალუტო ოპერაციებში ჩაუდო კურსი, მოგეხსენებათ კომერციული ბანკების კურსი ზოგჯერ არის არაადეკვატური. თუ დღეს სავალუტო კურსი არის 2.47 და 2.48 არის ბაზარზე, ბანკში ამ დროს არის 2.50, შესაბამისად, ეს 2–პუნქტიანი განსხვავება ბანკს უკვე აძლევს მეტ შემოსავალს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ირაკლი ბერძენაძემ.

სავალუტო ოპერაციების კომპონენტში ეს არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ კომერციული ბანკები (ძირითადად 2-3 ბანკი) ხშირად სპეკულაციურად ზემოქმედებენ გაცვლით კურსზე და ამით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ. ცნობილია, რომ „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში სწორედ ბანკებს შეუძლიათ ვალუტით ვაჭრობა და რაც მთავარია იქ ყველა ინფორმაცია დახურულია. გაუმჭვირვალე სისტემაში კი რა ხდება, საქართველოს მთავრობის წევრებმაც არ იციან. ლარის ბოლოდროინდელი არაადკვატური გაუფასურების შედეგიც სწორედ საბანკო სპეკულაციებია.

საბირჟო საქმის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზები არ არსებობს და ლარის მკვეთრი ვარდნა საბანკო მაქინაციებს უკავშირდება შედეგია.

„ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების ფუნდამეტური ფაქტორები არ არსებობს, რადგან ცვლილებები არ არის არც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში და არც სავაჭრო ურთიერთობებში. ერთადერთი, რაც შეიძლება ლარის გაუფასურების მიზეზად დასახელდეს, ბანკების სპეკულაციური ოპერაციებია. დღეს არსებული `ბლუმბერგის~ სავაჭრო სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ პატარა თანხებით მოახდინონ სავალუტო კურსის კორექცია. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ცვლილებები არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ ობიექტურ მდგომარეობას, ანუ რეალურად ასიმეტრიული და არაადეკვატურია რეალობასთან. ამის საშუალებას ეროვნული ბანკის პოლიტიკა იძლევა, რომ ბანკებს შეუძლიათ თვითნებურად კურსის ფორმირება“, - აცხადებს ხომიზურაშვილი.

რამდენიმე წლის წინ ჩათვალეს, რომ ბანკები საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია, მათთვის ბევრი შეღავათი დაწესდა, რის შედეგადაც ბანკებმა ყველა სფერო ხელში ჩაიგდეს და მთელი ქვეყნის ეკონომიკას და მთავრობასაც თავის პირობებს კარნახობენ.

„საბოლოო ჯამში მივიღეთ ის სიტუაცია, რაშიც დღეს ვართ. ჩვენ არ შეიძლება არ გვესმოდეს ბანკის მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკაში. მაგრამ როდესაც ბანკი მოგების მოცულობაში ჯარიმებით მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობით, ეს კარგი არ არის“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი რომან კაკულია.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს. ამისთვის კი ძალიან მახვილი თვალია საჭირო.