ჯერ კიდევ 2013 წელს წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობისთვის“ თანხების აშკარად შეწირვას ქართველი ბიზნესმენები ერიდებოდნენ. თუმცა უცნობი წყაროებიდან „ნაციონალებს“ მაინც მისდიოდათ შემოწირულობები, რასაც ისინი იდეოლოგიური მომხრეების სიმრავლით ხსნიდნენ. დღეს „ნაციონალების“ იდეოლოგიამ, თუკი ასეთი არსებობს, „ევროპულ საქართველოში“ გადაინაცვლა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ „ევროპულ საქართველოდ“ რეინკარნირებულმა „ნაციონალებმა“ გამარჯვებული პარტიის -„ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს.
მთლიანობაში, აგვისტოში პარტიებმა 4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 3 მილიონზე მეტი „ქართულ ოცნებას“ ერგო.
საუბარია 1-დან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე, როცა ყველაზე მეტი შემოსავალი -3 412 420 ლარი „ოცნებამ“ მიიღო, აქედან 3 239 000 ლარი შემოწირულობა იყო, ხოლო 173 420 ლარი - საბიუჯეტო შემოსავალი.
156 294 ლარი მიიღო „ევროპულმა საქართველომ“, აქედან 77 450 ლარი შემოწირულობაა, ხოლო 78 844 ლარი - საბიუჯეტო შემოსავალი.
„ნაცმოძრაობის“ ჯამურმა შემოსავალმა 90 741 ლარი შეადგინა, აქედან 85 144 საბიუჯეტო შემოსავალია და მხოლოდ 5 232 ლარია შემოწირულობა. „გაერთიანებული დემოკრატიული“ მოძრაობის შემოსავალმა 83 086 ლარი შეადგინა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისამ“ - 61 951 ლარი.
ამას ემატება სოლიდური თანხების გაღება რეკლამისთვის. აგვისტოში „ოცნებამ“ რეკლამაზე 3 მილიონი ლარი დახარჯა, „ევროპულმა საქართველომ“ - 100 ათასი, „ნაცმოძრაობამ“ - 11 ათასი.
ქვეყანაში, სადაც სოციალური გაჭირვებაა, წინასაარჩევნოდ სოლიდური თანხების აკუმულირება ხდება. საინტერესოა, საიდან მოდის ამდენი ფული და რამდენად კანონზომიერია ამ რაოდენობის თანხების ხარჯვა არჩევნების გადასაგორებლად?
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის პარტიული, სისტემური გაუმჭვირვალობის საკითხი და, თუ ამგვარი პარტიული სისტემა, კანონმდებლობა კვლავაც შენარჩუნდა, პრობლემა დიდხანს იარსებებს. მეორე მხრივ, ცალკეული მარგინალური პარტიების დაფინანსების გარკვევის საკითხი არჩევნებს უნდა მივანდოთ.
„ბოლო არჩევნების შედეგები უნდა გავითვალისწინოთ. ფაქტია, ამომრჩეველთა რაღაც რაოდენობა, ჯამურად, დაახლოებით ნახევარ მილიონამდე მაინც ჰყავდა გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას“, რომელიც ახლა გაცალკევებულია. ამდენად, ეს არჩევნები უკეთ გამოკვეთს, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ რამდენი ამომრჩეველი ეყოლება. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფი პარტია უპირატესობას მოიპოვებს ხოლმე შემოწირულობებთან დაკავშირებით. რამდენად ნებაყოფლობითია ეს შემოწირულობები, ამაზე პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან კანონმდებლობა არ გვაძლევს ამის საშუალებას.
მართალია, საბიუჯეტო დაფინანსება გააჩნიათ კვალიფიციურ სუბიექტებს, მაგრამ ამასთან ერთად, ისინი ჩვენი, ანუ გადასახდების გადამხდელთა ფულსაც იღებენ. ეს მარტივად ხდება. თუკი ბიუჯეტი აფინანსებს რომელიღაც პროექტს, რომელსაც რომელიღაც კონტრაქტორი კომპანია იგებს, შესაბამისად, ჩვენი, ანუ ბიუჯეტის ფული მიდის ამ კომპანიაში გარკვეული ინტერესის სანაცვლოდ. შემდგომ უკვე ის კომპანია აფინანსებს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას. ანუ არაპირდაპირი შესყიდვების მეშვეობით ჩვენი ფული მიდის ისევ პარტიაში, რომელსაც შეიძლება ჩვენ სულაც არ ვუჭერდეთ მხარს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და ფიქრობს, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად სწორად წარიმართა შესყიდვების პროცესი.
თუკი იმდენი თანხა დარჩა კონკრეტულ კომპანიას, ან ბიზნესმენს, რომ მოგების გარდა შემოწირულობის გაკეთება შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ ტენდერი და შესყიდვები წარიმართა დაუსაბუთებლად, ანუ ზემოგებით. ამიტომ ამ სისტემას გადაუდებელი რეფორმა სჭირდება.
ლევან ალაფიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს ამ თემაზე, რადგან ამ სისტემით ისინიც „ცოცხლად“ ინარჩუნებენ თავს. მათ ეძლევათ უფასო სარეკლამო დრო, ხელეწიფებათ საარჩევნო ადმინისტრაციაში თავისი წევრების პერიოდული დასაქმება და სხვა. ეს სისტემა კი საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
ამდენად, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებულნი აუდიტის სამსახურზე, რომელიც, თავის მხრივ, ამა თუ იმ პირის კეთილ ნებასა და ჩვენებაზეა დამოკიდებული. სისტემა არ გვაძლევს წვდომას ე.წ. დაფინანსების წყაროს შესახებ და არ ვიცით, დაკითხვაზე გამოძახებული პირი შარშან, შარშანწინ, ათი წლის წინ რა საქმიანობას ეწეოდა და პოლიტიკური ფესვები ხომ არ აქვს მის ფინანსებს?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ჩვენი ბიზნესი ნახევრად შემდგარი სეგმენტია. ბიზნესი არის ხელისუფლების მომსახურე სეგმენტი და, ვინც ხელისუფლებაშია, სწორედ მას უხდიან ფულს. აქედან გამომდინარე, ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ელემენტი. თუმცა ყოველ დროში ასე ხდებოდა. ედუარდ შევარდნაძის დროსაც ასე იყო, ეს გრძელდებოდა სააკაშვილის დროსაც და ა.შ. ფაქტობრივად, ეს არის კომუნისტური კლიშე, დამახინჯებული კომუნისტური ფსიქოლოგიაა.
„ხელისუფლების სათავეში „ოცნება“ იქნება, „პატრიოტთა ალიანსი“, თუ „ლეიბორისტული პარტია“, დღევანდელი ბიზნესსტრუქტურები ისევე გადაუხდიან ფულს, როგორც ცეხავიკები იყვნენ მაშინდელი კომუნისტური პარტიების მთავარი დამფინანსებლები. კომუნისტები მათ საშუალებას აძლევდნენ, ქურდული მარცხენა ფული გაეკეთებინათ. მერე კი ისინი ფულის ნაწილს უკანვე უნაწილებდნენ. თქვენ გგონიათ, მოსკოვიდან შემოდიოდა დიდი ტრანში და ამით ხდებოდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის დაფინანსება? სწორედ ცეხავიკები აფინანსებდნენ საქართველოს კომუნისტურ პარტიას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ექსპერტი მის უკან მოიაზრებს კეზერაშვილს, ანუ სააკაშვილის პირად კაცს, რომელმაც სააკაშვილს პანღური ამოარტყა და, რომელიც ფულს უკვე ახმარს „ევროპულ საქართველოს“; გარდა ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, „ევროპულ საქართველოს“ დასავლეთშიც ჰყავდეს გარკვეული წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც დაინახეს რა სააკაშვილში რეალური საფრთხე, მის დაფინანსებას შეეშვნენ და ახლა „ევროპულ საქართველოსკენ“ გადაინაცვლეს.
„ნაცმოძრაობა“ კი დარჩა მხოლოდ სააკაშვილის ერთგული გვარდიელების ამარა. ნაყოფიები და სხვები ვალდებულნი არიან, გაიღონ შესაწირი, რადგან ეს ფული ნაყოფიასი კი არ არის, არამედ „ნაცმოძრაობისაა“, რომელიც ნაყოფიაში ჩადეს. ასე რომ, ეს ძალზე პრიმიტიული სქემაა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში გაჭირვებაა, მაგრამ ნაყოფიების, კეზერაშვილების და ცეხავიკი ბიზნესმენების ფული მაინც ტრიალებს. ამდენად საინტერესოა, ესენი ქმნიან ქართულ ეკონომიკას?