„თავად ფაქტია მთავარი, რომ მასწავლებლის პროფესიას ამხელა ყურადღება მიექცა“

„თავად ფაქტია მთავარი, რომ მასწავლებლის პროფესიას ამხელა ყურადღება მიექცა“

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა. მათი ნაწილი თბილისიდანაა, ნაწილი კი -საქართველოს რეგიონებიდან.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში პირველ ეტაპზე საუკეთესო ათეული დასახელდა, 18 სექტემბერს კი ამ ათეულიდან უკვე ხუთი ფინალისტიშეირჩა. მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 18 კაციანი ჟიური რომელიც დაკომპლექტებულია განათლების სპეციალისტებითა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით. შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ჟიურიმ დიდი ყურადღება დაუთმო მონაწილეთა სამოქალაქო აქტივობას.

ჟიურის კიდევ ერთი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან ამ ხუთეულიდან გამოსავლენია ერთი რჩეული, რომელსაც სოლიდური ჯილდო გადაეცემა.

გამარჯვებული ხუთეულიდან ერთ-ერთი ეკა წულუკიძეა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სვანეთიდან, სოფელ ფარიდან, სადაც იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

For.ge-სთან საუბარში ეკა წულუკიძე არ მალავს, რომ წარმატება მისთვის მოულოდნელი იყო. ჯერ ათეულში, შემდეგ კი ხუთეულში მოხვედრას არ ელოდა, რადგან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საკონკურსო აპლიკაცია მეტად თავდაჯერებულმა და ღირსეულმა პედაგოგებმა, ძლიერმა კონკურენტებმა შეავსეს.

მაინც ფიქრობს, რომ ჟიურის ყურადღება, ალბათ, იმ საზოგადოებრივი საქმიანობის გამო მიიპყრო, რასაც ეწევა  მესტიის რაიონის სოფელ ფარში, რთულ პირობებში. ამ რეგიონში იოლი არ გახლავთ რამის მიღწევა, რადგან ხელს გიშლის გეოგრაფიული მდებარეობა, რესურსებთან ხელმიუწვდომლობა. მით უმეტეს, ახალგაზრდობისთვის ძნელია სოფლად ყოფნა, სადაც მათი განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.

„ამ ფონზე ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის დავიხარჯო და რაღაც გავაკეთო. ამ მიზნით ჩამოვაყალიბე სამოქალაქო კლუბი, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი კვალი დატოვა, ბევრი რამ მისცა ბავშვებს.კლუბის ფარგლებში ხუთი საგრანტო პროექტი მოვიპოვეთ. ეს ის წლები იყო, როცა არც ბიბლიოთეკა არსებობდა ჩვენთან, არც ტექნიკა და გრანტების საშუალებით სასკოლო ბიბლიოთეკა შევქმენით, შემდეგ მოვიპოვეთ ტექნიკა, აპარატურა, აღჭურვილობა ბიბლიოთეკისთვის“, - გვითხრა ეკა წულუკიძემ და ისიც გაგვიმხილა, რომ ჟიური საკმაოდ ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხებს ითხოვდა ყველაფერზე, რათა კონკურსანტებსუკეთ წარმოეჩინათთავიანთირეალური საქმიანობა.

გამარჯვებული პედაგოგი თავის კოლეგებსაც მოუწოდებს, მომავალ წელს მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში, რაც ხელს უწყობს ნიჭიერ, მოტივირებულ პედაგოგთა აღმოჩენას, პროფესიის პოპულარიზებას.მსგავსი კონკურსებიხომ სხვა მასწავლებლებისთვისაც სტიმულია, რადგან ხედავენ, რომ მათი შრომა ფასდება.

კოალიცია „განათლება ყველასათვის“ წარმომადგენელი, „მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს“ ჟიურის წევრი რევაზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ პირველი კონკურსის კვალობაზე „მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო“ მოლოდინს ამართლებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი ორგანიზატორები შეეცადნენ გამჭვირვალე ყოფილიყო როგორც შეფასების კრიტერიუმები, ისე შეფასების მომენტი.

For.ge-სთან საუბარში რევაზ აფხაზავა აცხადებს,რომ თავდაპირველად ყველა აპლიკაცია, როგორც მინიმუმ, ჟიურის ექვსმა წევრმა წაიკითხა, რათა თავი დაეზღვიათ შეცდომებისგან. ამ პრინციპით შეარჩიეს მაღალქულიანი აპლიკაციები და პირველი ათეულისგამოვლენის შემდეგ, მათთან გასაუბრების საფუძველზე, შეირჩა ხუთი ფინალისტი.

„ეს ხუთეული ადგილებზეც გადავამოწმეთ. გარდა იმისა, რომ ვითვალისწინებდით მათ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ანუ რას აკეთებდნენ ისინი საკლასო ოთახში, ასევე, ყურადღებას ვაქცევდით მათ მოქალაქეობრივ-სოციალურ აქტივობას, იმ კონტექსტს, იმ გარემოს, სადაც უწევდათ მოღვაწეობა. ჟიურიმ კონსენსუსით მიიღო გადაწყვეტილება და 18-ივე წევრი შეთანხმდა ამ გადაწყვეტილებაზე. ვეცადეთ, ობიექტურები ვყოფილიყავით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამათ გარდა არ გვყავს უკეთესი მასწავლებლები. შესაძლოა, ამ კონკურსანტებზე უკეთესი პედაგოგებიც გვყავდეს, მაგრამ მათ ამ ეტაპზე თავი შეიკავეს კონკურსში მონაწილეობისგან, ან აპლიკაციაში თავიანთი შესაძლებლობები ისე კარგად ვერ წარმოაჩინეს. მოგეხსენებათ, კარგი საქმის მკეთებელი ადამიანები თავმდაბლებიც არიან და უჭირთ ხოლმე საკუთარ წარმატებებზე საუბარი. ამდენად, ადგილებზე რომ ჩავედით, მათ მიერ გაკეთებული უფრო მეტი საქმე დაგვხვდა. ყურადღება გამახვილდა პოზიტიურ დინამიკაზე, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მოსწავლეები მანამდე და კონკრეტული მასწავლებლის დახმარებით რა შეიცვალა მათში“, - აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.

მანვე ერთ საინტერესო ფაქტს მიაქცია ყურადღება, რომ კონკურსის მონაწილეები ძალზე კოლეგიალურნი იყვნენ და კონკურსის მსვლელობისას ერთმანეთის მხარდამჭერი გარემო სუფევდა. მთლიანობაში, საკონკურსო აპლიკაცია 700-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო, აქედან 114 იყო დასრულებული განაცხადი და სწორედ მათგან მოხდა ჯერ 10, შემდეგ კი 5 საუკეთესოს გამოვლენა.

„ცალკეულ პედაგოგებთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი გამოითქვა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ისინი ათეულ ფინალისტთა შორის, მაგრამ ათეული ათეულია და ყველას იქ მოხვედრა შეუძლებელია. გამარჯვებულ ხუთეულს შორის კი სამი წარმომადგენელი არის რეგიონიდან - ლანჩხუთიდან, გორის რაიონიდან, სვანეთიდან, ხოლო ორი მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან არიან. ცხადია, ამ ხუთიდან გამარჯვებული ფინალისტი ერთი იქნება და მას ათი ათასი ლარი გადაეცემა. ფულად ჯილდოებს მიიღებენ, ასევე, ხუთეულის წარმომადგენლები და დაჯილდოვდებიან ათეულში მოხვედრილებიც“.

თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საბოლოო გამარჯვებული, რევაზ აფხაზავა განმარტავს, რომ ყველა კრიტერიუმით უნდა იყოს გამორჩეული, მაგრამ, განსაკუთრებით, ჟიურის სურვილია, გამოვლინდეს ყველაზე აქტიური პედაგოგი, აქტიური მოქალაქე, რომელიც გარდა თავისი კონკრეტული საგაკვეთილო ამოცანების გადაჭრისა, ფართო მასშტაბის ხედვითა და ცვლილებებზე ორიენტირებით გამოირჩევა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ბევრი მასწავლებელი ატარებს კარგ გაკვეთილს, მაგრამ ჟიურიმ მხოლოდ ამ კრიტერიუმით რომ იხელმძღვანელოს, მაშინ კონკურსის თითქმის ყველა მონაწილე პედაგოგი უნდა დაჯილდოვდეს.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ჟიურის წევრი ელიზბარ ელიზბარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ, როგორც წესი, ნებისმიერი კონკურსი არა მხოლოდ კონკურსანტისთვისაა რთული, არამედ ჟიურის წევრთათვისაც. პირველ ეტაპზე, როცა კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, შედარებით იოლია დიფერენცირება, მაგრამ, როდესაც წრე ვიწროვდება და გიწევს გამარჯვებული ფინალისტის არჩევა, გადაწყვეტილების მიღება უკვე რთულია.

„პირველ ეტაპზე თბილისიდან უფრო მეტი განაცხადი შემოვიდა და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ ამ პროექტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პიარი, ინფორმაციის მიწოდება ისეთი მაღალი ხარისხის იყო, რომ, პრაქტიკულად, ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი არაერთი კანდიდატი. მიუხედავად იმისა, კონკურსი როგორი შედეგით დასრულდება, თავად ფაქტია მთავარი, რომ მასწავლებლის პროფესიას ამხელა ყურადღება მიექცა. დანარჩენი უკვე დეტალებია. დღეს მასწავლებელთა კოჰორტას პრესტიჟულობის შეძენა სჭირდება“. 

შეგახსენებთ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში დაწესებული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და ეს გახლდათ კოალიცია - „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ინიციატივა. პედაგოგის პრესტიჟის ასამაღლებელ ინიციატივას მხარი დაუჭირა და თანაორგანიზატორი გახდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ასევე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერებად მოიაზრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“   გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize”-ის ნაწილია და ქართულ სინამდვილეზეა მორგებული.