ილია მეორე დუმილს არღვევს

ილია მეორე დუმილს არღვევს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხანგრძლივ დუმილის არღვევს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია. უწმინდესი საგანგებო მიმართვაში აცხადებს, რომ დღეს რთული დროა, საქართველოს მიმართებაში მრავალთა ინტერესი იკვეთება.

„ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ - საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის, მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად. თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის სკანდალური საქმის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოს წინააღმდეგ ახალი და არანაკლებ ხმაურიანი ბრალდება გაისმა. ბრალდების ავტორი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხნაშვილია, გამხმოვანებელი კი - ისევ „რუსთავი 2“. რაც შეეხება ბრალდებას - რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-მა სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში ძებნილი პირები პატრიარქის სახლში ცხოვრობდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები თავს საქართველოს საპატრიარქოს აფარებდნენ, საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ეხმაურება, რომლის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ამ დრომდე ელოდება საქართველოდან ერთ-ერთი ბრალდებულის ექსტრადიციას.

„ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად და მათი თურქეთში ექსტრადიციის პროცესი თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ჩვენ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მივაწოდეთ. ორივე პირი საქართველოში სამართალდამცველებმა 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაეცა თურქულ მხარეს. მეორე პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი, პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ტერორიზმში დადანაშულებულმა თურქეთის მოქალაქეებმა 2014 წელს ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოში ყოფნის პერიოდში, ან მათთან კავშირში მყოფი საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა.

თურქეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან, აღნიშნული პირები იძებნებოდნენ შეირაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოში ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კერძოდ, ერთი პირი ექსტრადირებული იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე პირის მიმართ, ამჟამადაც გრძელდება საექსტრადაციო პროცედურები.

ერთ-ერთი პირი, ვინც ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში ძებნილი პირები პატრიარქის სახლში დააბინვა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძეა, რომლის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობის ლაზები ჩამოდიან და ის თავადაც ჩართულია ე.წ. ლაზურ პროექტში. მისი თქმით, ლაზებს პატრიარქის სახლში ღამე არ გაუთენებიათ. მათთვის საპატრიარქოს უნივერსიტეტში ყოველთვის იყო გამოყოფილი ოთახები.

გარდა ამისა, გიორგი ანდრიაძე საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს. ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

„საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პიროვნებების მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას. სწორედ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა.

გთხოვთ, გაასაჯაროვოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელთაც 2016-2017 წლებში მარგველაშვილისგან მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე“, - აღნიშნულია გიორგი ანდრიაძის წერილში.

როგორც გიორგი ანდრიაძე განმარტავს, ორმაგ მოქალაქეობას წარმოშობით 17 ლაზი ითხოვდა, მათ შორის იყვნენ შემდეგი პირები: იალჩინ სონბაი, ბურჩინ გურკანი, ალი ექსილმეზი, ალი ჩაღალი, ალი ინჯე, ნილგუნ ჩაღალი, თოლგა ჩაკირი და რეჯებ დემირჩი, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეობა არ მიანიჭა.

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას აბსურდს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუმცა, პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასდროს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა ცხადია, ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ მსოფლიო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს თურქეთის ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტერორიზმში დადანაშაულებას. როგორც თეოლოგი აცხადებს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მკაცრად დასაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა, ან არ მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში.

„საერთოდ, მსოფლიო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს ამ ყოველივეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია დაკავებული, რომელიც სავარაუდოდ არის უდანაშაულო. თუ საქართველოს მთავრობა, ან საპატრიარქო შეიფარებს ვინმეს და არ გადასცემს, ეს მხოლოდ ადამიანური და ჰუმანური აქტია. ის ისტორიის მასწავლებელია თუ ტერორისტი, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ და სასამართლომ.

მაგრამ ცხადია, რომ თურქეთის სახელმწიფო მიკერძოებულია და ევროპის ქვეყნები არ გადასცემენ ასეთ პიროვნებებს, იფარებენ. ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქო არანაიარად არ არის ამოვარდნილი ამ მოსაზრებიდან. თუ ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე შეიფარებს პატრიარქი თავის სახლში იმ პიროვნებას, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება დევნის, ამაში ცუდს არაფერს ვერ ვხედავ. პირიქით, პოზიტიურად ვუყურებ ამას“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.

თეოლოგის შეფასებით, ტერორიზმში ბრალდებული პირებისთვის საპატრიარქოში თავშესაფრის მიცემა არანაირ კავშირში არ არის ე.წ. ციანიდის საქმესთან. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ ორი საქმის ერთ საქმედ გაერთიანება, არასწორია.

„რასაკვირველია, ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა. პოლიტიკა რა არის - ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ვინაიდან, ითვლება, რომ საპატრიარქოს დიდი გავლენა აქვს, ამიტომ, რასაკვირველიააქ არის პოლიტიკური მოტივი“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.