ქურთისტანის სახით ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალი წყარო ჩნდება

ქურთისტანის სახით ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალი წყარო ჩნდება

ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება. ქურთების ე.წ. „საგზაო რუკის“ თანახმად, პლებისციტი 25 სექტემბერს არის ჩანიშნული. რეფერენდუმის ჩატარებას საფრთხის შემცველად ასახელებს რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი სახელმწიფო. ამის პარალელურად „როსნეფტი“ და ერაყის ქურთისტანი თურქეთსა და ევროპაში გაზის სატრანსპორტო მილსადენის გაშვებას 2019 წლიდან გეგმავენ.

რუსული ნავთობკომპანიის პრესრელიზშია ნათქვამია, რომ მხარეებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსებაში „როსნეფტის“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნულ პროექტზე საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება. „როსნეფტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქურთისტანის რეგიონული გაზსადენი უახლოეს წლებში მნიშვნელოვანი მოცულობის საწვავს მიაწვდის თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირი ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ერაყისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვან, ვინაიდან ამას შეიძლება რეგიონში ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.

„მოვუწოდებთ ერაყის ქურთთა რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მასუდ ბარზანის არ დაუშვას ეს სერიოზული შეცდომა. რეგიონში ისედაც ბევრი პრობლემაა - „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლა, მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სირიაში. ამ რეფერენდუმის შედეგად შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელიც პირველ რიგში რეგიონში მცხოვრებ ჩვენს ქურთ ძმებს დააზარალებს“, -  განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

რეფერენდუმის ჩატარების და ერაყისგან გამოყოფის გეგმა ორი წლის წინ შემუშავდა, თუმცა მაშინ მისი განხორციელება შეჩერდა. ქურთისტანის დამოუკიდებლობას ერაყის ხელისუფლება, ირანი და თურქეთი ეწინააღმდეგება. მათი აზრით, რეფერენდუმის შედეგები რეგიონში კონფლიქტს გამოიწვევს და სეპარატიზმს ხელს შეუწყობს.

ერაყის ქურთისტანის გადაწყვეტილება დაგმო არაბულმა სახელმწიფოებმა. არაბული ქვეყნები ერაყის, როგორც რეგიონის უსაფრთხოების საკითხში საკვანძო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომხრე არიან. ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებს ვაშინგტონიც, რადგან, საერთაშორისო მხარდაჭერის არარსებობის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან სახიფათოა რეგიონისთვის.

არსებული ინფორმაციით, ერაყის ქურთისტანის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ პარიზი და ანკარა. თურქული მედია მაღალი რანგის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანი აღნიშნულ საკითხებს მაკრონთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს. ქურთისტანზე ზეწოლის საბოლოო გეგმას კი, თურქეთის უშიშროების საბჭო 22 სექტემბრის სხდომის შემდეგ, ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე სამი დღით ადრე დადებს.

ერაყის სეპარატისტულ რეგიონთან საერთოდ საზღვარს კეტავს თეირანი. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ქურთების სახელმწიფოს შექმნა თურქეთსა და ირანს თანაბრად აღელვებს, ვინაიდან ერაყის ქურთისტანის მოსაზღვრე რეგიონებში, ამ ორი ქვეყნის ტერიტორიებზე, სეპარატისტული მოძრაობა აქვთ ქურთებს გაჩაღებული. ამის მიუხედავად ქურთისტანის ხელისუფლება არ აპირებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გადადებას.

ერაყის ქურთისტანი - ეს არის ერაყელი ქურთებით დასახლებული ავტონომიური რეგიონის კანონგარეშე დასახელება და ის დღემდე ერაყის შემადგენლობაშია. რეგიონის იურიდიული სტატუსი ერაყის 2005 წლის კონსტიტუციაშია გამყარებული. ქურთები მსოფლიოს ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება. ისინი სახლობენ, როგორც თურქეთში, ასევე ირანში, სირიასა და ერაყში. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, იქ ქურთები რაოდენობით მხოლოდ არაბებს, ირანელებს და თურქებს ჩამოუვარდებიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, საერთო ჯამში ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის ავტონომიის არსებობა რუსეთის ინტერესში შედის. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ ქურთისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მისი თქმით, ქურთისტანის დამოუკიდებლობა მორიგი აღელვების წინაპირობა იქნება ახლო აღმოსავლეთში.

„ძალიან ბევრი ძალა ეწინააღმდეგება ქურთისტანის სახელმიფოს შექმნას, მათ შორის ერაყი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ი ოფიციალურად ეწინააღმდეგება, შეიძლება მათ ინტერესში შედიოდეს ქურთისტანთა დამოუკიდებლობის მოპოვება. იმიტომ, რომ ერაყში ამერიკელებისთვის ყველაზე დიდი დასაყრდენი იყვნენ ქურთები.

შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთმა C-400 შეიძინა რუსეთისაგან. ამის გამო შესაძლოა აშშ-მა სანქციები დაუწესოს თურქეთს. სირიის პრობლემის გადაჭრა დასასრულისკენ მიდის, ისლამური სახელმწიფოს განადგურებაც მთავრდება. მაგრამ ვთვლი, რომ ქურთისტანის სახით ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალი წყარო გაჩნდება“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ  როდესაც ქურთისტანზე ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ როგორია გეოგრაფიული მდგომარეობა. მისი თქმით, საკმაოდ რთული მდგომარეობაა და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობა.

„მოგეხსენებათ, რომ კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები. საკმარისია რაღაც ფორმით შეიქმნას დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო, რომ სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებსაც გაუჩნდეთ ანალოგიური სურვილი. ამიტომ, თურქეთიყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას. რამდენად შეძლებს, ექნება თუ არა ამის შესაძლებლობა და ბერკეტი, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება ქურთებისთვისაც საკმაოდ რთული იქნება.რადგან ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში არ არის სიტუაცია ისე მომწიფებული, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შიქმნას“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხი თურქეთსა და დასავლეთს შორის დაახლოების მიზეზი გახდეს და დაპირისპირებიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდნენ.

„დაველოდოთ  როგორ დამთავრდება რეფერენდუმი და რა რეაქცია ექნება დასავლეთს ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ მოაგვარონ ერთმანეთში უთანხმოებები. ვფიქრობ, რომ ევროპის ქვეყნები უფრო მკაცრ პოლიტიკას აირჩევენ.

სხვადასხვა ქვეყნების რეაქციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია  ევროპასა და თურქეთს შორის დარეგულირდეს  ურთიერთობები. ამ ბრძოლაში თურქეთს აუცილებლად სჭირდება პარტნიორები და აუცილებლად სჭირდება დიდი პარტნიორები, როგორც არის ევროპა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.