„მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი პრეზიდენტობისას, უშიშროების სამსახურს ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გაკეთება, ჯაშუშებისაც კი. უთხარი, რომ ცხოვრებაში არასოდეს გააკეთოთ მსგავსი ჩანაწერი, თუნდაც ეს მტერი იყოს“, - ამ განცხადების ავტორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ერთხელ ერთი-ერთი აგენტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მიუტანეს, რომლის გამოყენებაც სპეცსამსახურებს უნდოდათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცა და კადრების განადგურების ბრძანება გასცა.
საპირისპიროს ადასტურებს ის, რაც სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხდებოდა საქართველოში. მოსახლეობა მასიური მიყურადების და ფარული თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა. 2005 წლიდან ქვეყანაში შემოტანილი იქნა ფარული მიყურადების აპარატი და აქსესუარები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შენობაში იყო დამონტაჟებული. სწორედ სამხედრო პოლიციის შენობოდან ხდებოდა უკანონო მოსმენები.
თადარიგის ოფიცერი, მალხაზ თოფურია იხსენებს, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველგან თუ სადმე ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს, ან ვერც წარმოიდგინოს მოსასმენი აპარატურა იდგა.
„მოსასმენი აპარატები იდგა კაბინეტებში, მოსწევ ადგილებში, საპირფარეშოებში, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, საშხაპეებში და კომპიუტერებში. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ აუცილებელი გახდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის, აგრეთვე სხვა შენობა ნაგებობების გაწმენდა მოსასმენი აპარატებისგან.
ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ცოტა რთული სამუშაო აღმოჩდა ასეთი „დასუფთავება“ და ქართული მხარე იძულებული გახდა ესტონელი სპეციალისტები მოეწვია. შედეგმა ყოველგარ მოლოდინს გადააჭარბა, ასანთის ღერის ხელა ჩიპებმა ორი ტომარა გადაავსო. აღმოჩენილი იქნა სხვა სახის მოსასმენებიც, რომლითაც თავად მომსმენებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალაიასაც უსმენდნენ“, - ამბობს მალხაზ თოფურია.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ფაქტებით დაადასტურა, რომ სამხედრო პოლიცია უკანონო მოსმენებს ახორციელებდა. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა აპარატურა, რომლის საშუალებით ხდებოდა მოსმენა. მასალები ალასანიამ რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურაც და მასთან დაკავშირებული დეტალებიც არასაჯაროა, რადგან საქმეს „საიდუმლო“ გრიფი ადევს. ალასანიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში და აპარატურა გადაეცა შსს-ს.
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, კახაბერ ჩიხრაძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, სამხედრო პოლიციას რეალურად პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია ჰქონდა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამხედრო პოლიცია ამ პოლიტიკური დატვირთვისგან განთავისუფლადა.
რა ფუნქცია ჰქონდა სამხედრო პოლიციას და როგორ ხდებოდა მოსახლეობის მასიური მოსმენა? for.ge კახაბერ ჩიხრაძეს ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში აკრძალული იყო მოსმენები, მაგრამ საპირისპირზე მეტყველებს ის ფაქტები, რომლებიც სამხედრო პოლიციაში იქნა აღმოჩენილი. რამდენად მასობრივი იყო ფარული მოსმენა თავდაცვის სამინისტროში?
კახაბერ ჩიხრაძე: თავდაცვის სამინისტროში არსებობდა მოსმენების დანაყოფი და შესამისად, უსმენდნენ ყველას. რამდენად კანონიერად ხდებოდა მოსმენები, ვის უსმენდნენ და როგორ იყენებდნენ შემდეგ ამას, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა მოსასმენი აპარატურა, რომლის საშუალებითაც ახორციელდებდა მოსმენებს, რაც ჩვენ აღვკვეთეთ. რამდენად კანონიერად იყო, ან უკანონოდ, ამასთან დაკავშირებით არსებობს სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს ძიება. საქმეს „საიდუმლო“ გრიფი ადევს, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
სამხედრო პოლიციას კანონით ჰქონდა უფლება, რომ ჰქონოდა მოსასმენი აპარატურა, მაგრამ ამას იყენებდა უკანონოდ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ხან ბიძაშვილს უსმენდნენ და ხან მეზობელს. ფუნქციაში არ ეწერათ, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოიყენეთო. ფუნქციაში ეწერა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეზრუნა, მაგრამ პირიქით ხდებოდა, ამიტომ, ჩვენ დებულებაში შევიტანეთ და კონტროლირებადი გავხადეთ. სამხედრო პოლიციიდან საერთოდ გავიტანეთ ეს მოსმენები და გადაეცა შსს-ს.
ფინანსურად რამდენად ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს ამ რაოდენობის მოსასმენი აპარატურის შესყიდვა-დამონტაჟება? არა მარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ ყველა უწყებაში იყო დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა...
- გეტყვით, რომ იაფი ნამდვილად არ არის. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძვირად ღირებული „სიამოვნებ“ა იყო.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხდებოდა მათი ფარული მიყურადება? არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ ვინც კი პროტესტი გამოთქვა, ყველა გაანთავისუფლეს...
- მთელმა ქართველმა ერმა ვიცოდით, რომ ჩვენ გვისმენდნენ. თავდაცვის სამინისტროც საზოგადოების ნაწილია. მათთვისაც ცნობილი იყო, რომ უსმენდნენ. სამსახურში თუ არ მოუსმენდნენ, სახლში მოუსმენდნენ. მაშინდელ ხელისუფლებას მოსმენის პრობლემა არ ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ინფორმირებული იყვნენ, რომ უსმენდნენ.
რაც შეეხება პროტესტს და სამსახურიდან დათხოვნას, სამსახურიდან უშვებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსმენის დროს გაიგეს, რომ ოპოზიციურად იყო განწყობილი. სამსახურიდან ათავისუფლებდნენ იმიტომ, რომ ადამიანი არ მოსწონდათ. შემდეგ უკვე საბაბად ხან დეზერტირობას უდებდნენ, ხანაც არაკომპეტენტურობას. ის, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა, რატომ მისმენთო, ასეთი ფაქტი არ ყოფილა.
ალბათ ვერც გაბედავდნენპროტესტს?
- რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ. ყველა იჯდა თავისთვის ჩუმად. თუკი სადმე ვინეს რამე ჩასჩურჩულეს ყურში, იმ ადამიანს უშევდნენ სამსახურიდან. 2012 წლამდე, სანამ ოპოზიცია უფრო აქტიური არ გახდა, მანამდე მით უმეტეს ძალოვან სტრუქტურებში და ზოგადად ხელისუფლების შტოებში, პროტესტი ნაკლებად იყო. თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელი ხელმძღვანელობა მოსმენებს იყენებდა არამიზნობრივად. რა თქმა უნდა, მოსმენები უნდა ჰქონოდა თავდაცვის სამინისტროს თავის კომპეტენციის ფარგლებში და ფუნქციებიდან გამომდინარე. მაგრამ მოსმენებს იყენებდნენ არამიზნობრივად.
არამიზნობრივ მოსმენაში რას გულისხმობთ?
- პოლიტიკურად იყო მოტივირებული. აინტერესებდათ, ვინ რას ფიქრობდა არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე. ამაზე იყო ორიენტირებული და არა იმაზე, რომ თავდაცვისუნარიანობაზე ეზრუნა.
თუმცა სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში მოსმენები არ ხდებოდა...
- იმ ხელისუფლების დროინდელი ძალიან ბევრი ფარული ჩანაწერები გვაქვს ნანახი. როგორ არ უსმენდა, თვითონ ავრცელებდნენ. ყოველ საღამოს„რუსთავი 2“-ის ეთერში ტელესერიალივით ვუსმენდით, ვინ ვის რას ეუბნებოდ, ვინ ვის უღებდა და ა.შ როცა ამბობს, რომ არ ვუსმენდითო, ამოიღეთ კადრები, იგივე ფოტოგრაფების საქმე, როგორ უყვება ვანო მერაბიშვილი ამ საქმის დეტალებს სააკაშვილს. როგორ არ უსმენდა? 2005 წლიდან დაიწყო მასიური მოსმენა.
სააკაშვილი-მერაბიშვილის საუბარი ახსენეთ... ერთმანეთს უსმენდნენ?
- აბსოლუტურად ყველას უსმენდნენ - ერთმანეთს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს, ტაქსის მძღოლს, ექიმს და ა.შ. თუკი ვინმე მათ პოლიტიკურ არეალში გამოჩნდებოდა, ყველა მიზანში იყო.
თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსის კაბინეტში დამონტაჟებული იყო მოსასმენი აპარატურა?
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
სამხედრო პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში თუ იყო დამონტაჟებული, ანუ, როდესაც უწყებაში მიხვედით, თქვენს სამუშაო კაბინეტში დაგხვდათ მოსასმენი აპარატურა?
- მე, რომ მივედი უკვე არ იყო. დიდი ალბათობით როდესაც დატოვეს უწყება, მაშინ წაიღეს. როგორც გითხარით, სამხედრო პოლიციას რეალურად პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია ჰქონდა.