რას მოუტანს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება და ხომ არ გააღიზიანებს ეს სიურპრიზი რუსეთს?
თავის დროზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებამ საქართველოში დიდი მოლოდინი გააჩინა, შემდეგ იყო იმედები 1.4-მილიარდიანი ჩინური ბაზრის „ათვისების“ შესახებ, რაც საქართველო-ჩინეთს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. თუმცა რისი შეთავაზება შეეძლო საქართველოს ამ ბაზრებისთვის, ამაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. დღეს ამერიკული ბაზრის ჯერი დგება. ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ეკონომისტ პაატა აროშიძეს ესაუბრა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობაზე დიდ იმედს ვამყარებდით. ამჯერად რას მოუტანს საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმატებით დასრულება?
- თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამჟამინდელი ქართული დიპლომატიის მთავარი მიღწევაა. პირველ რიგში, ეს ეხება ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. თუ შეერთებულ შტატებთანაც დაიწყება თავისუფალი ვაჭრობა, უდაოდ მისასალმებელი იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი იყენებს იმ პირობებს, რაც მოცემულია თუნდაც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში. პრაქტიკულად, ამას ჩვენ ვერ ვიყენებთ. ვერ ვიყენებთ არა იმიტომ, რომ არ გვინდა გამოყენება, უბრალოდ, ვერ ვაკმაყოფილებთ იმ პირობებს ზოგიერთი პროდუქციის ხარისხით, ან არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმ რაოდენობის პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც გავა ევროკავშირის ბაზარზე.
გახსოვთ, ალბათ, ერთი პერიოდი, ჩვენი თაფლის ხარისხზე იყო აჟიოტაჟი ატეხილი. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებით თავისუფალ ვაჭრობაზე უარი უნდა ვთქვათ. თავისუფალი ვაჭრობის განხილვის შესახებ ამერიკასთან მოლაპარაკების დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ყოველთვის მოიაზრება დასავლეთისა და ამერიკის მომხრე ქვეყნად, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთის, ევროპის თუ ამერიკის გავლენის სფეროების გადანაწილების ადგილად.
ნუ ავაგებთ ოცნების კოშკებს, რომ ჩვენ ამერიკაში დიდი რაოდენობით პროდუქციას გავიტანთ, იქაურ ბაზარს მოვამარაგებთ და ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ. წესით, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე ვერ იქნება. თუმცა პოლიტიკურ გავლენას, პოლიტიკურ დივიდენდებს რომ მივიღებთ, ესეც მიღწევაა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე. ამით, ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საუბარი იმის შესახებ, როგორი ორიენტაცია აქვს ქართველ ხალხს, ევროპული თუ რუსული.
ამ ეტაპზე ეკონომიკური მოგებისა და პოლიტიკური გავლენების ურთიერთჭიდილია და მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური გავლენა, რასაც შეერთებული შტატები უკვე ოფიციალურად მოიპოვებს საქართველოში. თუნდაც იმავე ინვესტიციების თვალსაზრისით რომ გადავხედოთ, ევროპული და ამერიკული ინვესტიციები ძალზე მცირე რაოდენობითაა საქართველოში. ჩვენთან ძირითადად არის აზიური, ეგვიპტური და სხვა ინვესტიციები. ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან გზას გაგვიხსნის ამერიკული ინვესტიციებისთვის. ვიმეორებ, პირველ რიგში, ეს შეთანხმება მომგებიანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით.
ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ხომ არ გაღიზიანდება რუსეთი და რას შევთავაზებთ ამერიკას, როცა ევროპაც ვერ მოგვიმარაგებია ქართული პროდუქციით?
- რუსეთის მხრიდან საქართველოში ძირითადად ენერგეტიკული ინტერესები შეინიშნება და რუსეთი თავის ენერგეტიკულ ინტერესებს იკმაყოფილებს იმ ჰიდროელექტროსადგურებით, რომელიც მას გადაცემული აქვს საქართველოში. რუსეთის მთავარი აქცენტი დღეს გადატანილია იმისკენ, რომ საქართველო, როგორც ენერგომატარებლების ტრანზიტული ერთ-ერთი ქვეყანა, მისი პატრონაჟის ქვეშ მოექცეს, რასაც ხელს უშლის ევროპა და ამერიკა. ენერგეტიკული გავლენის მოპოვება კი დღეისთვის უმთავრესი საკითხია.
ჩვენ რას შევთავაზებთ შეერთებულ შტატებს? ტრადიციულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და, ასევე, ენერგეტიკული პროექტები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ჰიდროელექტროპროექტები, რომელსაც შეუძლია საქართველოს წარმოჩენა. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ შეერთებულ შტატებს ლიბერალური გადასახადები და ამით დავაინტერესოთ. თაფლის, პომიდორისა და ნიორის გატანა მინიმუმია იმასთან შედარებით, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ. თუნდაც ბოლო პროექტი რომ გამოვიდეს, ამერიკული რომელიმე წარმოება დაფუძნდეს საქართველოში და ქართველი მუშახელის გამოყენებით აწარმოოს პროდუქცია, ვერც ერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანა ამას ვერ შეედრება.
ფიქრობთ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკურ კავშირებს რუსეთი გულგრილად დატოვებს?
- ეკონომიკური კავშირები რუსეთს იმდენად არ გააღიზიანებს, როგორც სამხედრო კავშირები. როგორც წესი, რუსეთი ღიზიანდება ნატოს შემოსვლით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთვნებით. ეს უკვე დიპლომატიის საკითხია, როგორ შეფუთულს მივაწვდით რუსეთს ამ ინფორმაციას. თუ ჩვენ რუსეთს გავაღიზიანებთ, იმის საშუალებას მივცემთ, ყველაფერი უკუღმა გაიგოს, მაშინ, რა თქმა უნდა, გაღიზიანდება. რუსეთს იმიტომაც აღიზიანებს სამხედრო თანამშრომლობა, რომ მას სურს ბუფერი შექმნას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ან უკრაინის ხარჯზე ნატოსთან.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას დავუბრუნდეთ. მარტო ჩვენ არ აღმოვჩნდით იმ სიმაღლეზე, თუ ევროკავშირიც ვერ აღმოჩნდა მზად ახალი ბაზრის მისაღებად? მოგეხსენებათ, იქაც იყო ეკონომიკური კრიზისი, ტერორისტული საფრთხეები. თანმხვედრი ხომ არ იყო პრობლემები?
- ეს მართალია, მაგრამ ვის უფრო სჭირდება ერთმანეთი? გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს უფრო სჭირდება ევროკავშირი, თუ პირიქით, ევროკავშირს - საქართველო, თუნდაც პროდუქციის მიღების მხრივ? ამიტომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მზად ჩვენივე პროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად, ხარისხის სერთიფიკატების მოსაპოვებლად. ჩვენი მზადყოფნა უნდა დაენახა ევროკავშირს, თორემ ჩვენ თუ ვიფიქრეთ, მოვლენ და წაიღებენ ქართულ პროდუქციას და არანაირი ხელის განძრევა არ დაგვჭირდება, ეს ისედაც დამღუპველი იქნებოდა.
გამოჩნდა კიდეც, რომ სახელმწიფომ ამ მხრივ არ გაატარა არანაირი ქმედითი ღონისძიება, არც კერძო სექტორმა გაატარა. მათ იფიქრეს, რომ ის პროდუქცია, რომელიც მოიკრიფება ხიდან თუ მიწიდან, ევროკავშირში პირდაპირ გავიდოდა. არადა, ისეთი მაღალი დონის სტანდარტები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, რომ ეს არათუ საქართველოს, განვითარებულ ქვეყნებსაც კი ხარჯი უჯდება. საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით შემოიფარგლენ, ევროკავშირის ბაზარს რა პრივილეგია გააჩნია, ზოგადად იციან, არადა, აქ უნდა გაჩაღებულიყო მასობრივი მუშაობა, მაგრამ ყველამ დააკლო ხელი. ახლა შეიძლება ვიფიქროთ, არის კი იმ რაოდენობის პროდუქცია საქართველოში, რომ საექსპორტოდ გავიტანოთ? გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგიერთი პროდუქციით საკუთარ მოთხოვნასაც ვერ ვიკმაყოფილებთ. გვაქვს იმ რაოდენობის თაფლი, ბოსტნეული და ხილი? მე ვამბობ მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების პროდუქციაზე. ჩვენ ამ რაოდენობის პროდუქცია არ გვაქვს.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 1 კილოგრამი ვაშლი ევროპულ ბაზარზე საშუალოდ 2-2,5 ევრო ღირს, ხოლო 1 კილოგრამი პომიდორი-1,5-3 ევრო. ჩვენ კი შეგვეძლო, იაფი პროდუქცია შეგვეთავაზებინა.
- საქართველო არის პატარა ქვეყანა როგორც ტერიტორიულად, ისე ეკონომიკური წარმოების მხრივაც. ამით უპირატესობა გვაქვს, რომ ჩვენ ისე შევალთ უცხოეთის ბაზარზე, იქაურ ფასებზე გავლენას ვერ მოვახდენთ; ანუ იმ რაოდენობის პროდუქციას ვერ შევიტანთ, რომ ევროპულ ფასებზე ვიმოქმედოთ. ევროკავშირმა მიგვიღო ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ახლა უკვე ურთიერთშემხვედრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მარტო რატიფიცირება საქმეს არ შველის. თანაც, ევროკავშირის ბაზარზე ისეთი ტრადიციული კომპანიებია წარმოდგენილი (ალკოჰოლის, სასმელი წყლის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართულებით), რომლებიც ათეულობით და ასეულობით წლებია ამ ბაზარზე დამკვიდრებულან და რაოდენ ძნელია, ქართული პროდუქციისთვის ასეთ კონკურენციაში შესვლა. ქართული ღვინო შედის კონკურენციაში ფრანგულ ღვინოსთან და იმ ადამიანს, რომელიც ფრანგულ შავ ღვინოს სვამს და, რომლის წინაპრებიც ფრანგულ ღვინოს მიირთმევდნენ, ეუბნები, ჩემი საფერავი სჯობსო, ამას კოლოსალური მარკეტინგული დანახარჯები სჭირდება.
ფასები რომ დავაგდოთ, ეს დემპინგური ფასებით მანიპულირების მცდელობად ჩაგვეთვლება?
- ფასებით კონკურენცია წინა საუკუნის თემაც აღარ არის, რადგან ახლა კონკურენცია არის ძირითადად არა ფასისმიერი, არამედ პროდუქციის ხარისხის, მიწოდების ფორმების მიხედვით. ფასის დაგდება საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ მოსახლეობის შემოსავლები შეზღუდულია და ხარისხის ხარჯზე ვახდენთ ამ დათმობას. ევროპელი კი, რომელსაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენის პრობლემა არ გააჩნია, არჩევანის თავისუფლება აქვს, ფასის მიხედვით რატომ განსაზღვრავს პროდუქციის ვარგისიანობას? პირველ რიგში, ევროპელი ხარისხს, ტრადიციას მიაქცევს ყურადღებას. სხვათა შორის, ამ დღეებში ვენეციაში გამართული ღვინის ფესტივალი ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული პროდუქციის აღიარებისკენ ევროპაში.