მმართველი გუნდის შემომწირველები გამოკითხვაზე დაიბარეს

მმართველი გუნდის შემომწირველები გამოკითხვაზე დაიბარეს

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველების გამოკითხვა დაიწყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაგამოკითხვაზე პარტიის 14 შემომწირველი დაიბარა. როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ,  შემომწირველთა მიერ პარტიებისთვის გადაცემული თანხები მათ დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება. დაბარებულთაგან რვამ - 240 ათასი ლარით „ქართული ოცნება,“ ექვსმა კი - „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, შემომწირველების გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდარღვევა დადგინდება,  პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, შემომწირველები შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო პარტიებს ვალდებულება დაეკისრებათ, შემოწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ.

„ამ შემომწირველებთან დაკავშირებით სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურისგან მივიღეთ ინფორმაცია. შემოსავლების დაჯამების შედეგად დაგვრჩა კითხვები, რომ შესაძლებელია გარდა ხელფასისა, გამოყენებული იყოს სხვა შემოსავალი, მაგალითად, ქონების რეალიზაცია ან იჯარა, საერთაშორისო გზავნილი, რომლის მეშვეობითაც მოახერხეს დანაზოგის განხორციელება და შემდგომ პარტიისთვის გადარიცხვა.

თუ ჩვენ კიდევ დაგვრჩა ვარაუდი, რომ ეს მათი თანხა არ იყო და არ ჰქონდათ დანაზოგის განხორციელების საშუალება, შევადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და გავგზავნით სასამართლოში, რომ შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს თვითონ ფიზიკურ პირს, პარტიას კი ვალდებულება ექნება, რომ ამ ფიზიკური პირისგან მიღებული თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილი.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ - 323 675 ლარი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5 432 ლარი შესწირეს. მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7.726.993.45 ლარი.

აუდიტის სამსახურში „ქართული ოცნების“ შემომწირველებიდან ჯერჯერობით არავინ მისულა. გამოკითხვაზე უკვე იყო „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამავდროულად პარტიის ერთ-ერთი შემომწირველი მარიამ რამინაშვილი, რომლის განცხადებით, აუდიტის სამსახური და მმართველი გუნდი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების დაშინებას ცდილობენ. რამინაშვილი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ მხოლოდ 5 ათასი ლარი შესწირა და შეწირული თანხა სრულ შესაბამისობაში მოდის მის შემოსავალსა და დანაზოგთან.

„ეს აქტივობა, რომელსაც ახორციელებს აუდიტის სამსახური და ზოგადად ხელისუფლება, არის მიმართული ოპოზიციური პარტიების მომხრეთა დასაშინებლად ან დასაფრთხობად, თუმცა შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ამაოა ნებისმიერი მცდელობა, გამომდინარე იქედან, რომ თითოეულმა ჩვენგან კარგად ვიცით კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისობები და გადაწყვეტილებები, რომელსაც ვიღებთ, ეს არის ნებაყოფლობითი“, - აცხადებს მარიამ რამინაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კითხვის ნიშნები განსაკუთრებით მმართველ გუნდთან მიმართებაში ჩნდება, რადგან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობა ყველა პოლიტიკური პარტიის საერთო შემოწირულობას რამდენჯერმე აღემატება.

„ბუნებრივია კითხვები არსებობს, თუ ხელფასი არ გაქვს საიდან მოგაქვს ეს თანხები. თუმცა ყველაფერი არის ინდივიდუალური, შეიძლება ვინმეს მართლა დანაზოგი ჰქონდა და იმდენად ფანატურად არის შეყვარებული „ქართულ ოცნებაზე“, რომ შესწირა მთელი თავისი ცხოვრების დანაზოგები, რისიც არ მჯერა, მაგრამ სამართლებრივად ბუნებრივია, რომ ცოტა რთული საკითხია.

ერთ რამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოწირულობა რამდენჯერმე მეტი ვიდრე ყველას ერთად აღებულს და ეს მილიონები არის ძალიან მცირე. მათ აქვთ დიდი რაოდენობით შავი ფული. მაჟორიტარები ცალკე ხარჯავენ, ბიუროკრატია ცალკე ეხმარება, ამავე დროს ვიცით ივანიშვილს რა რესურსები გააჩნია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მიერ „ქართული ოცნების“ შემომწირველების დაბარება ამ სამსახურის დამოუკიდებლობაზე მიუთითებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტიის ძირითადი შემოწირულობები არის მცირე მოცულობის. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაფინანსებას არაკანონიერი გზით იღებს, თალაკვაძე ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებს ახსენებს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„2017 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული ოპოზიციურ პარტიებს. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, მინდა ძვირფას კოლეგებს ოპოზიციიდან შევახსენო, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა მისცა 860 ათასზე მეტმა მოქალაქემ და ჩვენმა მხარდამჭერმა. ჩვენი შემოწირულობების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ მცირე მოცულობის შემოწირულობები, რომელიც 5, 10, 100 ან 1000 ლარს შეადგენს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

როგორც ირკვევა მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ბიზნესმენებიც არიან. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბიზნესკომპანიებიდან ყველაზე მაღალი დაფინანსება სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის „ქართული ოცნება“ ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა - ქართულმა საზოგადოებამ მას ნდობის აბსოლუტურად მაღალი მანდატი მისცა.

„წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბიზნეს-ობიექტები პარტიას ნებაყოფილობით აფინანსებენ და ნებაყოფლობით გამოხატავენ მისდამი მხარდაჭერას. კომპანიების მხრიდან ლოიალურობა გამოხატულია მმართველი პარტიის და არსებული მთავრობის მიმართ.

ვისაც ფული და ბიზნესი აქვს, ის არ არის ჩაყენებული დისკრიმინაციულ რეჟიმში, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ბიზნესმენები შემოწირულობას იძულებით არ გასცემენ. მათ სურთ მშვიდი ცხოვრების მრავალი წლით გაგრძელება და სწორედ ამით არის გამოხატული ინტერესი „ქართული ოცნების“ მიმართ“, - ამბობს გრიგოლ ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემომწირველებთან დაკავშირებით გავრცელებულ მონაცემებზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, რომლის შეფასებით, მმართველი პარტიის შემოწირულობები გამჭვირვალეა.  მეტიც, კალაძე სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესებას ურჩევს.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ - დეკლარაციაში მითითებულ თანხებს, შეუძლებელია იმ თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. თქვენ თუ შეხედავთ, შემოწირულობები რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია და რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველასთვის, თუმცა თუ შევხედავთ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს და მათ საარჩევნო კამპანიას, აშკარად ჩნდება კითხვები და ალბათ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.