ფაროსანამ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს გადაჰკიდა

ფაროსანამ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს გადაჰკიდა

სამეგრელოში დაძაბულობა პიკს უახლოვდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებულმა გლეხებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. განადგურებული მოსავლისა და მკაცრი ზამთრის შიშით შეპყრობილი მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს.

გლეხები გაფუჭებული თხილის საფასურის კომპენსაციას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი კვირის ვადა მისცეს, რომ ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი შეესწავლათ და კომპენსაციების შესახებ კონკრეტული პასუხები მიეცათ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. აქედან გამომდინარე, ერთი კვირის წინ დაანონსებული აქცია ორშაბათიდან განახლდა. გლეხები კარვების გაშლით და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მოსახლეობის თქმით, მოსავალი მთლიანად განადგურდა, რის გამოც, მათ პრობლემები შეექმნათ, ზოგიერთმა ბავშვების სკოლაში მიყვანაც ვერ მოახერხა.

აქციაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორ დავით კოდუას მისვლას დაპირისპირება მოჰყვა. მან აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. შეხლა-შემოხლას ვითარების ესკალაცია არ მოჰყოლია, მაგრამ არც მდგომარეობა განმუხტულა.  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვითა და არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ამბობს, რომ აზიური ფაროსანასგან დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციების გაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„შევხვდით აქციის მონაწილეთა ნაწილს. საუბარი იყო თხილის მოსავლის შემცირებაზე. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რას აპირებს სახელმწიფო კონკრეტულად აზიურ ფაროსანასა და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად. სახელმწიფო აგრძელებს შეწამვლით ღონისძიებებს. ასევე მოსახლეობას დაურიგდება თითო ლიტრი შესაწამლავი პრეპარატი.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ფულადი კომპენსაციები არ გაიცემა, თუმცა საუბარია სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაზე, რაც მოსახლეობას ცოტათი შეუმსუბუქებს მდგომარეობას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ასეთი პასუხი აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია აქციის მონაწილეებისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებული და არაეფექტურია. გლეხები ხელისუფლებას ფაროსანასთან საბრძოლველად სამუშაოების გვიან დაწყების გამო აკრიტიკებენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ შეწამვლითი სამუშაოები მარტის ნაცვლად, ივნისში დაიწყო.

სოფლის მეურნების სამინისტროში კი ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული სამუშაოები საქართველოში ვადების დაცვით ტარდება. მავნებელთან ბრძოლის მიზნით წელს 82 520 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა.