ოპოზიცია ირაკლი შოთაძეს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია ირაკლი შოთაძეს პარლამენტში იბარებს

დაიბარებენ თუ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მთავარ პროკურორს, ეს შემდგომ კონსულტაციებსა და საქმის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოთხოვნა, რომ პროკურატურამ საზოგადოებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე, პარლამენტმა მოიწვიოს მთავარი პროკურორი, საკანონმდებლო ორგანო თავისი ინსტრუმენტების ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას გამოძიებაზე.

„რაც შეეხება საქმეების გამოძიებას, ეს არის საგამოძიებო უწყების საქმე, პარლამენტს აქვს თავისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ზედამხედველობა განახორციელოს და ზედამხედველობას ჩვენი ინსტრუმენტების ფარგლებში ვახორციელებთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ერთ-ერთი მათგანია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. კერძოდ, რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას და ვისი დავალებით მოქმედებდა გია სოსანაშვილი. მაგრამ ჩამონათვალში მოხვდა ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერების საქმე, აფგან მუხთარლის გაუჩინარება, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებისა და გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტები - ეს არის ის სისხლის სამართლის ის ოთხი საქმე, რასთან დაკავშირებითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მთავარი პროკურატურისგან ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა, თუმცა ირაკლი შოთაძის უწყებისგან უარი მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადინის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლო დავას გეგმავს.

„პროკურატურამ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და ჩვენ ვაპირებთ პროკურატურის უარი გავასაჩივროთ სასამართლოში“, - აცხადებს ოლიკო შერმადინი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბრალდება მიუღებელია იუსტიციის მინისტრისთვის, რომლის განცხადებით, მთავარი საგამოძიებო ორგანოსგან ყველა იღებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ აზარალებს. მინისტრი ამბობს, რომ პროკურატურისგან ყველა ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ ვნებს.

„თუკი რაიმე ინფორმაცია ვერ გაიცემა, ვერ გაიცემა იმიტომ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოძიების პროცესის ზოგიერთი ნაწილი არის საგამოძიებო საიდუმლოებით დაცული, მანამ სანამ საქმე არ წარიმართება სასამართლოში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, პროკურატურისგან ყველა ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ ვნებს და რაც დაშვებულია კანონით. თუკი ამის მიუხედავად, არსებობს პრეტენზიები, შეიძლება მხარეებმა ერთმანეთს არგუმენტები უკვე სასამართლო დარბაზში წარუდგინონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეგნებულად, თუ შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინებაში ადანაშაულებს პროკურატურა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყველა საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული.

ირაკლი შოთაძის უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებზე მიეწოდება ის ინფორმაცია, რაც გამოძიების მოცემულ ეტაპზე შეიძლება იყოს გასაჯაროებული და არ დააზიანებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესს, ასევე მოქალაქეთა უფლებებს.

„ყველა საჯარო ინფორმაცია, რაც გამოთხოვილია არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ, კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მათ კანონით აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაციაზე, არის შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინება და შესაბამისად არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებენ ირაკლი შოთაძის უწყებაში.

ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნული საკითხი სალომე სამადაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარისგან, ეკა ბესელიასთან მიიღო განმარტება, რომ პარლამენტს ამის უფლება არ აქვს.

„ძალიან ნათელი ჩანაწერია კანონში, დაწყებული ქვეყნის ძირითადი კანონით, გაგრძელებული სისხლის სამართლის კოდექსით და ჩვენივე რეგლამენტით, პროცესის მონაწილე პირების გარდა, არავის აქვს უფლება, მოისმინოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მითუმეტეს, პარლამენტმა და დაიბაროს ამ მიზნით მთავარი პროკურორი“, - მიმართა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი პროცედურული საბაბით თავს არიდებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პროკურატურის პოლიტიზირებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი, რომლის განცხადებით, პროკურატურა დღეს პოლიტიზირებულია, როგორც არასდროს.

„პროკურატურის მიმართ სანდოობა არის ნულის ტოლი და ამიტომ, ამის მიზეზი არის არა მხოლოდ გამოუძიებელი საქმეები, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოთვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არამედ ის საქმეებიც, რომელიც, პროკურატურის მიერ თითქოს, გამოძიებულ იქნა. მე გამოვყოფდი 2 საქმეს - ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე და ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმე, როდესაც ორივე შემთხვევაში პროკურატურამ გვითხრა, გამოიძია საქმე და მეორე შემთხვევაში ნახეთ, რომ არა მხოლოდ პასუხი არ გაეცა საზოგადოების კითხვებს, არამედ ე.წ. სამარ ჩოკუტაევი მოიგონეს იმისთვის, რომ გადაეფარათ საზოგადოებაში გავრცელებული ხმები“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურასთან კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოს“.  ოთარ კახიძის განცხადებით, კითხვები აქვთ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დახურულია.

„რატომ არ ხდება იმ საქმეების გამოძიება, რაზეც საზოგადოებაში არა ერთი კითხვა არსებობს, მათ შორის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით. კითხვები გვაქვს იმ სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებაზეც, რაც უკავშირდება „რუსთავი 2“-ის მოსამართლის ოჯახის წევრებს და იმ ქონების გადაცემაზე, რომელიც მერიამ გადასცა.

რატომ არ ხდება შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რომელიც იყვნენ გარეულები შემზარავ დანაშულებში, მხედველობაში მაქვს ბედუკაძე, ფარულავა, რომლებსაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებები გაუფორმა ან პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.