დასავლეთ საქართველოში მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. რაც დარჩა, ის მოსახლეობას ზამთრამდეც არ ეყოფა. ხალხი დიდ გაჭირვებაშია, მაგრამ მთავრობა ზარალის კომპენსაციას არ აპირებს. კახელებისგან განსხვავებით, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სამეგრელო-გურიაში აქციები არასდროს გამართულა, მაგრამ წელს იმდენად გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა, რომ მოსახლეობამ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. სხდომას სამეგრელოდან ჩამოსული ფერმერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ კომიტეტის სხდომაზე დაზარალებული მეთხილე ფერმერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხი დააყენა.
„ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ. მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში? ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის“, -განაცხადა თოლორაიამ.
„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლებას ზარალიც კი არ აქვს დათვლილი. პარტიის წევრთა მონაცემებით, სამეგრელოში თხილის მოსავლის შემთხვევაში ზარალმა, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარი შეადგინა.
საპარლამენტო დებატების პარალელურად სენაკში გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილობრივები ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეაგირება დაგვიანებულია. „ფაროსანამ მთელი სამეგრელო გადაჭამა. არ გვაქვს არც თხილი, არც სიმინდი“, - ამბობენ ისინი.
მავნებლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ზუგდიდში გამართულ აქციაზეც მოითხოვეს. ქალაქის ვიცე-მერის, ზაზა გულორდავას თქმით, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა სამართლიანი იქნება.
„სამართლიანი იქნება როგორც კახეთში მოხდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. არ აქვს მნიშვნელობა ზეციური ძალები გაანადგურებს მოსავალს, თუ ეს მწერები. თუ მშიერი დარჩება ადამიანი, მას სჭირდება გარკვეულიკომპენსაცია“, - აღნიშნა გულორდავამ.
ასეთ მოსაზრებას სულაც არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლევან დავითაშვილის თქმით, ბიუჯეტი უკვე შედგენილია,არის გამჭვირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას.
„ცალსახაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობას სჭირდება მხარში დგომა, ვინაიდან მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.
„მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარული სამსახურები, და ასეც ხდება. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ მატერიალურ დახმარებას - ერთი მხრივ, ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ მავნებელთან ბრძოლისთვის და ქიმიური პრეპარატებით მოსახლეობის დახმარებაც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ზარალის ანაზღაურება პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.