ქართველი დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უნდა გართულდეს. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ სულ უფრო მეტ უცხოელს გაუჩნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სურვილი, რაც მათ შენგენის ქვეყნებში უპრობლემოდ გადაადგილების მიზნით ესაჭიროებათ. ეს კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული უცხოელებისთვის ხელსაყრელია დასავლეთში მათ მიმართ გამკაცრებული კანონების ფონზე.
მავანთა სურვილმა, გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, ტერორიზმის საფრთხის რისკი გაამძაფრა. ამ თემას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, სადაც აღნიშნეს, რომ მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთაც სურთ საქართველოს მოქალაქეობა და, თუ 1-ელ სექტემბრამდე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭება ლიბერალურ ხასიათს ატარებდა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა კიდევ მეტი სიფრთხილის გამოჩენა და საზოგადოების წევრთა ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე For.ge-სთან საუბარში ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პერიპეტიებს იხსენებს, როცა იმთავითვე გამოთქვამდა მოსაზრებას საშიშროების შესახებ, რომ ბევრი უცხოელი შემოვიდოდა საქართველოში მოქალაქეობის მიღების სურვილით ყალბი, ფიქტიური ხელმოწერებით. ეს კი მათ შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელად სჭირდებოდათ.
მისივე თქმით, მართალია, სტატისტიკის სამსახური არ გვაწვდის ინფორმაციას, რამდენით იმატა საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ თუნდაც ქვიშხეთის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინელთა მაგალითზე აშკარაა, რომ, ჩინელებს ფიქტიური ხელმოწერით, თუ ნამდვილი ხელმოწერით, ქართული გვარები მიუღიათ. შეიძლება ეს იყოს 5-6-10 ჩინელი, მაგრამ ესეც ბევრია ჩვენთვის. თუკი საქართველოს ერთ რეგიონში ხდება ასეთი რამ, ჩვენი ქვეყნის სხვა ტერიტორიაზეც იგივე მოხდება.
„ბევრმა ჩინელმა მიიღო ქართული გვარი. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, აქ დასახლდნენ, შემდეგ ევროკავშირშიც შევიდნენ ჩვენი საბუთებით. ადამიანები იოლ გამოსავალს ეძებენ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოში ძალზე გაადვილებული იყო მოქალაქეობის მიღება. ვიცავდით კი ჩვენს კონსტიტუციას და ვთხოვდით კი რომელიმე უცხოელს საქართველოს ისტორიის, ქართული ენის ცოდნას? ჩვენ თვითონვე არ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას და სახელმწიფოს. ტერორიზმის მიგრანტ ქვეყნად შეიძლება გადაიქცეს საქართველო. ამიტომ, რაც უფრო გამკაცრდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება და დავაფასებთ ჩვენს პასპორტს თუ მოქალაქეობას, უფრო მეტი წონა გვექნება მსოფლიოში“, - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამკაცრებას მოითხოვს.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისიები და თუნდაც იმავე საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით კი, ქართული ენის ცოდნაში შემოწმდეს უცხოელი. რაც შეეხება საქართველოს წინაშე უცხოელის დამსახურებას, დემოგრაფს მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, ეს დამსახურება იწყება ქართული ენისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნით. თუ კაცი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, რატომ უნდა მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა? მან ხომ საკუთარ დარგში მიიღო ნობელის პრემია, მაგრამ ამით საქართველოს არ მოუტანა სახელი და დიდება.
„ეს უკვე ხელოვნურია. 1990 წლის შემდეგ დაწესებული გვაქვს „ქართვლის დედის“ წოდება. ეს საკითხი ბიუჯეტშიც შეტანილია, რომ ხუთ და მეტშვილიან დედას უნდა მიენიჭოს ეს წოდება, მაგრამ ვერ ვახორციელებთ, რადგან ფურცელზეა დაწერილი. ამ დროს დებულებაში გვეწერა, რომ ეს ჯილდო მიეცემა დედას, რომელმაც გაზარდა ხუთი და მეტი შვილი და მისი ოჯახის ყველა წევრმა იცის სახელმწიფო ენა. ჩვენ ყველას ჩამოვურიგეთ საქართველოს მოქალაქეობა და ამ ადამიანებს ამ ხნის მანძილზე ხომ უნდა ესწავლათ ქართული ენა? ვისი გვრცხვენია, ეს ევროკავშირმა უნდა გვითხრას? ჩადით ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, საკუთარი ენის იგნორირებას თუ ახდენენ და უფრთხილდებიან თუ არა სახელმწიფო ენას. ამიტომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი უნდა გამყარდეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნით“.
თუ რა არის საქართველოს მოქალაქეობაში ასე მიმზიდველი და რა საფრთხეს შეიცავს ჩვენი მოქალაქეობის მიღების მსურველთა მზარდი ნაკადი, ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა. მისი თქმით, უცხოელების მთავარი მოტივი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას ქართული მიწის ჩალის ფასად შეძენაა. დემოგრაფის განმარტებით, ჩვენ ეკონომიკურად ღარიბი ქვეყანა ვართ, აქ მიწა იაფი ღირს. ამიტომ ყველა, ვინც აქ ცხოვრობდა და საქართველოდან წავიდა, ცდილობს, ქართული მიწა იყიდოს. ასეთები კი ძალზე ბევრნი არიან - სომხები, ებრაელები. ჯერ კიდევ 1970 წელს საქართველოში 55 ათასი ებრაელი იყო. ახლა დარჩენილია 1045 ებრაელი. გარდა ამისა, ჩვენში ძალზე იცვლება პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური სიტუაცია. ასე რომ, გარეთ მცხოვრებნი ფიქრობენ, რომ ჩვენთან იაფად ნაყიდი მიწები რეზერვში ექნებათ.
„ომი რომ ატყდეს ახლო აღმოსავლეთში, აქ გადმოვლენ; მიწებს გარდა, ბინებს იძენენ, თბილისში უამრავი ბინაა აშენებული. ამიტომაც სჭირდებათ ჩვენი მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობა. ეს უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და ტერორიზმის მხრივაც სახიფათოა. ჩვენთან ისტორიულად ცხოვრობდნენ ბერძნები, აზერბაიჯანელები, სომხები, ესენი მიდიან და ურთიერთობის დამყარება უკვე გვიწევს სრულიად ახალ ხალხთან. ინდოელებით, თურქებით გაივსო საქართველო, „კარფურში“ რომ შევდივარ, ყოველი მესამე აფრიკელი, პაკისტანელი, არაბი, ინდოელია. ასეთ პირობებში ქართველს გაუძნელდება ცხოვრება. უცხოელებზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეობა. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ისედაც პროგნოზირებადი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეობას ბევრი უცხოელი ისურვებდა. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გამკაცრდეს, ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობა არ არის საკმარისი, შესაბამისი კანონები უნდა იქნას მიღებული. შეიძლება, უცხოელმა ქართული ენა არ იცოდეს, მაგრამ საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის მიენიჭოს ჩვენი მოქალაქეობა. თუმცა ასეთი ერთი-ორი ადამიანი იქნება“, - აცხადებს ანზორ თოთაძე, რომლის აზრითაც, დღევანდელი ხელისუფლება ეროვნულად მოაზროვნეა და მან სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის (უცხოელებისთვის ჩვენი მოქალაქეობის უმიზეზოდ მინიჭების) გამოსწორება უნდა იტვირთოს.