რეალურად რას საქმიანობენ რუსეთში მოღვაწე ამერიკელი დიპლომატები და რატომ მოაყოლა ისინი პუტინმა შემცირებაში?!
რუსეთის ლიდერი ამითაც არ კმაყოფილდება და მომავალშიც მორიგ შემცირებას უპირებს ამერიკელ დიპლომატებს. „ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შემდგომში რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა შევამციროთ, მაგრამ ჯერ ამას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის“ სამიტზე, სადაც განმარტა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, გაათანაბრონ რუსეთსა და ამერიკაში მყოფ დიპლომატთა რაოდენობა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთში დაახლოებით 1300 ამერიკელი დიპლომატი მოღვაწეობდა, ხოლო აშშ-ში - სულ რაღაც 455 რუსი დიპლომატი. ასე რომ, ამ მხრივ პარიტეტი დაცული არ ყოფილა.
რას მოუტანს რუსეთის მიერ ამერიკელ დიპლომატთა რაოდენობის შემცირება ამერიკას? რეალურად ვინ იდგა ამ 1300 ამერიკელი დიპლომატის მიღმა და რატომ არ იყო დაცული პარიტეტი?
„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 1300 ამერიკელი დიპლომატის ცნება პირობითია და მათ შორის ძირითადი მასა სულაც არ ყოფილა ამერიკის მოქალაქე. ესენი იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობდნენ ამერიკის საკონსულო სამსახურში. რუსების დასაქმება ამერიკელებთან განპირობებული იყო იმით, რომ რუსი მოქალაქეები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით მიდიან აშშ-ში, ვიდრე - პირიქით. ამდენად, ე.წ. ამერიკელი დიპლომატების (სინამდვილეში, რუსი თანამშრომლების) რაოდენობაც არაპროპორციულად დიდი გახლდათ.
„პუტინის ნათქვამი, თითქოს მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, გაათანაბრონ რუსეთსა და ამერიკაში მყოფ დიპლომატთა რაოდენობა, საფუძველს მოკლებულია. სინამდვილეში, რუსეთში ე.წ. „ამერიკელ დიპლომატთა“ კონტინგენტის შემცირება მოხდა იმ ნაბიჯის პასუხად, რომელიც ამერიკულმა მხარემ გადადგა, როცა აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის 35 თანამშრომელი შეამცირა. საპასუხოდ რუსეთმა 700 დიპლომატისა და თანამშრომლის დათხოვნის მოთხოვნით უპასუხა ამერიკას. ეს გახლდათ ესკალაცია, პასუხის პასუხი, რომელსაც კარგი არაფერი მოჰყვება ხოლმე“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა და განმარტა, რომ ამ დიპლომატიური ომისა და კადრების შემცირების შედეგად თუ ვინმესთვის გაუარესდა სიტუაცია, ჯერჯერობით ეს ისევ რუსეთის მოქალაქეები არიან.
რუსებს ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ რიგში დგომა ამერიკის ვიზების მისაღებად და ეს პროცესი გართულდება.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინმა უკვე გააძევა ამერიკელი დიპლომატები და მათი რაოდენობა 455-მდე, ანუ იმ რაოდენობამდე დაიყვანა, რამდენი რუსი დიპლომატიცაა ამერიკაში. ამან გამოიწვია ტრამპის საპასუხო ქმედება, რომელმაც გააუქმებინა ორი წარმომადგენლობა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ასევე, გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში. ფაქტობრივად, რუსეთ-ამერიკას შორის დიპლომატიური ომი გრძელდება და რუსები კიდევ იმუქრებიან ამერიკული წარმომადგენლობის შემცირებით. თუმცა აქ ერთი ნიუანსია - ამ „ამერიკელ დიპლომატებს“ შორის იყვნენ რუსი მოქალაქეებიც, რომლებიც ამერიკის საელჩოში მუშაობდნენ დაბალ ან საშუალო რგოლზე. საუბარია ტექპერსონალზე და სხვა.
„ამერიკელებს გაცილებით მეტი დიპლომატი ჰყავდათ რუსეთში, რადგან რუსეთში, ასევე, ფუნქციონირებდა ამერიკული საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრები. ეს ცენტრები მუშაობენ სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფრთებქვეშ. ფაქტობრივად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არის დიდი მონსტრი, სადაც თავმოყრილია არა მარტო დიპლომატიური, არამედ საგარეო დაზვერვის, განათლების, კულტურის, ტექნიკური მიმართულების მქონე დაწესებულებები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უფრო მრავალპროფილიანი დაწესებულებაა, ვიდრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსებს ასეთი უწყებებები არ გააჩნიათ ამერიკის ტერიტორიაზე, ისინი მხოლოდ დიპლომატიურ საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, რუსებმა სექტემბრის დასაწყისშივე მოსთხოვეს ამერიკელებს, შეემცირებინათ დიპწარმომადგენლობა. უფრო მეტიც, ამის გამო რუსეთში მყოფმა ამერიკის საკონსულომ შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა და ეს ფუნქცია გადაანაწილა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებზე. ამიერიდან რუსებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ამერიკის საკონსულოში აიღონ ამერიკის ვიზა, მერე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და შემდეგ გაემგზავრონ ამერიკაში.
„რა დასამალია, ზოგადად, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სპეცსამსახურის თანამშრომლების მაღალი დონეა. რუსები თვლიან, რომ „ამერიკელ დიპლომატთა“ შემცირებით შემცირდება ამერიკელ მზვერავთა რაოდენობა მათ ქვეყანაში. ისევე, როგორც დიპლომატიურ საფარქვეშ რუსებსაც ჰყავთ მზვერავთა „კადრი“, რაც მძაფრად წარმოჩნდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის საგარეო და სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურებმა ამერიკის პოლიტიკური სისტემის პარალიზება მოახდინეს, რაც არჩევნებზეც აისახა“.
ექსპერტის თქმით, ამერიკელებისგან განსხვავებით, რუსები უფრო ფრთხილად უდგებიან საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. ისინი არ იყვანენ ამერიკელ მოქალაქეებს თავიანთ საელჩოებში, რუსებს თავიანთი „სტაფი“ ჰყავთ. მეტიც, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები შვილებს საკუთარ სპეციალიზირებულ სკოლებში ატარებენ და რუს დიპლომატთა შვილების სწავლა ამერიკულ კოლეჯებში წახალისებული არ არის. რუსი დიპლომატები მათთვის ისეთ სენსიტიურ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, ასევე ბრიუსელი, მაღალი კონტროლის ქვეშ არიან, რათა არ აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგე მხარის სპეცსამსახურების დამუშავების ობიექტები. კარჩაკეტილობა და რკინის ფარდა ხომ რუსული სპეცსამსახურების ნიშაა.