თუ როგორი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, ამას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნაწილობრივი პასუხი უკვე გასცა. სულ ახლახანს „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განვითარების პრეზენტაციაზე კახა კალაძემ გაახმიანა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაციის გაგრძელება იქნება. მშენებლობებზე ზედამხედველობის დროს კი განსაკუთრებული ყურადღება სწორედ თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა.
გარდა ამისა, კახა კალაძის გემოვნებაში არ ჯდება ჩვენს ქალაქში მომრავლებული უსახური შენობები. თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც საუბრობს და დედაქალაქის მერიაში ეფექტური და ობიექტური საკადრო პოლიტიკის გატარებას აანონსებს.
რამდენად თანხვედრაშია კახი კალაძის სამომავლო გეგმები დედაქალაქის საჭიროებასთან, ამის შესახებ For.ge-ს ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე ესაუბრა.
როგორც წესი, წინასაარჩევნო დაპირებები ზუსტად ემთხვევა დედაქალაქის საჭიროებებს. ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი სერიოზულ ყურადღებას რომ მოითხოვს, ეს ახალი არ არის, მაგრამ, მთლიანობაში, დედაქალაქის რომელი ნაწილია ყველაზე მტკივნეული და რომელ რაიონში უჭირს ყველაზე მეტად თბილისს?
- რაც ჩამოთვალეთ, სწორი აქცენტებია გაკეთებული კახი კალაძის მხრიდან. შემოსავლების გაზრდა ყველა ქალაქს სჭირდება, მით უმეტეს, თბილისს, რათა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამოუკიდებელი გახდეს და თავისი შემოსავლები ჰქონდეს ისე, როგორც ეს თვითმმართველ ქალაქს შეეფერება. თუმცა ეს ცოტა შორეული მიზანია. თუ წარსულს შევხედავთ, ამის მსგავსი არაფერი გაკეთებულა არც წინა, არც ამ ხელისუფლების დროს.
თუ ვინმე ამბობს, რომ რეაბილიტაციის განხორციელება სურს, ეს მისასალმებელია. და არა მხოლოდ სახის გამოცვლა, რაც წინა ხელისუფლებამ განახორციელა კალაში, როცა სახის შენარჩუნებისთვის ბუტაფორიები გააკეთა. დედაქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია შესაძლებელია, მაგრამ ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. გასაკვირი არ იქნება, კახი კალაძემ არ იცოდეს, ქალაქის რეაბილიტაცია როგორ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, მან ეს არ იცის, მაგრამ, თუ ამ საქმისთვის პროფესიონალებს მიიზიდავს, რომელთაც იციან ძველი ქალაქის განახლება, ეს საშური საქმეა. ამას უფრო რეაბილიტაციას კია არა, შენარჩუნებად განახლებას დავარქმევდი. რეაბილიტაციაში თუ ამას გულისხმობს, რომ ქალაქი ისე განვითარდეს, რომ არ დაკონსერვდეს და, რაც ფასეულია, ის შენარჩუნდეს, კარგი იქნება.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თბილისის მერიაში ეფექტური და ობიექტური საკადრო პოლიტიკის გატარებას გვპირდება. ეს უნდა გულისხმობდეს იმ კორუმპირებული კადრის ჩამოცილებას, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს მონდომებით ანგრევდნენ?
- ჩვენ გვჭირდება ქალაქის განვითარების პოლიტიკის შექმნა და ეს კადრებთან პირდაპირაა მიბმული. ვისაც ვხედავ მერიაში, გინდ არქიტექტურის, გინდ სხვა სამსახურებში, ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც არ შეიძლება გასაგებ ენაზე საუბარი შენარჩუნებადი განახლების შესახებ. ისეთი კადრები უნდა მოვიდნენ მერიაში, რომლებსაც შეუძლიათ, გაიგონ შენარჩუნებადი განახლების საკითხები, რასაც კახა კალაძე რეაბილიტაციას არქმევს. ოღონდ აუცილებელია, პროფესიონალებთან ერთად ისეთი არაპროფესიონალებიც იყვნენ, რომლებსაც პროფესიონალების ენა ესმით მაინც. რეალური შენარჩუნებადი განახლების პოლიტიკის გავრცელება აუცილებელია მთელ ძველ ქალაქში. ძველი ქალაქი კი არის მე-19 საუკუნის ქალაქიც და შუა საუკუნეების ქალაქიც.
ძველ თბილისში ბევრი რამ არის განსაახლებელი. საიდან უნდა დაიწყოს კახი კალაძემ გამარჯვების შემთხვევაში?
- ე.წ. ძველი ქალაქი (მე-19 საუკუნის ქალაქი და შუა საუკუნეების ქალაქი), ეს არის თბილისის ბირთვი. თუ ამ საკითხს პროფესიონალთა ჯგუფი ჩაუჯდება, აუცილებლად გამოკვეთს პრიორიტეტებს. უნდა შედგეს პრიორიტეტთა სია. არც ის არის გამოსარიცხი, რომ მე-19 საუკუნისა და შუა საუკუნეების ქალაქში ორ სხვადასხვა ადგილას პარალელურად დაიწყოს შენარჩუნებადი განახლებითი სამუშაოები, რომელიც გახდება ტიპური, სანიმუშო და იქ მიღწეული შედეგები გავრცობადი იქნება სხვა ადგილებზეც. ინვესტორიც და საზოგადოებაც დაინახავს, რომ ეს მომგებიანი საქმეა ინვესტიციებისთვის, ქალაქისთვის. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომელ ადგილებს აირჩევენ.
ხომ არ ღირს რიყიდან დაიწყონ, სადაც აშენებულ ნაგებობებს სააკაშვილმა ეპოქალური შენობები უწოდა, თბილისელებმა კი ისინი „ტრუბად“ და დიდ ზარბაზნად მოიხსენიეს. გარდა ამისა, თავის დროზე საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმაც ბრძანა, რომ „მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი.”
- რიყე იმდენჯერ გავაკრიტიკე, მიჭირს გამეორება, მაგრამ ქალაქის სხვა ადგილებს ბევრად მეტად უჭირს. შუა საუკუნეების ან მე-18 საუკუნის ქალაქში რომ გაიაროთ, გეგონებათ, ცოტა ხნის წინ ომი იყო. ე.წ. ძველი ქალაქი რომ ინგრევა, მარტო გარეგნულ სახეს კი არ კარგავს, არამედ ამას სოციალური შედეგებიც აქვს. ნგრევა იწვევს იმას, რომ იქ სოციალურად სულ უფრო დაბალი ფენა იყრის თავს, რომელიც ეგუება, რომ წვიმა უნდა ჩამოსდიოდეს. ვისაც შეუძლია, გარბის იქიდან და ასე იქმნება დაბალშემოსავლიანთა გეტოები. მართალია, ჯერჯერობით გეტოდ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ აქეთკენ მიდის საქმე.
ამიტომ ახლა გადასარჩენია ძველი უბნები თავისი სამშენებლო სუბსტანციისა და სოციალური თვალსაზრისითაც. თუ იქ შენარჩუნებადი განახლების თვალსაზრისით არაფერი გაკეთდა, ის ისე დაინგრევა, რომ გეტოს სახეს მიიღებს. მერე ამ გეტოში მთელ მოსახლეობას გამოცვლიან და იქ რას ააშენებენ და როგორი ხალხი შევა, ეს იქნება კატასტროფა ქალაქისთვის. სოციალურად გაქრება ძველი ქალაქი. ნახეთ, ავლაბარში რა ხდება, ნახეთ, რა ხდება ე.წ. პლეხანოვის უბანში. ეს შესანიშნავი ადგილები შეიძლება ჯერ კიდევ გადავარჩინოთ თავისი სოციუმით, თავისი ხალხით, სახლებით. ალბათ, ამ ადგილების რეაბილიტაციაზე ლაპარაკობს კახა კალაძე.
მერობის კანდიდატი უსახურ შენობებზეც საუბრობს, რომლებიც ქალაქისთვის პრობლემაა. დედაქალაქის ისტორიულ ძეგლებს ამახინჯებს უკანონო მიშენებები, რაზეც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კულტურის სამინისტრო წერს, რომ თურმე უსახური დაშენებები ისტორიული შენობის შემადგენელი ღირებული ნაწილი ყოფილა.
- თქვენ თუ ლაპარაკობთ იმ შეუსაბამო რეაბილიტაციაზე, რომელსაც ამართლებდა კულტურის სამინისტრო, ვითარება მართლაც კრიტიკულია. ხომ ვნახეთ, ე.წ. პლეხანოვზე რაც გამოიწვია უვიცმა, დაბალპროფესიულმა ე.წ. შეკეთებებმა. ეს ყველაფერი მისახედია. ხოლო, თუ ლაპარაკია დროებით შეყენებულ კონსტრუქციაზე, რომელიც გუდიაშვილის მოედნის გარშემოა, ეს სასწრაფოდ მისახედია. არც ვიცი, როგორ უნდა ავუხსნა ადამიანებს, ცოტა ხანიც კიდევ ასე რომ გაგრძელდეს, თბილისი აღარ იარსებებს. ამიტომ არა მხოლოდ სამშენებლო სუბსტანციაა გადასარჩენი, არამედ თბილისის სოციალური შემადგენლობაც, სადაც ჯერ კიდევ არის სამეზობლოები, სადაც ადამიანებს თავიანთი ლოკალური ადგილი უყვართ. იქ შეიძლება ზომიერი გამჭიდროება, შეიძლება ახალი მოსახლეების, მაინცდამაინც მდიდრების არა, არამედ უფრო შეძლებულების შეყვანა, რომ უფრო გამრავალფეროვნდეს ეს უბნები, სოციალურად ცოტა გაჯანსაღდეს, შემოსავლები აღდგეს იმ უბნებში, რომლებიც ახლა უმუშევრობის არეალებად ქცეულან.
საინტერესოა, ასევე, კახა კალაძის გეგმა რაიონების, უბნების თანაბარი განვითარებისთვის. თუ დავაკვირდებით, გამალებულმა მშენებლობებმა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური უბნები მოიცვა და გაუსაძლისი გახადა იქ ცხოვრება, სხვა უბნებს კი არ შეხებია.
- სწორ რამეებს ამბობს ეს ადამიანი, მთავარია, არ დაითარსოს.
კიდევ ერთი პრობლემა. აღმაშენებლის გამზირი გადაიქცა რესტორნების, კაფეების არეალად, იგივე პროცესი იწყება მთაწმინდაზე, სოლოლაკში. მიუხედავად იმისა, რომ ღამის ხმაური აიკრძალა, ღამის მელოდიები და ხმაური ისევ ძალაშია. ახალი ქართველები ძველ უბანს შეჩვეულ მოსახლეობას აიძულებენ, თვითონვე უარი თქვან საკუთარ სახლებზე, დაუთმონ ბიზნესმენებს ფართები და კაფეებისა და რესტორნების გახსნის შესაძლებლობა მისცენ. თბილისის ძველი მოსახლეობა ბიზნესმენთა და მოვაჭრეთა მხრიდან შემოტევისგან დაუცველია.
- ეს სრულიად დაუშვებელი პრაქტიკაა. ეს არის საზოგადოებრივი სივრცეების, პირველი სართულების, ხანდახან მთელი შენობების კომერციალიზაცია, სადაც ფულის მოგების მეტი არაფერი აინტერესებთ. ეს პროცესი შესაჩერებელია. ქალაქის შემოსავლების გაზრდა სხვანაირადაც შეიძლება, ისე, რომ ქალაქი არ მოკლან. ასეთი ქცევით ქალაქს კლავენ, მათ შორის, სოციალურადაც. ძირითადად საფეხმავლო ზონებში ხდება პირველი სართულების კომერციალიზაცია, რაც ცალმხრივ მოგებაზეა აგებული. ეს ქალაქისთვის დამღუპველია. კიდევ კარგი, ღამით ხმაურის აკრძალვა შემოიღეს. იქნებ, ჩვენმა ხალხმა გაიგოს საკუთარი უფლების შესახებ, ხმა ამოიღონ, რადგან ბავშვებს ვერ აძინებენ.
ადამიანები აღმაშენებლის გამზირზე ყიდიან ბინებს და თუნდაც ქალაქგარეთ ამჯობინებენ გადასვლას, რადგან თვლიან, რომ ძველი პლეხანოვი მათი აღარ არის. როგორ უნდა მოხდეს ამ უბნის „დაბრუნება“?
- მაგას მივტირი მეც. ის ადამიანები, რომლებიც ძველ უბანთან შეზრდილნი იყვნენ და თავის „სამშობლოში“ გრძნობდნენ თავს, მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გაძევებულნი აღმოჩნდნენ. სტალინი ერთი დეკრეტით გადაასახლებდა ხალხს სადღაც, თუ სტალინის შემდეგ ასეთი ეკონომიკური ბერკეტით გაუსაძლის მდგომარეობას შეუქმნიან ადამიანებს, შედეგისთვის სულ ერთია.
ერთი სამკერვალო იყო პლეხანოვის ახლად რეაბილიტირებულ ადგილას. გავიარე ახლა და ის სამკერვალო ისევ დამხვდა. ჩავეკითხე, როგორ შეინარჩუნა ეს ადგილი, მეგონა, ქირას იხდიდა. მითხრა, ქირას არ ვიხდი, ეს ჩვენია, ამის გაყიდვა არ გვინდა, ამდენი წელია, აქ ვართო. არადა, მის გარშემო ყველაფერი კაფედ არის ქცეული, ერთი პატარა სამკერვალო დატოვა ამ კაცმა, რადგან თავის უბანს უფრთხილდება. ჯინაზე არ მიდის იქიდან, თორემ ბევრად მეტ ფულს მოიგებდა, კაფესთვის რომ მიექირავებინა. ეს მართალი კაცია, მანდ დაიბადა, გაიზარდა, ამდენ ხანს მუშაობდა და ახლა ვიღაცები მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ ორ დღეში მეტი ფული გააკეთონ და ეს კაცი უნდა გააგდონ.
ყველა ვერ უძლებს ამას და ტოვებს სამკვიდროს. იქაურობის სული შეიცვლება ამით. მაშინ სხვა სახელი დავარქვათ ამ ქალაქს, ეს ხომ თბილისი აღარ იქნება. ქალაქის მთავრობამ უნდა მიხედოს, რომ ასეთი ხალხი თავისი მშობლიური ადგილიდან არ აყარონ, შეინარჩუნონ. ამის ცოდნა ევროპაში აქვთ, თუ როგორ შეინარჩუნონ ეს ადამიანები. ჩვენმა ორგანიზაციამ „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალურმა ლაბორატორიამ“ რამდენიმე პროექტი გააკეთა, რათა როგორმე ადგილზე დავტოვოთ ის ხალხი, ვისაც გაქცევა არ უნდა. ამით ინვესტორსაც მოგება დარჩება და ის უბანიც ამოისუნთქავს.
„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ეს სლოგანი მიესადაგება თბილისის რეაბილიტაციის კალაძისეულ მიზნებს?
- ცოტა დავაკონკრეტებდი ამას, ისეთი ქალაქი გვინდა, რომელიც თან განვითარდება, თანაც შეინარჩუნებს იმას, რაც კარგია, რაც აქაურია, თავის ხალხიანად, თავის ფასეულობიანად. ეს იქნება ცოცხალი ქალაქი.
სხვათა შორის, თბილისს ორიენტალისტიკაში „სახლი სიხარულისა“ ერქვა.
- სიხარულის სახლად კი არა, გლოვის სახლად აქციეს წინა ხელისუფლების დროს. ახლაც ტერმინი „გაცოცხლება“ არ უნდა გავიგოთ ბრტყლად, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ გაიგო. თუ ბევრ ფულს მოიგებდნენ და იაფფასიან გართობაზე ორიენტირებულ ტურისტს მოიზიდავდნენ, იმას ეძახდნენ გაცოცხლებას. რაც შარდენზე, ბამბის რიგში, ერეკლეს ქუჩაზე ხდება, ამას მე გაცოცხლებას კი არა, ქალაქის სიკვდილს დავარქმევდი. სინამდვილეში, ბამბის რიგი ქალაქისთვის მოკვდა, ის არის იაფფასიანი, დაბალი დონის ტურისტების გასართობი ადგილი. მთელი ქუჩა რესტორნად გადააქციეს და თბილისელს იქ არ შეესვლება. ვინც აქაურია, ჩვეულებრივი შემოსავალი აქვს, იქ არც მივა, ერთი მისხალიც არ უდევს ჯიბეში. ქალაქის გაცოცხლება ჰქყვია იმას, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ამოისუნთქავს, მუშაობის პირობები შეექმნება. ასეთ სიცოცხლეს მივესალმები, ასე უნდა გააცოცხლოს კახა კალაძემ ქალაქი, თუ გაცოცხლება უნდა.