პროკურორის გონივრული მოლოდინი და ნანუაშვილის შთაბეჭდილება - სასამართლო განაჩენისთვის ემზადება

პროკურორის გონივრული მოლოდინი და ნანუაშვილის შთაბეჭდილება - სასამართლო განაჩენისთვის ემზადება

100-ზე მეტი მოწმე და 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები; აუდიო-ვიდეო ჩანაწერები; კომპიუტერული ექსპერტიზების შედეგად აღდგენილი ფაილები - სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ყველა ეს მტკიცებულება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადასტურებს. პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ჟურნალსიტებს საკუთარი გონივრული მოლოდინი გაანდო და აღნიშნა, რომ რომ მამალაძის მიმართ აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია, რომლებიც აცხადებენ, რომ 5-თვიანმა სასამართლო პროცესმა მამა გიორგის ბრალეულბა ვერ გამოკვეთა.

ე.წ. ციანიდის საქმის დასკვნითი სხდომა დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა ჯერ უცნობია როდის იქნება განაჩენი.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ მოსამართლეს გარკვეულწილად დიდი დრო დასჭირდება განაჩენის გამოსატანად, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ბრალდებული დეკანოზის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რამიშვილის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ე.წ. ციანიდის საქმის საქმის არსებითი განხილვა 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წლის ყველაზე საკანდალური სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სიტყვით წარსდგა დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც, რომელსაც გამოძიება კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ბრალდებას ედავება.

ბრალდებულმა ე.წ. ციანიდის საქმის გარდა, სხვა გარემოებებზეც ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ ვინ დგას ამ საქმის უკან. მამა გიორგიმ დეტალურად ისაუბრა იმაზე, რომ არგუმენტაცია თითქოს შორენა თეთრუაშვილი მისთვის იყო ბარიერი კარიერული წინსვლისთვის, აბსურდია, ვინაიდან ის საერო პირია.

რაც შეეხება ბრალდებულის დასკვნით სიტყვას, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი კონტროლის დროს ციანიდი ვერ აღმოაჩინა. დეკანოზის დაკავებიდან 9 საათის შემდეგ კი ბარგში ეს ნივთიერება იპოვეს, რაც ლოგიკური არ არის.

„მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, თუ იქნებოდა იქ ამდაგვარი ნივთიერება მათ არ აღმოეჩინათ. ეს აღმოჩნდა იმის შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი და მიიღეს მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. შესაბამისად, ამიტომაც აღმოაჩინეს მერე და არა იქ და იმ დროს, სადაც უნდა აღმოეჩინა უსაფრთხოების სამსახურს. ამდენად, წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილს იმედი აქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური და მოსამართლე მამა გიორგი მამალაძის მიმართ მიიღებს გამამართლებელ განაჩენს. როგორც რამიშვილი აცხადებს, ბრალდება დაკავებულისგან ისეთი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა, რასაც სასულიერო პირი, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახავს.

„როგორც ამას საქმის მასალები გვამცნობს, აქ პირდაპირ ჩანს სახლმწიფოს მხრიდან საქმეში ძალიან ცუდი ფორმით ჩარევა. სახელმწიფო ბრალდება მამა გიორგისგან ითხოვდა ინფორმაციას, რომელსაც სასულიერო პირი საიდუმლოდ ინახავს. რატომღაც გადაწყვეტილება იყო, რომ ე.წ. კრიტიკული კითხვები იმ საიდუმლო ინფორმაციებს შეხებოდა, რასაც სასულიერო პირები, როგორც სულიერი მოძღვრები ფლობენ. ამ კითხვებზე მამა გიორგიმ არაფერი უპასუხა და ვერც ვერანაირ პასუხებს ვერ მიიღებდნენ.

ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ მთელი რიგი კონვენციებია დარღვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და ნამდვილად არ მინდა, სანდრო გირგვლიანის საქმის მსგავსი სარჩელის წარდგენა მოგვიწიოს სტრასბურგში. ეს იქნება ყველანაირად სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ სტრასბურგი დაგვჭირდა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მკვდარია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საქმის კიდევ ერთი ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განმარტებით, დაცვის მხარის მიზანი იყო, პროცესები დასრულებულიყო რაც შეიძლება სწრაფად, რადგან არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დეკანოზი გიორგი მამალაძე გამართლდებოდა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ქმედების შემადგენლობის ვერც ერთ ელემენტს - ვერც იმას, რომ საფრთხე ემუქრებოდა ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მით უფრო შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეს და ვერც იმას, რომ მამა გიორგი მამალაძე იყო ამ დანაშაულის აღმსრულებელი და საკუთარი ხელითა და გონებით უნდა განეხორციელებინა ის ქმედება, რაც მას ბრალად ედება“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ ბრალდება არის დადასტურებული და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე პროკურატურა ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს. მისი თქმით, ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, რომ ბრალდებული წარმოაჩინონ მსხვერპლად.

„ადვოკატთა მრავალსაათიანი გამოსვლა, დასკვნითი სიტყვები საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა გამოსვლა დაიყვანეს ერთ უაზრო ვერსიამდე, რასაც ჰქვია ე.წ. ოქრომჭედლის ვერსია. მთელი მათი გამოსვლა იყო მცდელობა იმის, რომ ბრალდებული თითქოსდა შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში უნდათ დაარწმუნონ მოსამართლე.

რეალურად, ისინი კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ბუნებრივია, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა არანაირ მტკიცებულებებს და არგუმენტებს.

მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, როცა ჩვენ ასზე მეტი მოწმე დავკითხეთ. ისინი მხოლოდ ერთ დისკრედიტირებულ ირაკლი ფირცხალავას ჩვენებას ეყრდნობიან. ბრალდება არის დადასტურებული და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის დასკვნაში მოცემული იქნება ყველა იმ სავარაუდო დარღვევის შესახებ, რომლის დოკუმენტირებაც სახალხო დამცველმა მოახდინა. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავების დღიდან დარღვევები იყო უპრეცენდენტო, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განაჩენის გამოტანის დროს.

„ვერ დავინახეთ საჭიროება, რომ ეს პროცესი სრულად ყოფილიყო დახურული. რამდენიმე - 1 ან 2 სხდომა იყო ისეთი, სადაც გარკვეული ინფორმაციის გამო სხდომის დახურვა შესაძლოა ყოფილიყო მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. სამწუხაროდ სხდომები დაიხურა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა დაკავების პირველივე დღიდან. დარღვევები იყო უპრეცედენტო. ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ დასკვნაში, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს პროცედურული დარღვევები და მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ეს დარღვევები უნდა გაითვალისწინოს. ნანუაშვილის თქმით, საუბარია მათ შორის საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომელის მოპოვებაც კანონის შესაბამისად არ მოხდა.

„საქმეში არის საკმაოდ ბევრი პროცედურული დარღვევები, მათ შორის ისეთ დოკუმენტებზე და ისეთ მტკიცებულებებზეა საუბარი, რომლის მოპოვებაც არ მოხდა კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ეს მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოსამართლის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროს.

პირველივე დღიდან დაწყებული, ჩხრეკის ოქმი და ა.შ. პირველივე ეტაპიდანვე მთელი რიგი პროცედურული დარღვევები მოხდა უშუალო დაკავებისთანავე. დარჩა შთაბეჭდილება და გამიღრმავდა აზრი, რომ იმდენად ბევრია საქმეში დარღვევები, იმდენად სერიოზული იყო დარღვევები ამ საქმეში, მოველი იმასაც, რომ შესაძლოა, გამამართლებელი განაჩენიც იყოს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.