ფხენიანი ისევ იმუქრება

ფხენიანი ისევ იმუქრება

დადგება თუ არა მსოფლიო ახალი განსაცდელის წინაშე ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების ერთი ნაწილის პროგნოზი, რომ ჩრდილოეთ კორეა ვეღარ გაბედავდა რაკეტის გაშვებას, არ გამართლდა.

რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო, ანუ ბირთვული ომის საფრთხე, სადაც გამარჯვებული არ არსებობს, ალბათ რიტორიკული კითხვების ტიპს უფრო მიეკუთვნება, თუმცა მსოფლიოს ლიდერებს სერიოზულად აღაშფოთებს ფხენიანის პოლიტიკა.

28 აგვისტოს, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეატყობინა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა. როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რაკეტა, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.

იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგ გაშვებასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს.

„რაც შეეხება გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ჩვენ მოვითხოვთ საგანგებო სხდომის გამართვას. იაპონია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შემდგომშიც აპირებს ჩრდილოეთ კორეაზე წნეხის გაძლიერებას“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მტკიცედ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვება. იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეაჩეროს სარაკეტო პროგრამები.

„მტკიცედ ვგმობ ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით რაკეტების აგრესიულ გაშვებას. ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეაჩეროს თავისი სარაკეტო პროგრამები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

„ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი“, - მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მეზობლების, გაერო-ს წევრების მიმართ უპატივცემლობას ამჟღავნებს.

„ჩვენ ნათლად და ცხადად მივიღეთ ჩრდილოეთ კორეის ბოლო მესიჯი... დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები მხოლოდ ზრდიან ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის იზოლირებას. ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენება შესაძლებელია“, - აცხადებს აშშ-ს ლიდერი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეასრულებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაინტერესებული მხარეები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ მოლაპარაკებების პროცესის განახლებას.

„რა თქმა უნდა, ჩინეთმა მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სანქციების თაობაზე და ჩვენ სრულად შევასრულებთ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, მათ შორის სასანქციო ზომებს“, - განმარტა ჰუა ჩუნინმა.

ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავი აარიდა პასუხის გაცემას კითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ჩინეთი ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში.

„სანქციები ვერ შეძლებენ კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის ძირეულად გადაჭრას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს პრობლემა ყველაზე მეტად სამხრეთ კორეას აწუხებს და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა, რომელიმე ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის სამხედრო მოქმედებების დაწყება.

ექსპერტების ვარაუდით, სამხრეთ კორეის ინტერესებში არ შედის სამხედრო დაპრისპირება, ხოლო ერაყისა და ავღანეთის შემდეგ, ახალი სამხედრო ოპერაციის წამოწყება არც შეერთებულ შტატებს სჭირდება.

თავად ჩრდილოეთ კორეას რაც შეეხება, ექსპერტები თვლიან, რომ ფხენიანს სჩვევია პროვოკაციული ქმედებები თუ განცხადებები იმისათვის, რომ მსოფლიოს თავი შეახსენოს და რაღაც სარგებელიც ნახოს.

ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდნენ. გუამის კუნძულზე სამხედრო ავიაბაზა „ანდერსენი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „აპრა-ჰარბორი“ არის განლაგებული. მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

ექსპერტები თვლიან, რომ კორეამ მორიგი რაკეტით კვლავ თავი შეახსენა მსოფლიოს იმისათვის, რომ სანქციები, რომელიც ამერიკამ დაუწესა, მოახსენვინოს - ეს ქვეყანა სანქციათა იმ პაკეტშია მოქცეული, რომელიც აშშ-მ რუსეთს დაუწესა (რუსეთი-ირანი-ჩრდილოეთ კორეა).

სავარაუდოდ, მსოფლიოს ლიდერებს მართლაც მოუწევთ გაეროს თუ სხვა ფორმატში ამ თემაზე მსჯელობა, რადგან წამყვან ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა სანქციების თაობაზე. თანაც, რუსეთის მცდელობით თუ მის გარეშე, როგორც ჩანს, ფხენიანი აღარ ხუმრობს, ხოლო მსოფლიო ისტორიას მწარედ ახსოვს ისეთი ამბიციური და არაორდინალური ლიდერები, როგორიც ჩენ ინია.