საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოვლენათა ეპიცენტრში მოხვედრას ცდილობს - მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შემთხვევითი არ არის და პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილეს.
„ჩემი ინფორმაციით, თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, იმისათვის, რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან, ივანიშვილთან ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა, მის რეზიდენციაში, ურეკში. მათი საიდუმლო შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და თითქმის მთლიანად მე მომეძღვნა.
ივანიშვილი - 100%-ით რუსული პროექტია და „გაზპრომის“ უმსხვილეს აქციონერს წარმოადგენს. ორ მილიარდერ ოლიგარქს, ქვეყნების ლიდერებს შორის არის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა და ეს ადამიანი მე ვარ.
სამწუხაროდ, იმის კონსტატირება მიწევს, რომ ამ სიტუაციაში პოროშენკო იქცევა არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც სულით მოვაჭრე. ამავდროულად, ახმატოვის რესურების ჩართვით, მისმა არხმა შეიძინა ფილმი ჩემზე, რომელიც გაზპრომის ფულით ივანიშვილის მიერ იყო დაკვეთილი და მისი ჯიბის „ოპოზიციონერი“ ლიაშკო კვლავ ხმამაღლა ყვირის, რომ დროა, უკრაინიდან გამაძევონ.
რაზეც უნდა შეთანხმდენე ისინი და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან, მე კიდევ უფრო აქტიურად ვიბრძოლებ საქართველოსა და უკრაინის გასათავისუფლებლად ოლიგარქებისგან და მათი ყველა მსახურისგან, რომლებიც ხელს უშლიან ხალხის ნორმალურად ცხოვრებას“ - წერს სააკაშვილი.
როგორც ჩანს, სააკაშვილსა და მის მომხრეებს ახალი პიარსტრატეგია აქვთ დაგეგმილი და ამ ხაზს უკვე რამდენი ხანია, ერთგულად მიჰყვებიან - სააკაშვილი რომ უძლერესია პიარტექნოლოგიებში, ამას ქართველი ექსპერტებიც ყოველთვის აღიარებდნენ.
თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ოდესის გუბერნატორობიდან სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა მისი მხარდამჭერების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი, მაია ორჯონიკიძე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი გველეშაპი ჰყავდა დასამარცხებელი.
„მიშას გადადგომა უკავშრდება ბრძოლის ახალ ეტაპს,ხვალ აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებია და რაც მიშამ გააკეთა-ამან მხოლოდ ხელ-ფეხი გაუხსნა. ამიტომ მე მხოლოდ დადებითს ვხედავ იმაში,რა პროცესებიც დაიწყო. მიშა უკრაინას არ მიატოვებს და არც უნდა მიატოვოს. უნდა გაიმარჯვოს ჯერ იქ და შემდეგ უკვე-აქ.ორი ოლიგარქიული სისტემა,ორი გველეშაპი ყავს დასამარცხებელი:პოროშენკო და ივანიშვილი.ორივეს მოერევა,თუ შინაურები არ უმტყუნებენ! ასეც მოხდება“! - წერდა მაია ორჯონიკიძე.
იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებს უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეც, რომელიც ამჟამად კიევშია და ექს-პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს, ის უკრაინულ ტელეკომპანია ZIK-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მოლაპარაკებებს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებს.
„ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს „ღირებულებების ბაზა“ განსხვავდება და პეტრო პოროშენკოს „სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში შეშვება“ არ სურდა. პოროშენკოს ასევე აშინებდა ექსპრეზიდენტის პოპულარობა.
ეს ყველაფერი სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. უკრაინის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სააკაშვილისგან უკრაინის ოპოზიციური ველი მოასუფთავოს, - განაცხადა საყვარელიძემ გადაცემაში.
ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს – არც კიევში და არც თბილისში.
საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში, სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნა ელის. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრაში ადანაშაულებენ. მიხეილ სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტია. 2014 წლის 2 აგვისტოს სასამართლომ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.
თავად სააკაშვილმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არაერთხელ შეაფასა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. დაახლოებით იგივე ტიპის განცხადებები გაისმა დასავლეთის მხრიდანაც, რის შემდეგაც საქართველომ ამ მიმართულებით აქტიურობა შეანელა, თუმცაწინა პარლამენტში ეს თემა აქტიურად განიხილებოდა.
ძნელი სათქმელია, ისაუბრეს თუ არა ივანიშვილმა და პოროშენკომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, მაგრამ ცნობილია პოროშენკოს პოზიცია, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისასაც გაახმაურა - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თუკი ქართულ მხარეს ასეთი მოთხოვნა ექნება, შესაძლოა ის დაკმაყოფილდეს.
დაახლოებით მსგავსი მოწოდებები ყოველთვის ისმოდა დასავლეთის მხრიდან, როდესაც დღის წესრიგში სააკაშვილის თუ სხვა რომელიმე მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი დგებოდა. დასავლეთი მოითხოვდა ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც არ გააჩენდა კითხვებს, ადგილი ხომ არ ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
როგორც ჩანს, ქართველ სამართალდამცველებს მტკიცებულებების საკითხში სერიოზული პრობლემა შეექმნათ, რადგან ცნობილია, რომ 2012 წლის არჩევნების მეორე დღესვე უამრავი დოკუმენტაცია განადგურდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. დანარჩენი მტკიცებულებების მოსასპობადაც ყოფილ ხელისუფლებას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა.
რაც შეეხება პიარს, რომელსაც სააკაშვილი აგორებს, უკრაინაში ძნელი სათქმელია, მაგრამ საქართველოში გულმხურვალე ნაციონალების გარდა, თუ ასეთები დარჩნენ, უკვე აღარავინ ენდობა.
თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც გადაწყვეტს სააკაშვილის გასამართლებას და ამით პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მაშინ ეს არჩევნებამდე უნდა მოასწროს, რაც ძნელად დასაჯერებელია.
თუ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, პოლიტიკურად ამ ხელისუფლებისთვის ნაკლებად მომგებიანია, რადგან ისედაც რთულ პერიოდში კვლავ დასავლეთის ლუპის ქვეშ მოხვდება. თუ სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, რა დაპირებითაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში,მათ უკვე საკმაო დრო ჰქონდათ ამისათვის და პროცესით მაინც და მაინც არ აღფრთოვანებულა ქართული საზოგადოება.
თუ 2020 წლის არჩევნებისთვის მაინც მოხერხდება ექს-პრეზიდენტის დანაშაულის დამტკიცება ისე, რომ კითხვები არ დარჩეს, ეს საკმაოდ ძლიერი სვლა იქნებოდა, თუმცა, ისიც საკითხავია, რა პრიორიტეტები ექნება იმ პერიოდში საზოგადოებას და რა მთავარი ნიშნის მიხედვით აირჩევს მომავალ ხელისუფლებას.