აზერბაიჯანული გაზის მიმართ კითხვები ბოლო წლებში ხშირად ჩნდებოდა. ამ ორიოდე წლის წინ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ადასტურებდა, რომ, განსაკუთრებით, ზამთარში აზერბაიჯანიდან ჭუჭყიანი და უხარისხო გაზი შემოდიოდა. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ზამთარში გაზის უკმარისობის გამო აზერბაიჯანი „12 ჭაბურღილიდან ერთ მილში ყრიდა ყველანაირ გაზს“. ხოლო გაზაფხულზე, როცა გაზის პიკური მიწოდება არ ხდებოდა, თავისუფლად მოდიოდა ხარისხიანი გაზი, რომლის პარამეტრებიც დაცული იყო.
აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევდა, რომ კომერციული გაზის მომხმარებელს უნდა ჰქონოდა ალტერნატივა, მონოპოლისტი „სოკარისგან“ ეყიდა გაზი, ყაზახეთისგან, თურქმენეთისა თუ რუსეთისგან?
საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ცალკე უნდა ჩატარდეს იმის კვლევა, თუ როგორი ხარისხის ბუნებრივი აირი მიეწოდება ჩვენს ხალხს ბინებში.
„დარწმუნებული ვარ, ამ გაზის ხარისხი არც ერთ ნორმატივში არ ჯდება და, თანაც, გაზის ტარიფს გვიძვირებენ. ბევრად უკეთესია სხვა ქვეყნების გაზი, რომლებიც 40-50%-ით ნაკლებხარჯიანია თუნდაც იმავე ჩაიდნის ადუღებისას და ამდენი დრო არ მიაქვს. რუსული გაზი აღიარებულია მთელ მსოფლიოში, ასევე, ალჟირშია კარგი გაზი, მალტაშიც ნორმალური ბუნებრივი აირია, ნორვეგიაშიც ასევეა. აზერბაიჯანიდან გატანილი და ევროპაში მოხმარებული გაზი კი არავის უნახავს. „სოკარი“ საქართველოში ბევრი პოზიციის მფლობელია. ძალიან ბევრი მდიდარი აზერბაიჯანელი გადმოვიდა აქეთ, ესენი არიან „სოკარის“ ხალხი, ისინი აფართოებენ თავიანთ ბიზნესს, გადადიან სხვა ბიზნესებში, იჭრებიან მშენებლობაში და ამ დროს ჩვენი ხალხი უმუშევარია. გაზს აქვს 5, 6, 7 ათასის ოდენობით თბოტევადობა, ნახშირსაც ასე აქვს.
მაგალითად, თურქები უკრაინიდან ერთ გრამ ნახშირსაც არ ყიდულობენ, რადგან არ არის თბოეფექტური, უფრო მეტი ნარჩენი აქვს. არადა, იქვეა უკრაინა, ზღვაზე ერთი გადასვლა მოუწევთ. მხოლოდ კუზბასიდან ყიდულობენ გარეცხილ ნახშირს, რადგან 7 ათასზე მეტი თბოეფექტურობა აქვს. ამდენად, აზერბაიჯანული გაზის შეძენა ნიშნავს, რომ ჩვენ მეტ ფულს ვიხდით, ვიდრე ნორმალური გაზის პირობებში გადავიხდიდით. თუ ჩვენ გვჭირდება 1 კუბამეტრი გაზი მოსახმარებლად, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანული გაზი 1,5 კუბამეტრი დაგვჭირდება“, - აცხადებს თემურ ვეკუა.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაზის ხარისხთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებმაც ეს უნდა შეამოწმონ. კონტრაქტი ვისთანაც არის დადებული, ანუ ვინც გვაწვდის გაზს, მისი მოწოდება თავადვე ითვალისწინებს გაზის ხარისხის შემოწმებას.
„სხვა საკითხია, მიმწოდებელი აწვდის თუ არა მომხმარებელს იმ ხარისხის გაზს, როგორიც უნდა იყოს. ბევრ შემთხვევაში, ბუნებრივი აირის უხარისხობა გამოწვეულია იმით, რომ გაზის ბევრი დანაკარგი გვაქვს ჰაერში გაუმართავი სისტემების გამო. მივესალმები გაზის მრიცხველების გატანას სადარბაზოებში, მაგრამ რკინის მილების პლასტმასის მილებით ჩანაცვლება მაინცდამაინც სწორ მოქმედებად არ მიმაჩნია. პლასტმასში გაზი არ არის დაცული და, თუ მას სწორი დაცვა არ აქვს, ვიღაც მიადგა შლანგზე და ელემენტარულად გაჭრა, მერე რა უნდა გავაკეთოთ? ამიტომ მეტი დაცულობა უნდა იყოს და არ გვქონდეს გაზის დიდი დანაკარგი ჰაერში. ამასაც სჭირდება სერიოზული კონტროლი და არა მარტო იმას, ხარისხიანია თუ არა ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტექნიკური ექსპერტი არ არის, ამდენად, ვერ მოახდენს გაზის კალორაჟის გაზომვას, თუმცა ენდობა ოფიციალურ წყაროებსა და ტექნიკურ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსული, აზებაიჯანული და თურქმენული გაზის თბოშემცველობა დაახლოებით ერთი და იგივეა, ანუ 7 და 8 ათასია.
„რასაკვირველია, ირანული გაზი თბოტევადობით და კალორიულობით უფრო მაღალია, გამოირჩევა 11 ათასამდე კალორიულობით. ამიტომ, ვისაც ეჭვი უჩნდება ამ გაზის კალორიულობასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოს ლაბორატორიას, ჩაატარონ კვლევა და საბოლოოდ გაეცემა ამ კითხვას პასუხი“.