გასაქირავებელი ბინების ფასი კიდევ შემცირდება

გასაქირავებელი ბინების ფასი კიდევ შემცირდება

ქირის ფასი დიდი ალბათობით შემცირებას გააგრძელებს. ტენდენციას ადასტურებს, როგორც უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

თიბისი კაპიტალისუფროსი მკვლევარის სალომე დეისაძის შეფასებით, 2023 წლის მაისიდან ამ დრომდე, ქირის ფასი კლების ტრენდს ინარჩუნებს, რაც იჯარაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ამიტომ ქირის ფასის კლება ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან წინა წლებში, იჯარის ღირებულება არაბუნებრივად იყო გაზრდილი.

„2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, საქართველოში მიგრანტების დიდი რაოდენობა შემოვიდა, რამაც ქირაზე არაბუნებრივად მაღალი მოთხოვნა გააჩინა. იმის გამო, რომ აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებდა, იჯარის ფასი სწრაფი ტემპით და მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. ახლა კი, მიგრაციული ეფექტი ამოწურულია და ქირის ფასი ლოგიკურ ნიშნულს უახლოვდება“, - განმარტა დეისაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო, ანუ აპრილის თვის მდგომარეობით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი შენარჩუნდა 10.7 დოლარზე. უნდა ითქვას, რომ 2024 წლის აპრილთან შედარებით, ეს 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება უძრავი ქონების ამონაგებს, ის დარჩა 9%-ზე და ისიც წლიურ ჭრილში ასევე 1.6 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სალომე დეისაძე ამბობს, რომ სხვა აქტივებთან შედარებით, უძრავი ქონება საინვესტიციოდ კვლავ საინტერესო იქნება.

ქირის ფასისგან განსხვავებით, კვლავ ზრდის ტრენდს აჩვენებს გასაყიდი უძრავი ქონების ფასები. ასევეთიბისი კაპიტალისცნობით, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, თბილისში უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა 1 კვადრატულზე 1255 დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ფასების მატება ფიქსირდება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებითაც. აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, ანუ 1914 დოლარი, ვაკეში დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვება მთაწმინდა 1908 დოლარით.

ქირაზე ფასის შემცირებას ადასტურებენ უშუალოდ უძრავი ქონების სექტორში მომუშავე ადამიანები. ცვლილება უფრო მეტად შეეხო გარკვეული სეგმენტის ბინებს.

ჯეო რეალთის დამფუძნებლის მაია გამზარდიას ინფორმაციით, საშუალო კატეგორიის გასაქირავებელ ბინებზე ქირის ფასი 50%-ითაც კი არის შემცირებული. თავის დროზე, 800-1000-დოლარიანი საცხოვრებელი ქონება 2000 დოლარად ქირავდებოდა, შესაბამისად, ახლა თავის ნიშნულს დაუბრუნდა. რაც შეეხება ბიუჯეტურ და მაღალი სეგმენტის ბინებს, ფასი შენარჩუნებულია.

საცხოვრებელი უძრავი ქონების შემთხვევაში, ქირა ძალიან არის შემცირებული, თუმცა კომერციული ფართების იჯარის შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ დაკლებულია. მაქსიმუმ 5%-ით შემცირდა, ზოგან პირიქით, მატებაც არის. ფასები განსხვავებულია უბნების მიხედვით, რა თქმა უნდა, ვაკეში, საბურთალოსა, და სოლოლაკში ყველაზე მაღალი ფასებია. განსხვავებული ღირებულებაა ვარკეთილი, გლდანის, სამგორის რაიონებში. მეტროს სიახლოვეს მდებარე ბინებს, კიდევ უფრო მაღალი ფასი აქვს, - განუცხადა ბიპიენს გამზარდიამ.

კითხვაზე, რამ განაპირობა საშუალო სეგმენტის ბინებზე ქირის ფასის განახევრება, ჯეო რეალთის დამფუძნებელმა აღნიშნა:

საშუალო ბიუჯეტურში ითვლება საცხოვრებელი უძრავი ქონება, რომლის ქირა, საშუალოდ, 1000-დან 2000 დოლარამდეა. მიგრანტების შემოსვლის დროს 2000 დოლარად ქირავდებოდა ისეთი ბინა, რომელიც 800 და 1000 დოლარი ღირდა. შესაბამისად, ეს კატეგორია, პრაქტიკულად, თავის ფასს უბრუნდება, - აღნიშნა გამზარდიამ.