შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომამდე ლარის გაცვლით კურსს არაფერი ემუქრება. მეტიც, საუბარია იმაზეც, რომ ეროვნული ვალუტა შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ საბანკო სფეროს და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას ლარის გაცვლით კურსზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ბოლო რამდენიმე წელია და განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ლარი მართლაც შესაშურ სტაბილურობას იჩენს, რასაც ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.
„ლარის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შედეგი. თავად ეკონომიკა, ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის სტაბილურობას. ექსპორტი, გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი დალარის მიმართ ნდობა - ეს ფაქტორებია მთავარი.
რაც შეეხება ჩვენს ბერკეტებს ამ კუთხით, რასაც ვიყენებთ და გამოვიყენებთ, ეს არის ჩვენი მონეტარული პოლიტიკა და მისი განაკვეთი. როდესაც ჩვენ ვთოკავთ ინფლაციას და ინფლაციურ მოლოდინებს, ეს დადებით გავლენას ახდენს ასევე კურსზე და პირიქით - როდესაც კურსი არის მყარი, იმპორტული საქონლის ფასების მხრიდან დაწოლაც ინფლაციაზე მცირდება, ეს არის ურთიერთკავშირში. ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა პარლამეტში ნათია თურნავამ.
2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის კურსი 8 თეთრით არის გამყარებული. თუკი წლის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 2.81 ლარი ღირდა, ახლა მოცემულობა შეცვლილია და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარს შეადგენს, ეს გარემოება კი იმაზე მითითითებს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა და შედეგად ლარი ეტაპობრივად მყარდება. როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, ლარი შემდეგომ პერიოდშიც გამყარდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკი გარკვეულწილად მომატებულია, „თიბისი კაპიტალში“ ფიქრობენ, რომ ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი.
„ბოლო პერიოდში ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც. გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინება; დოლარის გლობალური სისუსტე; შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც ადასტურებენ დადებით დინამიკას. ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია.
„მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია და ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამას. ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისა და მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა ძნელაძემ.
რაც შეეხება მოლოდინს გაცვლით კურსთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ზაფხულის პერიოდში მკვეთრი გადახრა მოსალოდნელი არ არის.
„წინა პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისთვის სტაბილური არის გაცვლითი კურსი. ზაფხულის პერიოდში ძირითადად არ არის ხოლმე მოსალოდნელი მკვეთრი შოკები“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.