საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხმა კვლავ წინა პლანზე წამოიწია. მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე ენერგეტიკოსებიც.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის, ნენსკრასა და ხუდონჰესის ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინტენსიური მუშაობაა საჭირო. არსებული მდგომარეობით, ნამოხვანის, ხუდონი და ნენსკრას საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული.
2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა „ტრანს ელექტრიკას“ პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში კი 2021 წელს მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა.
რაც შეეხება 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრაჰესს, მისი მშენებლობა ნომინალურად 2014 წელს, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პროექტის ინვესტორია კორეის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია „ქეი ვოთერი“, რომელიც პროექტის 90%-ს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი საპარტნიორო ფონდი (ამჟამად საქართველოს განვითარების ფონდია).
ნენსკრაჰესის დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კრედიტით იგეგმებოდა, თუმცა ამ პროექტზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებები არ დამტკიცდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
რაც შეეხება 433-მეგავატის სიმძლავრის ნამოხვანჰესის კასკადს, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ პროექტის განხორციელებით და აქტიური წინამოსამზადებელი სამუშაოებით იყო დაკავებული, თუმცა პროექტთან დაკავშირებით შექმნილი პროტესტის გათვალისწინებით 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა, რომელშიც 2024 წლის დეკემბერში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მთავრობამ ეს განაჩენი გაასაჩივრა.
ამ ყველაფრის გარდა, ენერგეტიკის განვითარებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვედრია საქართველოში. მოსახლეობის პროტესტი თითქმის ყველა დიდი თუ პატარა ჰესის მშენებლობას სდევს თან. მიუხედავად ასეთი პირობებისა, საქართველოს მთავრობა 2030 წლისთვის გეგმავს, გამომუშავებამ ელექტროენერგიის მოხმარებას გადააჭარბოს.
„თქვენ გახსოვთ, რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში. ამ დროს არის ძალიან დიდი რესურსი იგივე ნენსკრას, ხუდონის, ნამოხვანის მიმართულებით და ყველა მიმართულებით არის საჭირო ინტენსიური მუშაობა, ასევე მცირე და საშუალო ჰესების, ასევე მზის და ქარის სადგურების მშენებლობის მიმართულებით. აქ არის სერიოზუოლი მუშაობა საჭირო და გვინდა რომ 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ უკვე 2030 წლისთვის ადგილობრივი დადგმული სიმძლავრით და ამ ენერგეტიკული პროექტების განხორციელების გარეშე ვერ იქნება ეს მიზანი მიღწეული. ამოცანაა რომ 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს გენერაციამ, ეს სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის პოზიციას ეთანხმებიან დარგის სპეციალისტებიც. თუ მსხვილი ჰესების პროექტები არ განხორციელდება, ენერგეტიკულად სულ მეზობელი ქვეყნების იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული. როგორც „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ „ბიზნეს მედია ჯორჯიასთან“ საუბრისას აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, აუცილებელია დღეს ქვეყანაში არსებული დადგმული სიმძლავრე გაორმაგდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ზომის ჰესების პროექტების განვითარება, ეს გვჭირდება როგორც იმპორტის შემცირების, ასევე სისტემის მდგრადობისთვის, რათა ქსელში მეტი მზის და ქარის სიმძლავრეები ჩაერთოს. ეს თუ არ განხორციელდება, გლობალურად სულ ვიქნებით მეზობელი ქვეყნების იმპორტზე ჩამოკიდებული. თუ ისეთი მსხვილი პროექტები არ განხორციელდება, როგორიცაა ნენსკრა, ნამოხვანჰესი, ხუდონჰესი, არ გვექნება საექსპორტო ელექტროენერგიაც.
დღეს არსებული ჰესების სიმძლავრეები მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, რათა დარგში მასშტაბური ცვლილებები შევიდეს და ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ენერგოდამოუკიდებელი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.