„ირანი ცდილობს სიტუაციის კონტროლს და გაჟონვის ლოკალიზებას ქვეყნის შიგნით, რადგან მსგავსი შედეგი მთელ რეგიონს დააზარალებს, მათ შორის თავად ისრაელსაც“

„ირანი ცდილობს სიტუაციის კონტროლს და გაჟონვის ლოკალიზებას ქვეყნის შიგნით, რადგან მსგავსი შედეგი მთელ რეგიონს დააზარალებს, მათ შორის თავად ისრაელსაც“

ირან-ისრაელის კონფლიქტმა ახალი ფაზა შეიძინა – ბირთვული საფრთხე, მიზანმიმართული დარტყმები და რეგიონული დაძაბულობის ზრდა. რა მიზნები ამოძრავებს ისრაელს და რამდენად რეალურია ფართომასშტაბიანი ომი? შესაძლოა თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს და საქართველოზე მიგრაციული ზეწოლა მოხდეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე for.ge-სთან ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი ვასილ პაპავა საუბრობს.

როგორ შეაფასებთ ბოლო თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა როგორც ირანის ტერიტორიაზე, ასევე ისრაელში? რას ემსახურება ისრაელის ქმედებები?

ვასილ პაპავა: ირან-ისრაელის დაპირისპირება ახალი არ არის. ეს კონფლიქტი სათავეს 1979 წლიდან იღებს, როდესაც ირანში შაჰის რეჟიმი სასულიერო ხელისუფლებამ შეცვალა. მანამდე ირანი და ისრაელი ახლო პარტნიორები იყვნენ, არსებობდა თანამშრომლობა ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სამხედრო სფეროებში. შაჰისდროინდელი ირანი ისრაელს ნავთობს აწვდიდა, ხოლო ისრაელის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ირანის უშიშროების სამსახურის „სავაქის“ გაძლიერებაში.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანმა შეცვალა საგარეო პოლიტიკა, რომელიც ანტიდასავლურ და ანტიისრაელურ კურსს გულისხმობს. სწორედ აქედან დაიწყო ირანის მხარდაჭერა რეგიონული მოძრაობებისთვის, რომელიც ისრაელის წინააღმედგ მოქმედებდნენ. მათ შორის „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ დახმარება, რომლებიც ისრაელს ტერორისტული აქტებით უპირისპირდებიან.

დღევანდელი ესკალაცია პირდაპირ უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას. ისრაელი შიშობს, რომ ბომბის შექმნის შემთხვევაში ირანი, როგორც ღიად ანტიისრაელური განწყობის მქონე სახელმწიფო, ამ იარაღს მათ წინააღმედ გამოიყენებს. ამიტომ ისრაელი ცდილობს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანებას მანამ, სანამ ბირთვული შესაძლებლობები სრულად განვითარდება. ისრაელმა ამ დარტყმებით ირანს დაასწრო.

რამდენად მაღალია კონფლიქტის გავრცელების რისკი თუნდაც რეგიონის მასშტაბით?

- რისკები მაღალია. ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება და რა მასშტაბის იქნება ზარალი. 13 ივნისის სპეცოპერაციის ფარგლებში ისრაელმა გაანეიტრალა ირანის გენშტაბისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელები, რაც ირანისთვის დიდი დარტყმა იყო. ირანი პასუხობს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, რათა არ გამოჩნდეს სუსტი საკუთარი მოსახლეობისა და მხარდამჭერების თვალში. ხელისუფლება ისრაელთან დაუნდობელ ბრძოლას პირდებოდა ერს და ახლა ამ დაპირების შესრულება თავად რეჟიმისთვის გადარჩენის წინაპირობა გახდა.

ერთ-ერთი სამიზნე იყო ირანის ბირთვული ობიექტები. არსებობს თუ არა რეალური საფრთხე რადიაციული გაჟონვის ან ატომური მასშტაბის კატასტროფის? როგორ რეაგირებს ამაზე თავად ირანი?

- ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანდა ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორია. „მაგატემ“ დაადასტურა ურანის გაჟონვა ერთ-ერთ ობიექტზე, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, ეს გაჟონვა როგორი მასშტაბის საფრთხეს ქმნის. ირანი ცდილობს სიტუაციის კონტროლს და გაჟონვის ლოკალიზებას ქვეყნის შიგნით. თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისრაელსაც არ სურს რეგიონული კატასტროფის გამოწვევა, რადგან მსგავსი შედეგი მთელ რეგიონს დააზარალებს, მათ შორის თავად ისრაელსაც.

ემუქრება თუ არა ირანს საერთაშორისო იზოლაცია და რატომ არ იჩენს აქტიურ მხარდაჭერას რუსეთი და ჩინეთი? ხომ არ მიუთითებს ეს ფარულ შეთანხმებაზე დიდ მოთამაშეებს შორის?

- ჯერჯერობით ირანი სრულ ბლოკადაში არ არის. მიუხედავად დასავლური სანქციებისა, ეკონომიკური კავშირები შემორჩა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და ნაწილობრივ რუსეთი. ამ ქვეყნებისთვის ირანი მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით გეოეკონომიკური პროექტების ჭრილში – მაგალითად, ჩინეთის „აბრეშუმის გზა“ და რუსეთთან სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფანი.

რაც შეეხება ფარულ შეთანხმებას, ძნელად სავარაუდოა, რომ რუსეთსა და ამერიკას ჰქონდეთ საერთო სტრატეგია ირანის წინააღმდეგ. ჩინეთსაც არ აწყობს ირანის დესტაბილიზაცია, რადგან ეს დააზარალებს მის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

რამდენად ძლიერია ირანში შიდა დაძაბულობა და მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური არეულობა ან მასობრივი გამოსვლები ქვეყნის შიგნით მიმდინარე გარე ესკალაციის ფონზე?

- წარსულში ირანში არაერთხელ ვიხილეთ მასობრივი საპროტესტო ტალღები, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მხრიდან. თუმცა რეჟიმმა ეს გამოსვლები ეფექტურად ჩაახშო. მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ირანის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. თუ რეჟიმი ვერ მოახერხებს კრიზისის სწრაფად დაძლევას და ეფექტიან რეაგირებას, არაა გამორიცხული, ქვეყანაში უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდეს. დასავლეთი, დიდი ალბათობით, ამ პროცესებს ყურადღებით დააკვირდება და შესაძლოა, წაახალისოს კიდეც შიდა ზეწოლა ირანის ხელისუფლებაზე.

რეგიონული დესტაბილიზაციის პირობებში რამდენად რეალურია ლტოლვილთა ნაკადის გაჩენა ირანიდან და რა მიმართულებით შეიძლება ისინი გადაადგილდნენ?

- თუ კონფლიქტი გამწვავდა და პროცესში აშშ და დიდი ბრიტანეთი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, შესაძლოა, ირანში მასობრივი დესტაბილიზაცია დაიწყოს. ასეთ პირობებში არ არის გამორიცხული მილიონობით ლტოლვილის წამოსვლა. მათი სავარაუდო მარშრუტები იქნება თურქეთი და სამხრეთ კავკასია, მათ შორის აზერბაიჯანი. ასეთმა სცენარმა შეიძლება საქართველოზეც მოახდინოს გავლენა.

როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ახლო აღმოსავლეთში არსებული ესკალაციის ფონზე — როგორც დიპლომატიურად, ასევე კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების თვალსაზრისით?

- წლებია ვამბობ, რომ საქართველო უშუალოდ ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ეს კონფლიქტები გვეხება – იქნება ეს ენერგოუსაფრთხოების, ჰუმანიტარულ თუ დემოგრაფიულ ჭრილში. ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ძირფესვიან გენერატორს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დროულად აწარმოოს მონიტორინგი მიმდინარე პროცესებზე და მოამზადოს გეგმა იმ რისკების მართვისთვის, რაც შესაძლოა მიგრანტების ნაკადით, ეკონომიკური გავლენით ან რეგიონული არასტაბილურობით შეიქმნას. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ეროვნული ინტერესების პრიზმიდან, რათა კრიზისის პირობებში სათანადო რეაგირება შეძლოს. შესაძლოა ეს ადამიანები გარე მოთამაშეებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ.