სახელმწიფო საწარმოებში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მთავრობა საბოლოოდ შეაწუხა. მდგომარეობა ასეთი ტიპის ორგანიზაციებში ვერაფრით უმჯობესდება. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმირების პროცესი გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს.
„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
ენერგეტიკის სფეროში მაგალითად ჩამოყალიბებული იყო გარკვეული მიდგომა, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა სექტორის განვითარებას. ეს თავიდან ბოლომდე მოისპობა და გაკეთდება უახლოესი ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში.
მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესში თანხები, შტატების შემცირების ხარჯზე შემცირდება. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეს უკვე დაადასტურა.
„თანხები შტატების შემცირების ხარჯზე შემცირდება და იქნება გარკვეული ეკონომია, რომლებსაც სხვა მიზნებისთვის გამოვიყენებთ. ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სახელმწიფოს საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის მიხედვით, ხელისუფლებას ეს სტრატეგია ფრთხილად, დროში გამოცდით უნდა განეხორციელებინა და მიღებული ცოდნით კანონმდებლობა უნდა დაეხვეწა.
„სახელმწიფოს გააჩნია სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ელემენტებს, თუმცა ჩვენ ფრთხილად მივუდექით ამ საქმეს და ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომელიც გარკვეულ კორექტირებას ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში,
შემდეგი ნაბიჯი კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გამოვცადეთ. ეს გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდას, მეტ გამჭვირვალობას, მეტ პროფესიონალიზმს და საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, ხელმძღვანელობის მხრიდან მკაფიო ანგარიშვალდებულებას და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას, რაც საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
აქ არ არის საუბარი რიგით შპს-ებზე, რომლებშიც სახელმწიფო მონაწილეობს. საუბარია მსხვილ კორპორაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობაზე, დარგის სტაბილურობის თვალსაზრისით ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სახელმწიფო საწარმოებში დიდი ხანია არაჯანსაღი ვითარებაა. ამას ეკონომისტები ყოველთვის მიუთითებდნენ. ხშირია ნეპიტიზმი და კორუფციაც კი. ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, დღესდღეობით რთულია მსჯელობა რეფორმებზე და ზოგადად საუბარი იმაზე, რას აპირებს მთავრობა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშიებით.
„სახელმწიფო საწარმოებში ბევრია ფიქტიურად დასაქმებულები და აქვთ ასტრონომიულად მაღალი ხელფასი. ვის გაშვებას გეგმავს კობახიძე, რა არის რეფორმის შინაარსი? თუ ეს კადრები უნდა შეინარჩუნოს და პროფესიონალი კადრები გაუშვან, მაშინ როგორ დავარქვათ ამას სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. თუ ის იმ ადამიანების გაშვებას აპირებს, ვინც ფიქტიურად ჰყავს დასაქმებული, როგორიც არის ქუცნაშვილი, კურტანიძე და სხვები. თქვას, რომ ამას აპირებს და მაშინ ცოტა შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ამის მოლოდინი ნაკლებია. ერთია რა ითქვა, მეორეა, რის გაკეთებას აპირებენ. სახელმწიფო საწარმოები დიდი ხანია ყოველთვის იყვნენ და ახლა მით უფრო არიან ზარალზე მომუშავე, წამგებიანი საწარმოები. ეტყობა მათაც შეაწუხა უკვე ამ ზარალის მასშტაბმა და მათი შენახვა უკვე პრობლემურია“, - განაცხადა ცომაიამ.
ის, რომ სახელმწიფო საწარმოებს ფინანსური პრობლემები აქვს ადასტურებენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერის დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად, არაერთი საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტას გულისხმობს.
„ეს პროცესი უკვე დაწყებულია რამდენიმე საწარმოში, მაგალითად, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, ასევე ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანიები. ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგა 52 მილიონ ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, რეფორმა გულისხმობს უამრავ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც ეხება ბორდების დაკომპლექტებას, მენეჯმენტს. ჩვენი მთავარი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხითაც“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო. მმართველობითი მოდელის ცვლილება საპილოტე რეჟიმში „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განხორციელდა. 2022 წელს მართვის კორპორაციული სტანდარტების დანერგვა კიდევ სამ სახელმწიფო საწარმოში დაანონსდა: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და აეროპორტების გაერთიანება, რის შემდეგაც კომპანიები მოგებიანები უნდა გამხდარიყვნენ.