მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დასაქმებული იყო 125 ათასი კომლი და ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი ინტენსიურად მცირდებოდა და საბოლოოდ დარგი სრული განადგურების წინაშე დადგა. ამის მიზეზს ერთი მხრივ - სახელმწიფო ქონების, კერძოდ გადამმუშავებელი საწარმოების პრივატიზაციის წარმართვის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, ხოლო მეორე მხრივ, მეჩაიეობის დარგის განვითარების არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის პროგრამები წარმოადგენს. კერძოდ, არ განხორციელდა ჩაის ფოთლის წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრირებული, ერთიანი საწარმოო ციკლის ხელშემწობი სისტემური პროგრამები, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩაის ფოთლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის და კოოპერატივის ფარგლებში გადამმუშავებელ საწარმოსთან ინტეგრირების, ანუ ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებში ორ ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობაზე, როცა ცალკე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსება. სწორედ ასეთი გაუაზრებელი, არასისტემური პოლიტიკის შედეგია, რომ არ განხორციელდა მეჩაიეობის დარგის ეფექტური ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც უპირატესად ორიენტირებული იქნებოდა დარგში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაკმაყოფილებაზე და მხოლოდ ამ გზით აღნიშნულ პროექტებს შეექმნებოდა მდგრადი სიცოცხლისუნარიანობისა და ინტენსიური განვითარების საფუძვლები. იმის გამო, რომ ჩაის ფოთლის წარმოებიდან მოსახლეობამ ვერ მიიღო ადეკვატური სარგებელი, მოხდა ჩაის პლანტაციების გადაწვა და ამ მიწებზე სხვა კულტურების განთავსება. შედეგად მივიღეთ უკვალოდ და უშედეგოდ გამქრალი რამდენიმე ათეულ მილიონი ლარი სახელმწიფო თანხა და ათიათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან დარჩენილი მხოლოდ 8 ათასი ჰექტარი და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 2-3 პროცენტით იზრდება.
დღეს, როდესაც ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი, მეჩაიეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწყება იყო იმედის მომცემი, რომ ბოლოს და ბოლოს გატარდებოდა რეფორმისტული პოლიტიკა და აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერირების ფორმების გამოყენებით მოხდებოდა მეჩაიეობის დარგის რაციონალური ორგანიზაციული მოწყობა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მოლოდინი არ გამართლდა. პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 3.5 მლნ ლარის ოდენობით, რომლის ათვისების ეფექტიანობა დაბალია, რასაც განაპირობებს პროგრამაში ისეთი ნორმების გაუთვალისწინებლობა, რაც მორგებული იქნებოდა ბენეფიციარების, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობებზე.
მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახით დღეს ქვეყანაში უკვე არსებობს ისეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც ორიენტირებულია არა დაქირავებული შრომის, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შრომითი რესურსის კაპიტალიზაციაზე და სამეწარმეო განვითარების სტიმულირებაზე, რაც არსებულ პირობებში წარმოადგენს მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის, ადგილზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეალური პერსპექტივის შექმნის და რეგიონებში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების ყველაზე კარგ საშუალებას. ასეთი ტიპის სამეურნეო სისტემაში კოოპერატივის თითოეული წევრი შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებულია აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავე დროს აქტიურად არის ჩართული გადამმუშავებელი საწარმოო პროცესების ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში, საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში და ახორციელებს ერთიანი საწარმოო ციკლის მონიტორინგს სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე. მეურნეობრიობის ეს ფორმა ერთი მხრივ - საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე კოოპერაციული ფორმების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ - ქმნის აგრარულ საწარმოთა დაფინანსებაში ახალი, ეფექტური ელემენტების შეტანის მოტივაციას.
საქართველოს აგრარული სექტორის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ძირითადად დაკავშირებულია 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერის მცირემასშტაბიან სამეურნეო საქმიანობასთან, მხოლოდ კოოპერაციული, ანუ ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობის სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის განხორციელება.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ მიხედვით, (ციტ.): „სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებლი კომპანიებიდან ერთ-ერთი“. სასოფლო-სამეურნეო სატატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესრულებინათ თვითონ კოოპერატივებს, რასაც ისინი განახორციელებდნენ მხოლოდ საკუთარი მეპაიეების შრომითი რესურსების გამოყენებით, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, რაც პროგრამით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანხებს გამოიყენებდა იმ რეალური პრობლემების მოსაგვარებლად (ნაკვეთების შემოღობვა, სასუქების და შხამქიმიკატების შესყიდვა და სხვა), რაზეც კოოპერატივებს მათი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სჭირდებათ ქმედითი ფინანსური დახმარების აღმოჩენა. მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ფერდობებზე განლაგებული ჩაის პლანტაციების პირობებში) ეს სამუშაოები შესასრულებელია მცირე მექანიზაციითა და ხელით.
შეზღუდული მატერიალური რესურსების პირობებში კოოპერატივების მეპაიეების შრომითი რესურსების სტიმულირება და ამოქმედება, მიმდინარე პერიოდში წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელმაც ჯეროვანი ასახვა უნდა ჰპოვოს შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში. გაწეულ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე განხორციელდებოდა მონიტორინგი სოფლის მეურნეობის „პროექტების მართვის სააგენტოს“ მხრიდან, ხოლო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხრიდან მათ მიმართ ისედაც ხორციელდება მონიტორინგი. კოოპერატივების ამ უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსის არდანახვა (შეგნებულად თუ შეუგნებლად) და გამოუყენებლობა იმთავითვე წარმოადგენდა სახელმწიფო ფულადი რესურსების არარაციონალური განკარგვის წინაპირობას, რაზეც მაშინვე გამოვაქვეყნე ჩემი მოსაზრება გაზეთ „რეზონანსში“.
გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების კოოპერატივების მიერ შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხა სრულად მიმართულიყო უშუალოდ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე, რომლის საერთო ღირებულება რეალურად 2-3-ჯერ აღემატება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ თანხების მოცულობას, ხოლო პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით ცალკე კომპანიის შერჩევა და მათზე ამ სამუშაოს დაკისრება, ნაკლებად ეფექტურია, რადგან ისინი გადაიხდიან დღგ–ს, საშემოსავლო და მოგების გადასახადებს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსების (2500 ლარი 1 ჰექტარზე) სულ მცირე მეოთხედი გადასახადებს მოხმარდება. მართალია, ეს თანხა საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება, მაგრამ პროგრამაში მონაწილე სუბიექტებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენს.
ამავე პროგრამით, (ციტ.): „კოოპერატივს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები (საკუთარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაკლებ 20% და პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში - არანაკლებ 10%) სარეაბილიტაციო სამუშაოების საკუთარი თანამონაწილეობის დასაფინანსებლად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბაკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ“.
კოოპერატივის თანამონაწილეობის შესაბამისი თანხის არსებობის ბანკის ამონაწერით დადასტურება პრობლემატურია, რადგან კოოპერატივები პრაქტიკულად იმყოფებიან სტარტაპ-ის მდგომარეობაში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა განიცდის ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტს. პროგრამით გაუთვალისწინებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება-მოძიებასთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 5 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობისთვის მათ დამატებით ჭირდებათ 2500 ლარი. აღნიშნული თანხები კოოპერატივების უმრავლესობას არ გააჩნია, ხოლო კომერციული ბანკები ამ მიზნით არ გაცემენ სესხებს თუნდაც იმ მოტივით, რომ რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს 2-3-წლიან პერიოდს, რომლის განმავლობაში კოოპერატივები იქნებიან გადახდისუუნარონი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ მიიღებს მონაწილეობას „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში“ იმის გამო, რომ მათ თავისი კოოპერატივის ფარგლებში არა აქვთ დაგეგმილი გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობა, რადგან ამას ისინი გეგმავენ სხვა კოოპერატივებთან ერთად რესურსების გაერთიანებით მეორე დონის კოოპერატივის ფარგლებში, მასშტაბური წარმადობის საწარმოს შექმნის გზით, რაც წარმოების კონცენტრაციისა და სახელმწიფო სახსრების რაციონალური გამოყენების თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილი და მხარდასაჭერია, ვიდრე პროგრამაში მონაწილე ყველა კოოპერატივის მიერ ცალ-ცალკე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობა ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. მაშასადამე, ადრე განხორციელებული პროგრამების მსგავსად, ეს პროგრამაც გათვლილია დიდი ფართობების მქონე ინდივიდებზე ან შპს-ებზე, რომლებიც მხოლოდ დაქირავებული შრომის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული და ყველაზე უარეს შემთხვევაში - სხვა ქვეყნების კომპანიების მოზიდვაზე და მათთვის სახელმწიფო მიწების გადაცემაზე, რასაც აუცილებლად მოყვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოდინება სამეურნეო სამუშაოებში მათი დასაქმების მოტივით იმ ტერიტორიებზე მათი მუდმივი დამკვიდრების მიზნით.
კოოპერაციული პროცესის მნიშვნელობის არასათანადო შეფასებიდან და ხშირ შემთხვევაში იგნორირებიდან გამომდინარე, უკვე აღარ არის გასაკვირი „საპარტნიორო ფონდის“ და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა მაჩაიეობის დარგში ჩინური კომპანიების შემოყვანის თაობაზე, რაც გულისხმობს მათზე სარგებლობის უფლებით 12 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციის გადაცემას, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში ჩინელი მუშახელის შემოყვანას და მათ დასახლებას დასავლეთ საქართველოს ჩაის პლანტაციების გავრცელების ტერიტორიებზე, ძირითადად გურიის და სამეგრელოს რეგიონებში. და, ეს ხდება მაშინ, როდესაც მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია ჩაის ფოთლის მწარმოებელი 19 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პროექტი თავიდანვე მიზანმიმართულად იქნა დაგეგმილი ისეთი დიზაინით, რომ გარანტირებული ყოფილიყო მისი წარუმატებლობა, რათა ნომენკლატურული კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებით სამეწარმეო განვითარების პერსპექტივის დისკრედიტირება და ამ გზით შექმნილიყო უცხოური კომპანიების შემოყვანისა და მათზე ათასობით ჰექტარი ქართული მიწების გადაცემის მოტივაცია.
ინვესტიციები სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან დიდ სიფრთხილეს და სიღრმისეულ გაანალიზებას მოითხოვს, რაშიც უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება და მზაობა განსახორციელებელი პროექტების მიმართ. მეჩაიეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ მოახდინოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, მაღალხარისხიანი ჩაის ფოთლის წარმოება, გადამუშავება და ამ გზით შეიქმნას შემოსავლების ზრდისა და ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.
გაუგებარი და ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებულია, თუ რატომ არ შეიძლება, ნაცვლად ქვეყნის ერთ-ერთი შემოსავლიანი დარგის მართვის სადავეების უცხოურ კომპანიებზე გადაცემისა და უცხო ტომის ადამიანების ჩამოსახლებისა, ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება ენდოს საკუთარ მოსახლეობას, რომლის გარკვეული ნაწილი იძულებულია მეზობელ ქვეყნებში წავიდეს ჩაის ფოთლის საკრეფად, როცა გააზრებული, უშუალოდ პროდუქციის მწარმოებელ ადამიანებზე გათვლილი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში არსებობს საკუთარ ქვეყანაში მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის რეალური პერსპექტივა.
საბოლოოდ ისევ მივდივართ მთავარ საკითხთან, რომ აგრარული სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მთავარია დაფინანსების მიმღები სუბიექტის სწორად განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ეფექტურ მართვას.
აღნიშნული პრობლემის სისტემური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მეჩაიეობის დარგში მეურნეობრიობისათვის საჭირო პირობების შექმნას, ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მოსახლეობის აქტივობის გაძლიერებას, სამეურნეო საქმიანობაში მათ მასობრივ ჩართულობას, საწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც საბოლოო ანგარიშით შექმნის მყარ გარანტიებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
რა თქმა უნდა, შპს-ებსა და მოგებაზე ორიენტირებულ სხვა სამეწარმეო ფორმებს თავისი ადგილი და მნიშვნელობა გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ თუ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა, უფრო ძლიერი მოტივები და შესაბამისად პროგრამები, რომლებიც ზემოქმედებენ საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების, როგორც სამეწარმეო სუბიექტების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებათა იგნორირება, ან მათი განხილვა შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებულ სხვა სამეწარმეო ფორმების, მათ შორის უცხოური კომპანიების ინტერესების პარიტეტულად, უნდა ჩაითვალოს როგორც უკეთეს შემთხვევაში გაუაზრებელი, ხოლო უარეს შემთხვევაში კარგად გააზრებულ „შეცდომად“. შესაბამისად, მთავრობისა და საპარტნიორო ფონდის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება, როგორც სახელმწიფო რესურსების რაციონალური განკარგვის, ასევე ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.