ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეფასებით, საქართველოს ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. როგორც მან აღნიშნა, ასამბლეა 15 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანსა და მის გზას ინტეგრაციისკენ.
„ჩემზე საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორი ერთიანი სულისკვეთება და მიზანი აქვს ქართველ ხალხს. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ მათი მომავალი ნატო-სა და ევროკავშირთან ერთად არის. საქართველოს მართლა ეამაყება, რომ უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო სესიას... ჩვენ ერთად ვმუშაობდით კოლეგებთან საქართველოს პარლამენტში, რათა შეგვექმნა საფუძველი წევრობისთვის და ასევე ჩვენ ვმუშაობდით მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნების პარლამენტებში, ჩვენს მთავრობებთან, იმისთვის რომ საქართველო გაწევრიანდეს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, ამ სესიის საქართველოში ჩატარება არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის.
„ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის მტკიცედ, ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს და ასევე მზად არიან, შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება ნატოს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო. კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.
„რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს“, - განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა, სოფიო ქაცარავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხაადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ჩვენ გამოგვადგება სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის საშინაო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
„საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება გლობალური მხარდაჭერა და საქართველოს მხარდაჭერაც სჭირდება გლობალურ უსაფრთხოებას. საქართველო არის საიმედო, ძლიერი პარტნიორი ნატო-სთვის და ამას მოწმობს საქართველოს წარმომადგენლობა სხვადასხვა მისიებში“ -განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის შეფასებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ნიშნავს უპირობო აღიარებას იმ წარმატებული რეფორმების, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.
„ასე ახლოს ნატო-სთან საქართველო არასდროს ყოფილა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის.
„მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად, ნატო-ს მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით რუსეთს მოუწოდა, რომ მოხდეს არაღიარება ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე აზრით, ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატო-ს კარი არის ღია.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება არის ქვეყნის წარმატება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ეს დადასტურდა ყველა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს გაკეთდა, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ისე დელეგაციის ყველა წევრის მიერ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლიდერებმა, რომელთაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ საკუთარ ქვეყნებში და შესაბამისად ალიანსში, იხილეს საქართველოში, ადგილზე, ის უდიდესი პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის გაძლიერების კუთხით. ეს ყველაფერი ჩვენ გვხდის თავსებადს ნატო-სთან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ნატო-ში წევრობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებებზეც.
„გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი ტრაექტორია და მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მიზანთან. რაც შეხება დეკლარაციას, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ნატოსთვის, რამდენად დიდი პროგრესი აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რამდენად ზრუნავს ნატო ჩვენს უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე; რამდენად იზიარებს იმ საფრთხეებს, რომელიც გვაქვს ოკუპაციის, რუსეთის აგრესიის შედეგად და რამდენად იზიარებს ნატო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ეს არის ცალსახა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ამ დეკლარაციაში არის აღიარებული განსაკუთრებული პროგრესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მედიაპლურალიზმის, საერთო ღირებულებების, პოლიტიკური თავისუფლების და პლურალიზმის კუთხით.