„ვეტო აუცილებლად დაიძლევა!“

„ვეტო აუცილებლად დაიძლევა!“

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული რიგით მეექვსე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, საპარლამენტო ოპოზიცია კი, მოტივირებული შენიშვნების გაცნობისთვის და მისი გაზიარებისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის პირველმა პირმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

საკანონმდებლო ორგანო 1-ელ მარტს მიღებულ პაკეტზე მსჯელობას ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში დაიწყებს, რომლის მთავარი სიახლე სსიპ-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება და ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.

სანამ ფურცელზე გადატანილ შენიშვნებს დეპუტატები გაეცნობიან, მანამდე პრეზიდენტმა პოზიცია საზოგადოებას გააცნო და საკუთარი გადაწყვეტილება ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა.

მარგველაშვილის განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.

„პაკეტში საკამათო საკითხების რიგია, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ძირითადში ორი ხარვეზი გამოიკვეთა. კერძოდ, სააგენტოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ასევე გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯებია, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის მოსაზრებების გათვალისწინებას არ აპირებს „ქართული ოცნება“.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს ორი მიზეზის გამო აუცილებლად დაძლევს.

მისი თქმით, ვეტოზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო არ არის, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად იცის და მათ საკუთარი ვადა ბოლომდე ამოწურეს.

„სხვანაირადაც შეიძლებოდა. შეგნებულად იმის გაკეთება შეიძლებოდა, რომ პროცესი ბოლომდე არ მისულიყო. ორი შენიშვნა ვნახეთ, რომელიც მოტივირებული არ არის. ორივე საკითხზე ბევრი საუბარი იყო. კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეესაბამება და სხვაგვარი სისტემა მსოფლიოში არ არსებობს. როცა საუბარია გარკვეულ ხარჯებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ საუბარია შესაბამისი პირობების შექმნაზე და არა არაპროგნოზირებად ხარჯებზე. შესაბამის კომპანიებს ავუხსენით, რომ პირობების შექმნა განსაკუთრებულ ხარჯებს არ ნიშნავს და საკითხი გეოლოკაციის განსაზღვრას ეხება“, - აცხადებს მდინარაძე.

მოტივირებულ შენიშვნებზე აპელირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი. for.ge-სთან საუბარში მათიკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტაცია იმ დონის და იმ სახის არ არის, რომ რაიმე სახის ცვლილება და ვეტოს გაზიარება მოხდეს.

მათიკაშვილი პრეზიდენტის მოწოდებას ეხმაურება, რომ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მისცენ.

„იქნებ, ქვეყნისთვის უფრო კარგი ყოფილიყო, ვეტოს გამოყენება საერთოდ რომ არ მომხდარიყო. კანონპროექტი ძალიან კარგად იქნა შესწავლილი და სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ წარმატებით იმუშავა. არ მგონია, საუბარი იმაზე სწორი იყოს, მოდით, სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ და ვეტოს დაძლევას ნუ ვიჩქარებთ. ვეტო აუცილებლად დაიძლევა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საკითხზე საუბრისას ყურადღებას პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვადებზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მარგველაშვილმა ვეტოს დადებისთვის მაქსიმალური დრო გამოიყენა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ის ვეტოს ფორმალურად იყენებს.

კვაჭანტირაძის მტკიცებით, უმრავლესობას საკითხის სერიოზულად განხილვის დროც არ რჩება.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა. ის ვეტოს ვეტოსთვის აკეთებს, რომ ვიღაცეების წინაშე ვალში არ დარჩეს. ამ „ვიღაცეებმა“ მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გააჟღერეს. ეს იყვნენ „ნაცმოძრაობის“ კორიფეები. ცუდი მომენტია, რომ პრეზიდენტმა პარლმენტისთვის შენიშვნების გაგზავნას მაქსიმალური დრო მოახმარა. მით უმეტეს, იცის, რომ დროში შეზღუდულები ვიყავით. თუ მას მართლა სურვილი ჰქონდა, შეეძლო, შენიშვნები მალე გამოეგზავნა. ვნახეთ, რომ შენიშვნებში განსაკუთრებული არაფერი არ დევს და ეს სამწუხაროდ, ვეტო - ვეტოსთვისაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ვეტო არ უნდა დავძლიოთ? - ეს პრეზიდენტმაც კარგად იცის“, - დასძენს კანონმდებელი.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ვეტოს გაზიარებას გეგმავს. როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, მის გუნდს კანონთან მიმართებაში კონცეპტუალურად განსხვავებული ხედვა აქვს.

ინაშვილის მოსაზრებით, კიბერუსაფრთხოების სამსახური უნდა შეიქმნას და საუბარი ფრაგმენტულად მიყურადება-მოსმენაზე არ უნდა იყოს.

„ეს ფრაგმენტია, რასაც ეს კანონი ასახავს. ეს სააგენტო დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა იყოს. მხარს პრეზიდენტის შენიშვნებს დავუჭერთ. მისი ნაბიჯი ადეკვატური და ბუნებრივია, რადგან პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ვეტოს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეტოს მაინც დაძლევს, მაგრამ პრეზიდენტი ამ აქტით საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ კანონი ბევრ საფრთხეს შეიცავს და ამას აპროტესტებს“, - ამბობს კანონმდებელი.

უმცირესობა ვეტოს გაზიარება-არგაზიარებაზე ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ასაჯაროვებს, თუმცა შენიშვნების გაცნობას აპირებს. for.ge-სთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მისმა გუნდმა პრეზიდენტს ურჩია, რომ პაკეტზე ვეტო დაედო.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ანტიკონსტიტუციურია და კანონს ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს, რომელიც რევიზიას ითხოვს.

„უნდა ვნახოთ, პრეზიდენტმა რა შემოიტანა. ყველას პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოდის. ითქვა, რომ რაც კანონში დევს, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და ადგილი არანაირ პარტიულობას არ აქვს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტი ვეტოს დაძლევის თაობაზე მიმდინარე კვირის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს, რომლის მიხედვით, სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.

ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოცანებია: უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

პროექტით, სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლსა და ზედამხედველობას პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებენ.