საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, 28 მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას ვიზის გარეშე, მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეძლებენ, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გრძელვადიან ვიზიტებს არ შეეხება, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღებას ან დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.
საქართველო თუ რამდენად მომზადებული ხვდება ისტორიულ დღეს, ამის თაობაზე for.ge ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას 28 მარტიდან დაიწყებენ. რას ურჩევდით, მოქალაქეებს?
- ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან კამპანიას ვაწარმოებთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კამპანია დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, რეგიონებში მოსახლეობას ვხვდებით, მათ ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდით და ვახსენებთ, უვიზო მიმოსვლის დროს რა ხდება, როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ - არა. საზღვრის კვეთას ვერავის ვერ შევუზღუდავთ, მაგრამ მესაზღვრეებსა და პოლიციას შეუძლიათ, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, კარგი როლი ითამაშონ და მოქალაქეები საჭირო დოკუმენტაციაზე გამოკითხონ, რათა მათ ევროპის საზღვარზე პრობლემები არ შეექმნათ. კერძოდ, აქვთ თუ არა სადაზღვევო ბარათი, გააჩნიათ თუ არა ნაღდი ფული ან ბარათზე შესაბამისი თანხა და ა.შ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვთხოვოთ, რომ ამ თემას პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ის კრიტერიუმები არ დაარღვიონ, რაც მიმოსვლას ეხება. ამის დიდი იმედი მაქვს.
საქართველოს უვიზო მიმოსვლა ისრაელთანაც აქვს, თუმცა საზღვარზე შესვლა რთულია და როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს უკან აბრუნებენ. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში, რამდენად მარტივი იქნება ევროპული საზღვრის გადაკვეთა?
- ზოგ შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთა მარტივი იქნება, ზოგ შემთხვევაში - არა. სწორედ ამიტომ გვინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა ჰქონდეთ და რა - არა. თუკი მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტიდან დაწყებული სადაზღვევო ბარათით დამთავრებული ყველაფერი წესრიგში ექნება, მიმოსვლის რეჟიმს არ დაარღვევს და ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღეზე მეტი არ გაჩერდება, რა თქმა უნდა, მას პრობლემა არ შეექმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმნება და შესაძლოა, ის საზღვრიდან გამოაბრუნონ, ან მიმოსვლა ხუთი წლის ვადით შეეზღუდოს, ისევე როგორც 3000 ევროიანი ჯარიმა დაეკისროს.
ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ საქართველოში რეადმისირებული და დეპორტირებული მოქალაქეები?
- ყველას შეეხება, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში. თუკი პირი მძიმე დანაშაულის გამო დეპორტირებული ან ექსტრადირებულია, ბუნებრივია, ის უვიზო მიმოსვლით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუკი საუბარია იმაზე, რომ პირმა მიმოსვლის რეჟიმი 10-15 წლის წინ დაარღვია და ხანდაზმულობის ვადა გასულია, შესაძლოა, მან ვიზალიბერალიზაციით ისარგებლოს. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს. შესაძლებელია, გამგზავრების უფლება რომელიმე პრობაციონერს ჰქონდეს, რომელიმეს - არა. მთავარია, მოქალაქეებმა დოკუმენტაციის საკითხი, კრიტერიუმები და ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას თან ე.წ. შეჩერების მექანიზმი ახლავს. ეს წესი რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული და ამ მიმართულებით ქვეყანას საფრთხე თუ ემუქრება?
- თუკი ევროკავშირის ქვეყნებს ე.წ თავშესაფრის მაძიებლები მიაწყდებიან, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას მასიურად არ ველოდები, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის და იმ ქვეყნების რაოდენობა იზრდება, რომელთათვის საქართველო საფრთხის შემცველი უკვე აღარ არის. ამ შემთხვევაში, ე.წ. თავშესაფრის მაძიებლებს ნაკლები შანსები აქვთ. კრიმინალზე საუბარი არც მაქვს, რადგან კრიმინალი საქართველოშიც დასჯადია და ევროკავშირის ზონაშიც.
რაც შეეხება რუსეთს, ვიზალიბერალიზაციის ფონზე, მოსკოვის კიდევ უფრო გააქტიურებას და მისი მხრიდან საფრთხეების შექმნას ელოდებით?
- რუსეთი გააქტიურებულია და ყოველდღიურად, რაღაც ახალ სიურპრიზს გვთავაზობს, ეს იქნება სამხედრო-პოლიტიკური თემები, მილიტარიზაცია თუ სარაკეტო დანადგარებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს საკმაოდ დესტრუქციული ნაბიჯებია. საქართველოს პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმოების გზა დარჩენია, რასაც ვაწარმოებთ კიდეც. სამწუხაროდ, ამის გარდა, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. არანაირი მილიტარიზაცია, არანაირი ჩაკეტილობა და წნეხი არ უშველის იმას, რასაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი მოქალაქეების მიმართ აკეთებს. შესაძლოა, მას ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს, რადგან მსოფლიო ისტორიამ გვასწავლა, რომ ამგვარი ჩარაზული და ჩაკეტილი პოლიტიკა კარგს არაფერს არ იძლევა. პირიქით, მეტი კონტაქტი და მეტი ინტეგრაცია უნდა იყოს. ჩვენ დასაბრუნებელი მარტო მიწები არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი ხალხი გვყავს დასაბრუნებელი და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაპირებთ.
თქვენ აცხადებთ, რომ აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებთ და ინტენსიურად მუშაობთ, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში, საერთაშორისო არენაზე არ აქტიურობთ და ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან მავნებლობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია თქვენგან უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს...
- საპარლამენტო ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ გვაკრიტიკონ, გამოგვაფხიზლონ და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ მათ ამ ამბავში ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ისევე როგორც სხვა ამბებშიც. ჩვენი აქტიურობა, ჩვენი პოლიტიკა და თითოეული ნაბიჯი საკმაოდ ნათელია გარეთ - ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, პარიზში თუ ბერლინში. უკვე აღარ ვიცი, რაღა უნდა დავამატოთ?! ძალიან მადლიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ოპოზიციონერი რაიმე ღირებულს გვეტყვის და გვირჩევს, მეტი კიდევ რა უნდა ვაკეთოთ. შეუძლიათ, პირდაპირ მოგვმართონ და გვირჩიონ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ძალამ ანგარიშის გაგზავნა მომთხოვა, რა ვაკეთეთ და რა გეგმები გვაქვს. შეუძლიათ, იმ სქელკანიან დოკუმენტს ჩაუღრმავდნენ, თუ რა იყო გაკეთებული და რა გეგმები გვაქვს. მზად ვარ, ამ საკითხზე დიალოგი გავმართო.