ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნების დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირების წინადადებით გამოდის. როგორც თეთრი სახლის საბიუჯეტო ადმინისტრირების სამმართველოს ხელმძღვანელი მიკ მალვანი აცხადებს, თეთრი სახლი აპირებს უცხოური დახმარების შემცირებას, რითაც დაიზოგება სახსრები, რომლებიც აუცილებელია თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.
„არსი მარტივია, რაც ნაკლები თანხა გაიგზავნება საზღვარგარეთ, მით მეტი დაიხარჯება ამერიკაში“,-აღნიშნა მიკ მალვანმა.
უფრო ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების $54 მილიარდით გაზრდასა და უცხოური დახმარებების ამდენითვე შემცირებას აპირებდა.
ტრამპის წინადადებას, რომ ბიუჯეტში დაახლოებით მესამედით შემცირდეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო დონეზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განმარტა, რომ დაფინანსების რადიკალურად შემცირებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს გაეროს გრძელვადიან გეგმას რეფორმების თაობაზე. გაეროში საფრანგეთის ელჩმა ფრანსუა დელატრმა კი აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი გაერო და ამერიკა.
საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება რამდენად აისახება საქართველოზე და კონკრეტულად იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, ცალკეულ ექსპერტთა დასკვნით, „ნაცმოძრაობის“ დაკვეთას უფრო ასრულებდნენ და სახელმწიფოებრივ მიდგომას ნაკლებად ავლენდნენ? ვინ დააფინანსებს ამ არასამთავრობოებს და უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ ტრამპისგან შერისხული სოროსის იმედი?
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 54 მილიარდის კლება ყველა იმ ქვეყანაზე აისახება, რომლისთვისაც შეერთებული შტატები დონორად ითვლებოდა. რამდენადაც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (იუსაიდის) დახურვას და მის შერწყმასაც აპირებს ადმინისტრაციაში. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს გაუშვებენ იქიდან და საგარეო დახმარების ინსტრუმენტი შესუსტდება.
კახა გოგოლაშვილის აზრით, საგარეო დახმარების შემცირება შეერთებული შტატების პოლიტიკურ როლს დაასუსტებს მთელ მსოფლიოში, რადგან რბილი ძალის ელემენტია საერთაშორისო დახმარება და შეიარაღებაზე ნაკლები ეფექტი როდი აქვს ამ დახმარებას. თუმცა, ცხადია, ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, თუ რას თვლის იგი პრიორიტეტად.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მითია, თითქოს ამერიკის მთავრობა აფინანსებდა ძირითადად სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილ არასამთავრობოებს. ისინი აფინანსებდნენ ყველა სახის არასამთავრობოებს, განურჩევლად იმისა, სააკაშვილის მომხრენი იყვნენ თუ მოწინააღმდეგენი.
„თავის დროზე შეერთებული შტატები „თავისუფლების ინსტიტუტს“ რომ აფინანსებდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამიტომ ამერიკა აფინანსებდა მხოლოდ სააკაშვილის ენჯეოებს? ასე ნამდვილად არ არის. ამერიკა აფინანსებდა ყველა სახის არასამთავრობოს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურებოდნენ ქვეყანაში. საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ შეერთებულ შტატებზე და, ცხადია, არასამთავრობოებს გაუჭირდებათ შესაბამისი დაფინანსების მოძიება. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბევრად ნაკლებია საერთაშორისო დახმარება, მაგრამ კონკრეტული ორგანიზაციები რაღაცნაირად მაინც პოულობენ სახსრებს. საერთოდ, საქართველოში ყველაფერი ჩამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისი აზრით, თვითონ სახელმწიფომ უნდა შექმნას მმართველი ძალისა და პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც დააფინანსებს არასამთავრობოებს, მათ მიერ წარმოებულ პროექტებს, რაც ემსახურება ქვეყნის განვითარებას. არ შეიძლება ყველაფერზე დამოკიდებული ვიყოთ დონორებზე, რადგან, როგორც კი შეწყდება დონორების დახმარება (და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მიზეზის გამო), ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის არსებობა ჰაერში ჩამოეკიდება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს განვითარებას. ეს მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორი მონიტორინგის, რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების უძლიერესი წყაროა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპი საგარეო დახმარებების შემცირებას ისედაც აპირებდა და ეს პასაჟი თავის წინასაარჩევნო კამპანიის პროგრამაშიც ჰქონდა ჩადებული. რასაკვირველია, ამ გეგმის განხორციელება სერიოზული ეფექტს იქონიებს ამერიკის საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტების კიდევ უფრო შემცირების თვალსაზრისით. ეს პირდაირ აისახება არასამთავრობო სექტორის, მასმედიის დახმარებისა და სხვა პროექტების ფორმატში, რასაც დღემდე ახორციელებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ, $54 მილიარდით გაიზრდება ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკა მაინც აპირებს 3 მილიარდი დოლარის განაწილებას სამ ქვეყანაზე - საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.
„ამერიკა თანდათან ისედაც ამცირებდა საგარეო დახმარებებს. ამის მიუხედავად, ამერიკული დახმარებების წილი საკმაოდ სოლიდური იყო, ეს იქნებოდა განათლების პროგრამები თუ სხვა. დახმარებები გაიცემოდა მიზნობრივად. ახლა, თუ დახმარებები შემცირდება, ეს აისახება არასამთავრობოებზე. სოროსის დახმარებაც აღარ არის, სოროსსაც იმდენი პოტენცია არ აქვს, რომ თავისი საფინანსო წყაროები საქართველოსკენ მომართოს. ვერ ვიტყვით, რომ არასამთავრობოები სოროსის იმედად იყვნენ, საკმაოდ დიდი წილი მოდიოდა დასავლეთის, ევროკავშირისა და ამერიკის პირდაპირი დაფინანსების კუთხით. ამიერიდან არასამთავრობოების იმ ნაწილსაც შეეზღუდება დაფინანსება, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გადასცემდნენ დასავლეთს და „ნაცმოძრაობის“ მხარეებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, ამ არასამთავრობოების პირდაპირი ლუსტრაცია მოხდება. შეიძლება, ეს არასამთავრობოები გადაიქცნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებად და უკვე გამოჩნდება, ვინ რას წარმოადგენს რეალობაში. არ ვიცი, „ნაციონალები“ რამდენად გადაუხდიან მათ თანხას, რადგან „ნაციონალებს“ თავადაც სჭირდებათ ფული და იხლიჩებიან ამებასავით“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ამასთან, განმარტა, რომ ტრამპმა დღეს უფრო აქტუალური საკითხი დააყენა და ეს არის სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაცია, ამერიკის სამხედრო ეროვნული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. რა ეფექტს იქონიებს ეს საქართველო-ამერიკის სამხედრო ურთიერთობებაზე, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასავლური დახმარებების განვითარება საქართველოში და, თუ ეს დახმარებები შემცირდება, ეს პირდაპირ კორელაციაში მოვა საქართველოში მოქმედ იმ არასამთავრობო სექტორსა და ანალიტიკურ ცენტრებთან, რომლებიც ახორციელებენ პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის განვითარებას.