პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სტუმრობის თარიღი ისევ უცნობია, მიზეზები - მრავალნაირი. დეპუტატების მსგავსად, რეგლამენტში არსებული ორმაგი ჩანაწერებით ქვეყნის პირველი პირიც სარგებლობს, რის გამოც, ის ამ დრომდე, საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადებულა.
იმის გამო, რომ რეგლამენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს, პრეზიდენტი „როგორც წესის“ ჩანაწერით სარგებლობს და საკანონმდებლო ორგანოში მისვლის ნაცვლად, რეგიონებს კამპანიით - „კონსტიტუცია ყველასია“ სტუმრობს.
პარლამენტში პრეზიდენტის მისვლას დაბრკოლებებს უმრავლესობა უქმნის თუ უწყებაში სტუმრობისგან თავს მარგველაშვილი იკავებს, ამის პირდაპირ თქმა რთულია, თუმცა როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანოსადმი პრეზიდენტის დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან გასულ წლებში, ქვეყნის პირველ პირს, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში პარლამენტში მისვლის საშუალებას უმრავლესობა არ აძლევდა და ამის მიზეზად დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებდა, ამჟამად კი, „ქართული ოცნება“ მარგველაშვილის მასპინძლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი, შეხვედრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და ამის ისიც მიზეზად დატვირთულ გრაფიკს ასახელებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის ცნობით, საკანონმდებლო ორგანო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორივე მხარისთვის მისაღებ თარიღზე ყალიბდებიან, რადგან პარლამენტიც დაკავებულია და მათაც რამდენიმე ვიზიტი აქვთ.
დოლიძის თქმით, დიდი ხანია, რაც პარლამენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობის რეჟიმში კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც მარგველაშვილს პირველად უმასპინძლებს.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სასურველ თარიღთან დაკავშირებით პარლამენტს უნდა მიმართოს და თარიღი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს.
„ვერ გეტყვით, გამოსვლა როდის იქნება. თარიღის გარკვეული შემოთავაზება იყო, თუმცა ის მნიშვნელოვან ღონისძიებას ემთხვეოდა. კერძოდ, საქართველოში ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი ჩამოდიან. შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ველოდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერის მსგავსად, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
როგორც for.ge-ს ჩუგოშვილმა განუცხადა, უმრავლესობისგან მზაობა ყოველთვის არსებობს, რომ პრეზიდენტს მოუსმინოს, თუმცა მარგველაშვილის გამოსვლის თარიღის გადადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოითხოვა.
„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პირადად დამიკავშირდა და მათი თხოვნა იყო, რომ მოსმენა გადაგვედო, რადგან პრეზიდენტს გარკვეულ მივლინებაში წასვლა უწევდა. ეს იყო მიზეზი, რაც გავითვალისწინეთ. უახლოეს მომავალში, ექვსი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გვესტუმროს, რის გამოც ჩვენთვის ეს პერიოდი დატვირთული იქნება და სასურველი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის მოსმენა ამას არ დაემთხვეს“, - აცხადებს კანონმდებელი.
ჩუგოშვილი კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკურ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის გადადება ირიბად „ქართულ ოცნებასა“ და მარგველაშვილს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას ეხება.
„ეს მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა. შეხვედრა მათივე თხოვნით გადავდეთ და მათ საშუალება მივეცით, როცა საჭიროდ ჩათვლიან, პარლამენტში მაშინ მოვიდნენ“, - ამბობს ჩუგოშვილი.
კანონმდებელი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი უწყებას აპრილში ეწვიოს.
„შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.
თანაგუნდელების მსგავსად, ქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი არ იცის კობა ნარჩემაშვილმაც. for.ge-სთან საუბარში ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მან ის იცის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„პრეზიდენტს ჩემი რჩევისგან სრული თავისუფლება აქვს და შეუძლია, რაზეც უნდა, ისაუბროს“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
უმრავლესობისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტს გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს და მოუწოდებს, ყურადღება თავისუფალ მედიასა და სასამართლო სისტემაზე გაამახვილოს.
როგორც for.ge-ს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა განუცხადა, პრეზიდენტის პარლამენტში მნიშვნელოვანი მოვლენაა და ის იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ პრობლემებზე ისაუბრებს, რაც არსებობს.
„მისი პოზიცია ცნობილია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ის ტრიბუნას სავარაუდოდ ამისთვისაც გამოიყენებს. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის გარშემო მოვლენებსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრებს და იმ აქცენტებს დასვამს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება“, - ამბობს დეპუტატი.
ვინაიდან, ოპოზიცია განსაკუთრებულ აქცენტს „რუსთავი 2“-ის საქმესა და უზენაეს სასამართლოზე აკეთებს, for.ge დაინტერესდა, „ევროპული საქართველო“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობა აკისრებს თუ არა პრეზიდენტს, რომელმაც პარლამენტს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, ასევე უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის კანდიდატურა შესთავაზა, რომლებიც პარლამენტმა აირჩია.
„პრეზიდენტს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვ, თუმცა რაც შეეხება მის გემოვნებას, უშეცდომო არავინ არის, მათ შორის არც პრეზიდენტი“, - აცხადებს ტუღუში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობის თარიღის გარდა, უცნობია შეხვედრის ფორმატიც. ოპოზიცია პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, უმრავლესობის პოზიცია ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
„ვიმედოვნებთ, რომ დებატების გამართვის შესაძლებლობა მოგვეცემა, რაც ადრე შესაძლებელი არ იყო და ამას მკვეთრად საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. ეჭვი მაქვს, რომ ამ ჯერზეც იგივე სიტუაცია იქნება, მაგრამ დებატებს მოვითხოვთ“, - დასძინა ტუღუშმა.