„შეიძლება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ასევე, უფრო მეტად სტრატეგიული მოკავშირე იყოს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის?“

„შეიძლება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ასევე, უფრო მეტად სტრატეგიული მოკავშირე იყოს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის?“

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ასევე, ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ბათუმს 15 მარტს საღამოს რამდენიმე საათით ეწვია, აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება.

ასეთია გიორგი კვირიკაშვილისა და ბინალი ილდირიმის არაოფიციალური ვახშამის ოფიციალური ინფორმაცია. თავის მხრივ, თურქული გაზეთი Star და აზუსტებს, რომ ბინალი ილდირიმი ბათუმში ართვინიდან, ჩავიდა, სადაც იგი საკონსტიტუციო რეფერენდუმის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. თურქული მედია წერს, რომ კვირიკაშვილი-ილდირიმის რესტორანში ყოფნამ და მათმა საუბარმა საათნახევარს გასტანა.

შეხვედრის შემდეგ ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. ბინალი ილდირიმის თქმით, რადგანაც იგი ართვინში იმყოფებოდა, დათანხმდა „ძვირფასი მეგობრის გიორგი კვირიკაშვილის მიპატიჟებას ბათუმში“. თურქეთის პრემიერის განმარტებით, ბათუმში შეხვედრა წინასწარ არ დაგეგმილა, თუმცა, ამბობს, რომ საუბრის დროს სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, არ არის გამორიცხული პრემიერ ილდირიმის არაოფიციალური ვიზიტი კავშირში იყოს 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული წყაროები თურქეთის ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას.

თუმცა, აქვე არ გამორიცხავენ 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება. საუბარია თურქეთში საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდაზე. გადავა თუ არა თურქეთი ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე, ეს 16 აპრილს დადგემილ რეფერენდუმზე გადაწყდება. 

თურქეთის გადაწყვეტილება, გაზარდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, არც თუ ცალსახა მოწონება აქვს თურქეთის მოსახლეობის მხრიდან. შესაბამისად, ოფიალური ანკარა წინასაარჩევნო ღონისძიებებს იმ ქვეყებში ატარებს, სადაც თურქული დიასპორა საკმაოდ დიდია. 

„ანალიტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველოში თურქული დიასპორა არ არის იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ გავლენა მოახდინოს 16 აპრილის რეფერნედუმის შედეგებზე. მისივე შეფასებით, პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მწირია, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 

„ფაქტი ერთია, შემთხევითი არ არის ეს ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი მეზობელ ქვეყნაში ვახშამის მისართმევად უბრალოს არ დადის. სავარაუდოა, რომ ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნებოდა რეფერენდუმის საკითხზე. ვერ ვხედავ პრობლემას თუკი საარჩევნო შეხვედრა ჩატარდება დიასპორასთან. თურქეთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, სტრატეგიული პარტნიორია და რატომ უნდა მოხდეს რამე აკრძალვა, ეს ჩემთვის გაუგებარია. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რომ საკმაოდ კარგი და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს თურქეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

ბინალი ილდირიმის ბათუმში სტუმრობასთან დაკავშირებით, განსხვავებული ვერსია აქვს ექსპერტ სოსო ცინცაძეს, რომლის შეფასებით, აჭარა, რომ თურქეთის ინტერესებში შედის, ამას ოფიციალური ანკარა არც მალავს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული არაოფიციალური ვიზიტის ოფიციალური მხარე ბათუმში განვითარებული მოვლენები ყოფილიყო, კერძოდ, თურქეთის პრემიერს სახელმწიფოს პირველი პირისგან აინტერესებდა სახელმწიფო ვერსია ბათუმის მოვლენების შესახებ.

„რა მოხდა, რატომ ჩამოვიდა, სტრატეგიული ვახშამი იყო, თუ უბრალოდ თურქეთის პრემიერს სახელმწიფოს პირველი პირისგან აინტერესებდა სახელმწიფოს ოფიციალური ვერსია, ბათუმის მოვლენების შესახებ, ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. თუმცა, ამ ვერსიას არ გამოვრიცხავ. ვიცით თურქეთის ინტერესი რა არის აჭარაში. 

მე თვითონ ხელში მეკავა მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც მთელი აჭარა თურქეთის ფერშია შეღებული და აწერია დრობით ოკუპირებული ბათუმის სინჯაყი. ეს არის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელო. ამას დაუმატეთ ერდოღანის განცხადებები, რომ ბათუმი ჩვენი გულია და ა.შ. ჩვენს პოლიტიკოსებს ქათამივით ერთ დღიანი მეხსიერება აქვთ. 

რატომ მოხდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჯერ კიდევ გორი იბომბებოდა, ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და პუტინის შეხვდა. როგორც ჩანს, ერდოღანმა უთხრა პუტინს, რომ არ გაბედო ბათუმში შესვლა, ბათუმი ჩემიაო. ეს მაშინ, როდესაც არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა მოვლენები, ჯერ არ იყო სარკოზი ჩარეული“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამიტომ, მისივე თქმით, ამ ფრონტზე საქართველოს მეტი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან, არავინ იცის რაში გამოიხატება თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა.

„იცით, 90-იან წლებიდან დაწყებული ჩვენ თვითონ დავუკარგეთ ფასი და მოვახდინეთ ინფლანცია ტერმინის - სტრატეგიული მოკავშირე. აღაც მახსოვს, დღეს რამდენი სტრატეგიული მოკავშირე ჰყავს, ნამდვილი მოკავშირის გარეშე დარჩენილ საქართველოს. არ ვიცი რაში გამოიხატება თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა. 

გარდა ამისა, შეიძლება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ასევე უფრო მეტად სტრატეგიული მოკავშირე იყოს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის? ეს ხომ არც ერთ დიპლომტიურ სქემაში ეს არ ჯდება. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს, რომ ჩვენ ვაღიაროთ თურქეთის პატრონაჟი ჩვენს მუსულმან თანამოქალაქეებზე. ამიტომ, რა სტრატეგიულ პარტნიორობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, მე ეს არ მესმის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, სამხედრო და თვით სავაჭრო ბრუნვის თავალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია. პოლიტოლოგი თვლის, რომ თუქრეთის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი დაკავშირებულია თურქეთში მიმდინარე პროცესებთან. კერძოდ, თურქეთში მიმდინარეობს პოლიტიკური სისტემის ცვლილება და საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესი.

„ალბათ, საუბრის თემა იქნებოდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. იმდენად, რამდენადაც, საქართველოში ძალიან ბევრი თურქი მოქალაქე ცხოვრობს. იგივე აჭარაში, თბილისში კერძოდ კი, პლეხანოვზე ეს ძალიან თვალსაჩინოა. ძალიან ბევრი თურქი მოქალაქე არის დღეს საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, რომ ბევრმა მათგანმა, რომელიც გიულენის მხარდამჭერი იყო, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. ამიტომ, კომუნიკაციის თემა შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა. 

აქვე საყურაღებოა ისიც, რომ დღეს თურქეთს განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და არა ევროპასთან. ვხედავთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობა გართულებულია, თუმცა, ამერიკასთან ურთიერთობაში შენარჩულებულია თანამშრომლობა იგივე სირიის საკითხებში, მაგრამ ეს ვექტორი ძალიან პოზიტიურია რუსეთის მიმართულებით და ესეც ალბათ, გარკვეულ გავლენას იქონიებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში. 

სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველო-თურქეთის ურთიერთობა საქართველოსთვის მაინცდამაინც მომგებიანი არ არის, ეს შეინიშნება როგორც ეკონომიკურ, იგივე დემოგრაფიულ, თუ სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუნრისას თამარ კიკნაძე.