„თურქეთმა შესაძლოა ალიანსი დატოვოს“

„თურქეთმა შესაძლოა ალიანსი დატოვოს“

თურქეთსა და ევროკავშირის შორის ვითარება იძაბება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპა ფაშიზმის, რასიზმისა და ისლამოფობიის ზრდაში დაადანაშაულა, ხოლო პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ევროპა გააფრთხილა, „ცხვირს ნუ ყოფს თურქეთის შიდა საქმეებში“. თურქეთმა ევროპის მიმართ ტონი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც გერმანიაში და ნიდერლანდებში თურქ მინისტრებს აუკრძალეს შეხვედროდნენ დიასპორის წარმომადგენლებს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან თურქეთის საწინააღმდეგო ღონისძიებებში, მალე გაიგებენ თუ რა არის საერთაშორისო დიპლომატია.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტებს და ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის კუთხით მუშაობს, ხმა ამოიღონ ნიდერლანდების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, სანქციები დაუწესონ მას. ნიდერლანდები როგორც ბანანის რესპუბლიკა მოიქცა, რაც ეწინააღმდეგა მის წევრობას ევროკავშირში და სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო. ასევე, გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება აუკრძალეს.

აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება. საუბარია საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდაზე. გადავა თუ არა თურქეთი ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე, ეს 16 აპრილს დადგემილ რეფერენდუმზე გადაწყდება.

თავის მხრივ, საფრანგეთის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით მიტინგის ჩატარება დაუშვა. შეხვედრა ქალაქ მეცში გაიმართა. აღნიშნულმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ფრანგი პოლიტიკოსების მხრიდან. კერძოდ, გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნულით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ევროპული სოლიდარობის პრინციპი დაარღვია.

თურქი პოლიტიკოსების მონაწილეობით მიტინგების გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი და თვლის, რომ საფრანგეთში თურქეთის საარჩევნო კამპანიის ადგილი არ არის.

„რატომ უნდა მივიღოთ ჩვენს მიწაზე ის შეთავაზებები, რაც სხვა დემოკრატიებმა უარყვეს? საფრანგეთში თურქეთის საარჩევნო კამპანიის ადგილი არ არის“, - აცხადებს მარინ ლე პენი.

თურქეთი თვლის, რომ ნაციზმის ეპოქაშიც კი ასეთ სამარცხვინო ქმედებებს არ ჰქონდა ადგილი. ევროპის ქალაქებში საარჩევნო კამპანიის ჩატარების ნებართვა არ მისცეს თურქეთს ევროპის ქალაქებმა, რაც თურქეთისა და ევროპას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თურქეთის გადაწყვეტილება, გაზარდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, არც თუ ცალსახა მოწონება აქვს თურქეთის მხრიდან. მისივე თქმით, ერდოღანი სურვილი, რომ დიდი ოდენობის მხადამჭერი ჰყავდეს საპრეზიდენტო არჩევნებში, ბუნებრივია, მაგრამ ვერ იხსენებს ანალოგს იმისა, რომ ერთი ქვეყნის პოლიტიკოსები, მეორე ქვეყანაში ატარებდნენ წინასაარჩევნო ღონისძიებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს 99, 99%-ით მოიგებს ბატონი ერდოღანი და ნელ-ნელა უფრო სიმშვიდისკენ იქნება სვლა, ვიდრე აგრესიისკენ. დიახ, შეურაცხოფილად გრძნობს თავს ბატონი ერდოღანი, რადგან მისთვის ჰოლანდია როგორც ასეთი, არ არის მთავარი პარტნიორი ევროპაში.

თუმცა, არგუმენტები, რომელიც გააჩნიათ ევროპის ხელისუფალთ, სრულიად დამაჯერებელი და ბუნებრივია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ საკუთარი ქვეყნის საკითხები, თავისავე ტერიტირაზე მოაგვაროს. ნუ შეეცდება ვინმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა ჩართული იყოს სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ვითარება იმდენად რთულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია თურქეთსა და ევროკავშირის სამ სახელმწიფოს შორის, ეს არის - ჰოლანდია, დანია, გერმანია. მისივე თქმით, თურქეთი მზად არის ურთიერთობა გაწყვიტოს არა მარტო ცალკეულ სახელმწიფოებთან, არამედ ევროკავშირთანაც.

„როდესაც საქართველოს და უკრაინას მიანიჭეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თურქეთმა ძალიან მკაცრად დააყენა საკითხი, რომ იგივე რეჟიმი გავრცელებულიყო თურქეთზეც. მაგრამ იმ ფონზე, რა მოვლენებიც ახლა ვითარდება გერმანია, ჰოლანდია, დანია და თურქეთს შორის, დიდი ალბათობით, ეს საკითხი საერთოდ მოიხსნება დღის წესიგიდან.

არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთმა შესაძლოა ალიანსი დატოვოს. მოგეხსენებთან, რომ ბრიტანეთი იწყებს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, იგივე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს თურეთი ნატოს მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე განცხადებით, ევროპასთან ვითარების გართულების ფონზე, თურქეთმა ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, რომელიც ნატოსთან ცივი ომის პირობებში იმყოფება. როგორც მაისაია ამბობს, თურქეთი და რუსეთი განსაკუთრებით სამხედრო ტექნიკური და პოლტიკური ურთიერთობის კუთხით, საკმაოდ დაახლოვდნენ, ვიდრე შეიძლებოდა ვინმეს წარმოედგინა.

„ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, როდესაც ნატოს წევრმა სახელმწიფომ გადადგა ნატოს საწინააღმდეგო ნაბიჯი. საუბარია, რომ თურქეთი აპირებს შეიყიდოს რუსული სამხედრო შეიარაღება, საუბარია საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე. ასევე, რუსეთმა და თურქეთმა შექმნეს ანტიტერორისტული მოქმედების ცენტრი, შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდეთ საბრძოლო ოპერაციების განხორიელების კუთხით სირიის და ერაყის მიმართულებით.

ეს მაშინ, როდესაც მსგავსი შეთანხმება ჯერ არ არის შემუშავებული ამერიკასა და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს შორის, ეს საკმაოდ სერიოზული ელემენტია. თურქეთსა და ევროკავშირის შორის ვითარება საკმაოდ რთულია, ანალოგიური ვითარება შეიძლება განვითრდეს თურქეთსა და ნატოს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისია.